“ერთმა მეგობარმა, რომლის მეკვლეც ვიყავი, ახალი მანქანა იყიდა, მეორემ ბიზნესი გააფართოვა, მესამემ ბინა იყიდა, მეოთხე გავათხოვე”

მომღერალ ნოდიკო ტატიშვილისთვის დეკემბერი და იანვარი, პროფესიული თვალსაზრისით, წლის ყველაზე დატვირთული დროა. აქედან გამომდინარე, მისი ახალი წელი განსხვავებული და ხშირად ექსტრემალურიცაა. ნოდიკოსთან საუბარი ახალი, საახალწლო სიმღერით დავიწყეთ, რომელიც ახლახან გამოუშვა.

ნოდიკო ტატიშვილი: ამ სიმღერის ჩაწერის იდეა ტელეწამყვან ნიკოლოზ ხაჩიძეს ეკუთვნის, რომელიც ჩემი მეგობარია. ვეძებდი ძველ სიმღერას, რომლის კარგი ახალი ვერსიის გაკეთება იქნებოდა შესაძლებელი და ნიკამ მირჩია, ჯგუფი „ფლეშის“ „ახალი წლის დილა“. ეს სიმღერა დაახლოებით, 25 წლის წინანდელია. მადლობა „ფლეშის“ ბიჭებს, რომ ამ სიმღერის განახლების ნებართვა მომცეს და ბორიკო შხიანს მისი სუპერვერსიის ჩაწერისთვის, რაც „ბრავო რეკორდსში“ მოხდა. კლიპი გადაიღო ჩემმა მეგობარმა და უმაგრესმა რეჟისორმა ნესტან სინჯიკაშვილმა. ლოკაციად კი გარდენია – შევარდნაძის ულამაზესი სივრცე შევარჩიეთ. მადლობა ჩემს მეგობრებს, რომლებიც მასში იღებენ მონაწილეობას. ყველამ ერთად შევქმენით ეს ლამაზი სიმღერა და საოცარი საახალწლო განწყობა, რაც ჩემს მსმენელს ძალიან მოეწონა.

– ძალიან ვარსკვლავური კლიპი გამოვიდა, შემსრულებლიან-მონაწილეებიანად. კლიპში შოუბიზნესის ბევრი ვარსკვლავი მონაწილეობს. რთული არ იყო მათი შეკრება?

– უკვე წინასაახალწლო გადაღებები იყო დაწყებული, როცა ეს კლიპი გადავიღეთ და ყველა დაკავებული იყო, ამიტომ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მათ იმისთვის, რომ ჩემს გვერდით იყვნენ. კიდევ უფრო მეტი მინდოდა ყოფილიყო, ჩვენი სამეგობრო კიდევ უფრო მოცულობითია, მაგრამ მიხარია, რომ არაჩვეულებრივი შოუ-ბიზნეს საზოგადოება შეიკრიბა. მოსვლაცაა და მოსვლაც, ყველა გამოპრანჭული და ულამაზესი მოვიდა გადაღებაზე. ყველაფერმა ერთად, მოგვცა ის შედეგი, რომ მსმენელს ძალიან მოეწონა ახალი ნამუშევარი. კლიპი, გამოსვლიდან მეორე დღეს, „იუთუბის“ რეიტინგში ძალიან დაწინაურდა და კავკასიის რეგიონში, ეს ვიდეო ერთ-ერთი ყველაზე „ნახვადი“ გახდა. მიხარია, რომ საახალწლო ჰიტი მაქვს რეპერტუარში.

– როგორი იქნება წლევანდელი ახალი წელი?

– ძალიან დატვირთული. ნელ-ნელა დაიწყო ახალ სიმღერაზე მუშაობით და ახლა პიკურ მდგომარეობაში ვარ. საიდან-სად დავრბივარ, ვერ გეტყვით. მანქანაში მაქვს გარდერობი და მანქანაშივე ვიკვებები. სულ გადაღებები, ივენთები, ეთერები… რეალურად, ეს ძალიან მაგარი გრაფიკია. ეს უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე პასიური პერიოდი, რადგან სულ მოძრაობაში ვარ და მომწონს. მე ვისურვებდი, რომ წელიწადის ყველა დრო დეკემბერი და იანვარი იყოს.

– აქედან გამომდინარე, ალბათ, ახალი წლის მობრძანებას სახლში იშვიათად ხვდები, არა?

– ბოლო წლების განმავლობაში, ერთადერთხელ შევხვდი ახალ წელს სახლში. ეს იყო 2020 წლის ახალი წელი, პანდემია. ამ წელს ჩემს ახალ ბინაში, მშობლებთან ერთად შევხვდი. ისე, 13-14 წელია, რაც ახალ წელს სახლში არ ვხვდები. სულ იმას ვამბობ, რომ მომღერლისთვის ახალი წლის სახლში შეხვედრა, ცოტა უჩვეულოა. წელს მე და სალომე ბაკურაძე ბორჯომში ვმღერით, პირველში საირმეში მივდივარ, ორში – ბათუმში, შემდეგ – სენაკში, ზუგდიდში, ჭიათურაში, მერეა ამბროლაური, ქუთაისი, კახეთი – მოკლედ, მთელი საქართველო უნდა მოვიარო. ამას ემატება კორპორატიული ღონისძიებები და ძალიან დატვირთული გრაფიკი გამოდის. დღის ბოლოს, სახლში დაღლილი რომ მიდიხარ, მშვიდად გეძინება, იმიტომ რომ, მომღერლებს გვიყვარს ასეთი „ალიაქოთი“.

– ამ სიხარულს ცოტა სენტიმენტები არ ახლავს? ოჯახური დღესასწაულია და ძირითადად, მაინც ყველას სახლში უნდა მისი გატარება, არა?

– როგორც კი 12 საათი დგება, თუ არ ვმღერი, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებს ვურეკავ, შემდეგ მეგობრებს ვულოცავ. ეს ამბავი იმდენად ორგანული გახდა, რომ არც მე და არც ჩემი ოჯახი, ამის გამო დისკომფორტს არ განვიცდით. იციან, რომ ამ პერიოდში ყველაზე მეტს ვმუშაობ, ეს ჩემი სამსახურია. ასე რომ, სევდა არ ახლავს ამ მომენტს. უფრო მეტად გული მაშინ გვწყდება, თუ შობას ვერ ვხვდებით ერთად. ახალ წელს რომ მომღერალი გარეთ ხვდება, ეს იდეალური ვარიანტი მგონია.

– როდის ახერხებ, რომ საახალწლო სუფრას მიუჯდე?

– ფაქტობრივად, ვერ ვახერხებ. ხან სად ვარ, ხან – სად. თუმცა, დედამ იცის, რომ თავისი გაკეთებული საცივი აუცილებლად უნდა შემინახოს. ძალიან მიყვარს და თან, დედა განსაკუთრებულად გემრიელს აკეთებს.

– როგორც ვიცი, ძალიან მაგარი მეკვლე ხარ.

– მართლა კარგი ფეხი მაქვს. მივდივარ მათთან, ვინც ძალიან შინაურია, ძალიან მიყვარს და ყველაფერი საუკეთესო მემეტება მათთვის. ერთმა მეგობარმა, რომლის მეკვლეც ვიყავი, ახალი მანქანა იყიდა, მეორემ ბიზნესი გააფართოვა, მესამემ ბინა იყიდა, მეოთხე გავათხოვე.

– რა ძალას ფლობ ასეთს?

– უბრალოდ, მთელი გულით ვუსურვებ ყველაფერ კარგს. სიტყვას ხომ თავის ენერგია აქვს. მე ძალიან მჯერა მეკვლეობის. თან, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ მოდის შენთან მეკვლედ. ასევე, მჯერა ბარბარობის მეკვლეობის. წელს გვიან მივედი სახლში და იცოდნენ, რომ მანამდე კარი არავისთვის არ უნდა გაეღოთ. მე უნდა დამლოდებოდნენ, რომ პირველი შევსულიყავი სახლში. რამდენიმე წლის წინ, ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომლის მეკვლეც ვიყავი, დამირეკა, სტუმრები აპირებენ მოსვლას და შენ როდის მოხვალო. მე ვუთხარი, 5 საათამდე ვერ მოვალ, სულ კონცერტები მაქვს-მეთქი. მართლა, 31-ში საღამოს 10 საათზე რომ ვიწყებ, დილის 5-მდე ვაგრძელებ და აქეთ-იქით დავრბივარ. მირეკავს 3 საათზე, ბიჭო, მოვიდნენ და გეხვეწები, იქნებ შემოირბინოო. როგორ შევირბენდი, გამორიცხული იყო და მოკლედ, დაახლოებით ორი საათი ალოდინა თავისი მეგობრები, სანამ მე არ მივედი – პირველი შევედი სახლში და მივულოცე ახალი წელი. მერე თავისი მეგობრებიც შემოუშვა (იცინის).

– იმდენს ენდომება მისი მეკვლე იყო, მგონი, რიგი დგას, არა?

– მეგობარი მეუბნება, შენი ფეხი დადე თაბახის ფურცელზე, კალამი შემოავლე გარშემო და მომეცი, რომ სულ მქონდეს სახლში ახალ წელსო (იცინის). მეხუმრება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მართლა კარგი ფეხი მაქვს.

– ზედმეტი კილოგრამები იანვრის ბოლოს, არის ეს ნოდიკოს პრობლემა?

– ეს არის ჩემი ყველაზე სუსტი წერტილი. მიყვარს გემრიელი კერძები, თან ძალიან და ეს თავისას შვრება. გამოსავალი არის სარკეში ჩახედვა და „პირის ამოკერვა“. უცებ ხვდები, რა გიქნია და მაშინვე ყიდულობ ნულპროცენტიან მაწონსა და ხაჭოს, წიწიბურას ხარშავ უცხიმოდ და უმარილოდ და იწყება ყოველდღიური დიეტური რუტინა, რაც ყველაზე მეტად არ მიყვარს, მაგრამ სხვა გზა არ არის. მით უმეტეს, როდესაც ეკრანზე ჩანხარ და ის კი ისედაც მოცულობას ადიდებს, რაც ცალკე მოქმედებს ჩემზე, ვცდილობ, მალევე მოვიდე ფორმაში.

– არაორდინალური ახალი წელი გქონია?

– კი. ერთ-ერთი ქალაქიდან ვბრუნდებოდი, სადაც კონცერტი მქონდა და გზაში შევხვდი ახალ წელს. მანქანაში ვყვიროდი, ჩემს თავს ვულოცავდი, სურვილებს ვუთქვამდი, მუსიკას ვუსმენდი და თამამად ვიტყვი, რომ თბილისამდე კარგი დრო ვატარე (იცინის). 2014 წელს 12-ს 20 წუთი აკლდა, როცა მანქანა მოვიგე, როგორც „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალისტმა. 12 : 10 წუთზე უკვე თბილისის ცენტრალურ საახალწლო კონცერტზე უნდა მემღერა ნუცა ბუზალაძესთან ერთად. მანქანა რომ მოვიგე, ნუცაც იქ იყო, ჩავხტით ამ ჩემს ახალთახალ მანქანაში და წამოვედით მეტეხის ხიდზე, სადაც კონცერტი იმართებოდა. ამ მანქანას სულ ოთხი კილომენტრი ჰქონდა გავლილი მაღაზიიდან „იმედის“ პავილიონამდე, ჯერ კიდევ ცელოფნებში იყო შეფუთული. ნუცა მას ხსნიდა, მე ძლივს დავქოქე, ახალთახალი, საოცარი მანქანა და მოკლედ, მივდივართ, მაგრამ სადღაც ერთ კილომეტრში მიწერს, რომ მხოლოდ ორი კილომეტრის გავლაღა შეგვეძლო, საწვავი გათავდა. არადა, კონცერტზე უნდა მივასწროთ. ახალი წელია, ბენზინგასამართი სადგურები უკვე დაკეტილია და ნუცას ვეუბნები, მგონი, ქუჩაში დავრჩით-მეთქი. ამასობაში, ერთი ბენზინგასამართი სადგური დავინახეთ, რომელსაც დასაკეტად ამზადებდნენ. მივადექით მაშინვე ხვეწნით, არ დაგვღუპოთ, ჩამისხით საწვავი-მეთქი. ძალიან საყვარელი ადამიანი შეგხვდა, მეუბნება: ვაა, ნოდიკო, ახლა გიყურებდი ცეკვებში, საწვავის გარეშე როგორ დაგტოვებო და გამივსო ბაკი. მახსოვს, მეტეხის ხიდთან რომ მივედით, სცენამდე 20 მეტრიღა გვაშორებდა და ვიფიქრეთ, მივალთ, ამოვისუნთქებთ, დავისვენებთ და სცენაზეც გავალთო. ამ დროს კი სცენიდან გვესმის ხმა: „ნოდიკო ტატიშვილი და ნუცა ბუზალაძე“, პროდიუსერი კი გვეუბნება, სასწრაფოდ უნდა გახვიდეთო. ქოშინით ავვარდით სცენაზე და მართლა არ მახსოვს რა ვიმღერეთ (იცინის). ასეთი ექსტრემალური ახალი წლებიც მქონია, ასეთია მომღერლის ცხოვრება (იცინის). ეს ყველაფერი მე მხოლოდ და მხოლოდ მახარებს და ძალიან მომწონს. როცა გიყვარს საქმე, რომელსაც აკეთებ, ეს ყველაფერში გეხმარება, თორემ გასაგებია, რომ, როცა ბევრს შრომობ, იღლები. 15-20 იანვრის შემდეგ ვხვდები ხოლმე, რომ ძალიან დავიღალე ამდენი სირბილით, თან ჩვენი პროფესია ხომ ძალიან ემოციურია, სულ „მოჭიმული“ ხარ და იანვრის ბოლოს ვატყობ, რომ არაფრის თავი აღარ მაქვს. ასეთ დროს თბილი ქვეყნებისკენ ვეშურები, იქ, სადაც მზე და სითბოა. იქ დაახლოებით ერთი კვირა მძინავს, ვიკვებები და პლაჟზე ვწევარ, მეტს არაფერს ვაკეთებ. მთავარია, ძალები აღვიდგინო და იქიდან რომ ვბრუნდბი, გონებაც დასვენებულია და ენერგიაც აღდგენილი.

ასევე იხილეთ