“მიბმული ვიყავი საათობით საწოლის ფეხზე, რომ რამე საშინელება არ ჩამედინა”

როგორ გადაწვა საახალწლო ნაძვის ხე ონისე ონიანმა, რატომ აბამდნენ მას ბავშვობაში საწოლის ფეხზე და როგორია მისი საახალწლო განწყობა, პირადად მისგან გავიგებთ.

ონისე ონიანი: მშვიდი, გემრიელი, ბედნიერი შევხვდი ახალ წელს. ახლისა და კარგის დასაწყისის მოლოდინი მაქვს. ახალი წელი ხომ იმიტომაც გვიხარია, რომ სიახლეების იმედი გვაქვს. მინდა, ყველაფერი კარგად იყოს, მჯერა, რომ ასეც იქნება და კარგი განწყობა მაქვს.

– როგორი იყო ახალი წელი თქვენს ბავშვობაში?

– ვერ ვიტყვი, რომ რამე განსაკუთრებულად შეცვლილია. ისევ ისეთი შემართება და ხალისი მაქვს, როგორიც ბავშვობაში მქონდა. ჩვენს ოჯახში, ისევე როგორც ყველგან, ახალ წელს გამორჩეული მზადება მიდიოდა. 30-31 იანვარს გაცხარებული ფუსფუსი იყო სახლში. მაბედნიერებდა ეს დღეები. მთელი ოჯახი ერთად ვიყავით და ყველაფერი ერთად საოცარ განწყობას ქმნიდა. დღემდე მახსოვს ის შეგრძნებები. რამდენიმე დღის წინ ვიხსენებდი ერთ ისტორიას. დედაჩემმა ააწყო ნაძვის ხე, ძალიან ლამაზად მოკაზმა. მაშინ ამდენი მორთულობა და სათამაშო არ არსებობდა, მაგრამ ულამაზესი შუშის სათამაშოები გვქონდა, რომლისგანაც ერთი-ორი დღემდე შემომრჩა. ბამბებით დათოვლა ტოტები და ხის ძირიც „თოვლით“ დაფარა. ვისაც კომუნისტების პერიოდში გამოუვლია ბავშვობა, გაახსენდება ბამბის თოვლი (იცინის). მე ძალიან მოუსვენარი და ცელქი ბავშვი ვიყავი. ყველასთვის თავსატეხს წარმოვადგენდი. ყურადღება არ უნდა მოედუნებინათ და თვალი არ უნდა მოეცილებინათ ჩემთვის. ალბათ, ყველამ იცის პატარა, ხელში დასაჭერი შუშხუნები. როგორც ჩანს, თვალი მომაცილეს და ავიღე ეს შუშხუნები, ავანთე და ნაძვის ხის ძირში ბამბას მივადე. რა მოხდა შემდეგ? – მთელი ნაძვის ხე გადავწვი. ნაძვის ხეს ვინღა ჩიოდა, კინაღამ სახლი დაიწვა. ყველა მე დამდევდა და ვისაც არ ეზარებოდა, მცემდა (იცინის).

– დიდი ზარალი მიგიყენებიათ ოჯახისთვის.

– კი, მაგრამ საბედნიეროდ, სახლი გადაარჩინეს. მერე მე მომარიდეს იქაურობას (იცინის). იმ წელიწადს დიდი ნაძვის ხე აღარ გვქონდა. მხოლოდ ერთი ტოტითღა შემოვიფარგლეთ. ლამის ის ტოტიც თავში მირტყეს (იცინის). წარმოგიდგენიათ, ყველა რა დღეში ჩავარდებოდა?! მამა ჩავიდა და ეს ნაძვის ტოტიც ძლივს მოჭრა სადღაც და კამფეტებით მოვრთეთ.

– მშობლები თქვენთან განსაკუთრებული ყურადღებით იყვნენ, ალბათ, მით უმეტეს, როცა საქმე ასაფეთქებლებს ეხებოდა…

– განსაკუთრებული ყურადღებით კი არ იყვნენ, მე მიბმული ვიყავი საათობით საწოლის ფეხზე, რომ რამე საშინელება არ ჩამედინა. მაგრამ მაშინ ამდენი ასაფეთქებელი საშუალება არ იყო და ბუნებრივია, ამ მხრივ შეზღუდულები ვიყავით. ახლაც რომ არ ხდებოდეს პიროტექნიკის უკონტროლოდ გამოყენება, ძალიან კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ, ყველასთვის ძალიან საზიანოა.

– თოვლის ბაბუას რას სთხოვდით და სურვილის ასრულების მიზნით, კარგად თუ იქცეოდით?

– ჩვენთან თოვლის ბაბუას მოჰქონდა საახალწლო მოსაწვევი. წახვიდოდი და ამ მოსაწვევით მიიღებდი პატარა კალათას, რომელიც ტკბილეულით იყო სავსე. ტრადიცია, რომ ახალ წელს ოჯახის ყველა წევრმა ერთმანეთს საჩუქრები უნდა აჩუქოს, მაშინ ნაკლებად იყო.

– ახლა თუ ანებივრებთ ოჯახის წევრები ერთმანეთს საჩუქრებით?

– ახლა, რა თქმა უნდა. ახლა უკვე გვაქვს ამის ტრადიცია ჩვენს ოჯახში. როდესაც ახალი წელი მობრძანდება, მეკვლედ ჩემი შვილი შემოდის, შემდეგ ერთმანეთს საჩუქრებს ვაძლევთ. ეს ძალიან სასიამოვნო მომენტია. ყველას განსაკუთრებული მოლოდინი აქვს და ეს ბედნიერებას გვანიჭებს. თუ სტუმარს ველოდებით, რომელიც ახალ წელს ჩვენთან ხვდება, მასზეც ვზრუნავთ. იყო პერიოდი, როცა ჩვენ ჭოლას სახლში ვცხოვრობდით, ლევანთან და მანანასთან. ძალიან ბევრნი ვიყავით, ისინი სამნი, ჩვენ ოთხნი. ყველას გვქონდა საჩუქრები ერთმანეთისთვის და მიდიოდა გაცვლა-გამოცვლა. თითოეული ჩვენგანი ჩუქნიდა ყველას და წარმოიდგინეთ, რამდენი ფერადი ფურცელი დაიყრებოდა ოთახში და როგორი ხალისი იქნებოდა (იცინის).

– დაუგეგმავი და ცოტა ქაოსური ახალი წელი გქონიათ?

– ძალიან ხშირად სახლში ვერ ვხვდებოდი. ისეც მომხდარა, რომ ახალ წელს აქეთ-იქით დავრბოდი, რადგან რამდენიმე ადგილას მიმყავდა საახალწლო საღამო. ამიტომ, ყოველთვის მიხარია, როცა სახლში ვარ, ოჯახთან ერთად. სანამ ოჯახს შევქმნიდი, მარტო ვცხოვრობდი და სანამ 12 საათი არ გახდებოდა, მეგობრებთან არ მივდიოდი შეკრებაზე. ერთხელ ისე მოხდა, რომ მე და დიდმა შავმა ბუზმა გავატარეთ ერთად ახალი წელი. მოსაკლავად დავდევდი ამ ბუზს და ძალიან მეცინებოდა. ხალხი რას აღარ აკეთებს ახალი წლის დადგომისას და მე ბუზს დავდევდი (იცინის). არ ვიცი, საიდან მოფრინდა 31 დეკემბერს ეს ნამყენი ბუზი. სხვათა შორის, კარგ ფეხზე თუ კარგი ფრთებით შემოფრინდა, იმ წელს დავოჯახდი (იცინის). უფრო მეტიც, ძალიან მალე – 29 იანვარს. თუმცა, მისი სიცოცხლე შეეწირა ამ დევნას (იცინის).

– საახალწლო სუფრა გამორჩეული გაქვთ?

– საცივი და გოზინაყი აუცილებლად უნდა გაკეთდეს. სტუმრები რომ მოდიან, ვაგემოვნებინებთ და ვბედნიერდებით, თუ მოსწონთ. საახალწლო სუფრისთვის მართლა მთელი რუდუნებით ვემზადებით. ვცდილობთ, ისეთი კერძები გავაკეთოთ, რომელიც ოჯახში ყველას გვიყვარს. თან, მაღალ ხარსხში ვამზადებთ, ისეთი გემო უნდა ჰქონდეს, რომ ყველას მოეწონოს.

– პირადად თქვენი წვლილი როგორია ამ პროცესში?

– მთლიანად, ასი პროცენტით. ვცდილობ, საცივიც მე გავაკეთო, გოზინაყიც და ოჯახი გავანებივრო. ჩემმა მეუღლემ ასე მიწოდა – შენა ხარ ჩემი მონაპოვარიო. მე გადავთარგმნე, ესე იგი, მონაცა ვარ და პოვარიც-მეთქი (იცინის).

– 2022 როგორი იყო ონისე ონიანისთვის?

– ძალიან საინტერესო, რადგან ამ წელს დავიწყე წამყვანად მუშაობა ტელევიზიაში, ვითამაშე ბევრი პრემიერა, მივიღე საინტერესო ცხოვრებისეული გამოცდილებები. საერთო ჯამში, კარგი გამოვიდა, მაგრამ ემოციური და მძიმეც, რადგან დედა ჩემ გვერდით აღარ იყო. როდესაც ჩემს ცხოვრებაში ეს ყველაფერი ხდებოდა, დედა ახალი წასული იყო კოვიდის გამო. არადა, ძალიან მინდოდა, მასაც ენახა ჩემი ეს სიხარული. ეს ტკივილი არასდროს გაუფერულდება, მაგრამ პირველი წელი დედის გარეშე, განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, მადლიერი ვარ იმ კარგი სიახლეების გამო, რაც ამ წელმა მომიტანა და მომავალი წლისთვის ვისურვებდი, ადამიანებს უფრო მეტად შეგვიყვარდეს ერთმანეთი.

ასევე იხილეთ