“80-თეთრიან ლობიანს ვჭამდი, ნინი პირველად რომ შემხვდა და ყველაფერი დამავიწყა”

იუმორისტ გიორგი გაბუნიას ცხოვრებაში ნამდვილი ჰარმონიაა, თანაბრად აქვს მოწესრიგებული როგორც კარიერა, ასევე პირადიც. ოჯახი რამდენიმე თვის წინ შექმნა ნინი ფუტკარაძესთან და მშობლიურ ქუთაისში მასშტაბური ქორწილიც გადაიხადა. ახლა ის უკვე ქმრის, მეოჯახე კაცის ამპლუაშია და როგორ ართმევს თავს ამ ახალ სტატუსს, ამაზე ,,სარკეს” თავად უყვება:

– ძალიან კარგი რამ არის, როდესაც სახლში საყვარელი ადამიანი გელოდება. ეს ყოფილა ძალიან კარგი შეგრძნება. ნამდვილად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ოჯახი, შემდეგ კი – შვილები, მათი აღზრდა და ა.შ.

– ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე რა აღმოჩენები გააკეთეთ, რა გამოწვევების წინაშე დადექით, რაზეც მანამდე წარმოდგენა არ გქონდათ?

– გამოწვევები ის არის, რომ უკვე არა მარტო საკუთარ თავზე ხარ პასუხისმგებელი, მინიმუმი, შენთვის ძალიან საყვარელი ერთი ადამიანი მოგემატა. შემდეგ კი, მომავალში, ეს პასუხისმგებლობა შვილებზე გადანაწილდება, მაგრამ ეს შეგრძნებები ჯერ არ მაქვს, რადგან არ მყავს შვილი. როცა მეყოლება, მერე სხვანაირად გავცემ ამ შეკითხვას პასუხს. მეტი დაკვირვება, მეტი მოკრძალება, თავისუფალი დროის განაწილება არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ მეორე ნახევარზე და ა.შ. ეს არის, მოკლედ, ის გამოწვევები, რაც ოჯახის შექმნას ახლავს თან.

– მოდით, გაიხსენეთ თქვენი და ნინის გაცნობის ამბავი.

– ჩვენი მშობლები იყვნენ კლასელები და ბავშვობიდან მახსოვდა ნინი, თუმცა დიდი ხანი არ მყავდა ნანახი და შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან. ალბათ, მინიმუმი, 15 წელი არ მეყოლებოდა ნანახი. ზუსტად მახსოვს, 80-თეთრიან ლობიანს ვჭამდი, მაგ დროს შემხვდა და მაშინვე დამავიწყდა ლობიანიც და ყველაფერი. შემდეგ კი დაიწყო და დაიწყო ურთიერთობა.

– ნინის როგორი დამოკიდებულება აქვს იუმორთან?

– საკმაოდ კარგი იუმორის გრძნობა აქვს, თუმცა ჩემი მეგობრების იუმორზე უფრო ეცინება, ვიდრე ჩემსაზე. ალბათ იმიტომ, რომ უფრო კრიტიკულია ჩემ მიმართ. აქვს სპეციფიკური იუმორი და დავცინით ხოლმე ერთმანეთს. ის მეუბნება, შენ ნომერი პირველი ხარო და მე ვეუბნები, ერთი შენ მიგყავს “ღამის შოუ” და შენ იცი, რა არის იუმორი და მე – არა-მეთქი. მოკლედ, ძალიან ვხალისობთ. თავშეკავებული იუმორით გამოირჩევა და ამ მხრივ განვსხვავდებით.

– ქუთაისელ კაცს ქუთაისზე აუცილებლად უნდა გკითხოთ: რას ნიშნავს თქვენთვის ეს ქალაქი?

–  ეს ქალაქი არის ჩემთვის უმთავრესი, ჩემი შინაგანი სამყარო, განწყობები და ალბათ ყველაფერი. ქუთაისს კი ,,მუღამსძძ და პეწს სძენენ აქ მცხოვრები ადამიანები, ამიტომ ვეტყვი მათ, რომ ძალიან მიყვარს ისინი. გაბუს ქუთაისი და ქუთაისის გაბუ!

ასევე იხილეთ