როგორ დაძლია სიმორცხვე ნათია მელაძემ და რისი არიდება უნდა მას საკუთარი შვილისთვის

მსახიობი ნათია მელაძე სერიალში „სიყვარულს მიღმა“ „კასპერას“ შეყვარებულის – ირინას როლს ასრულებს. ირინას ჰყავს ქმარი, რომელიც ავარიის შედეგად ლოგინს მიეჯაჭვა და მძიმე მდგომარეობაშია. მის ცხოვრებაში კი ჩნდება „კასპერა“ და მათ ერთმანეთი უყვარდებათ. მდგომარეობა მარტივი არაა, სწორისა და არასწორის განსაზღვრაც რთულია, ამიტომ ირინას პერსონაჟმა მაყურებელში ორაზროვანი დამოკიდებულება გამოიწვია.

ნათია მელაძე: ამ სერიალის შემოქმედებით ჯგუფთან ეს ჩემი პირველი კავშირი არ არის. აქამდეც გვითანამშრომლია, მიცნობდნენ და აქედან გამომდინარე, დამიკავშირდნენ და ეს კონკრეტულ როლი შემომთავაზეს. თუმცა, როგორ განვითარდება მოვლენები ჩემი პერსონაჟის გარშემო, ეს წინასწარ არ ვიცით. ჩემი პერსონაჟის – ირინას საქციელს არ ვამართლებ, მაგრამ ვალდებული ვარ, მისი კარგი მხარეებიც წარმოვაჩინო. მსახიობები მაინც სუბიექტურები ვართ ჩვენს გმირებთან მიმართებაში. მაყურებელებშიც ზოგი გმობს ღალატს, ზოგი ცდილობს მის გაგებას – სხვადასხვანაირი შეფასებებია. ღალატს არც მე მივესალმები, მაგრამ აქ მარტო ღალატი არ არის, კიდევ ბევრი მომენტია, რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი ტყუილი ჩვენს საყვარელ ადამიანებს აზარალებს და ამიტომ ასე არ უნდა მოვიქცეთ.

– როგორ მოიქცეოდა ნათია საკუთარი პერსონაჟის ადგილას?

– მე რომ ასეთ მდგომარეობაში ჩავვარდნილიყავი, რომ მყოლოდა ქმარი, რომელიც ჩემს გამო მოყვა ავარიაში და შემდეგ ეს სიტუაციაა… რთულია, მაგრამ ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე, ტყუილზე არ ავაგებდი ურთიერთობას. ტყუილზე აგებული ურთიერთობის მომხრე არ ვარ. გარემოებები სხვადასხვანაირია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ ახალი ურთიერთობის დაწყება გინდა, ჯერ ძველი უნდა დაასრულო. მე ასეთ მდგომარეობაში თავს არ ჩავიგდებდი. თუმცა, არავინ იცის, საქმე საქმეზე რომ მიდგება, როგორ მოიქცევა.

– როგორი იყო თქვენი, როგორც მსახიობის პირველი ნაბიჯები?

– რთული, ეს პროფესია გარკვეულ მსხვერპლს მოითხოვს. ყველგან ვერ წახვალ, ვერ გაერთობი მაშინ, როცა გინდა. ეს საქმე დიდ დროსა და ბევრ შრომას საჭიროებს. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ განწყობაზე ხარ, შენი საქმე უნდა გააკეთო და ასე შემდეგ. ოჯახის წევრებსაც კი აკლებ ყურადღებას. შეიძლება, ვერ იყო შენი ახლობლის გვერდით, როცა მას ძალიან სჭირდები, რადგან ზუსტად იმ მომენტში, ამ საქმით ხარ დაკავებული. არაერთხელ მომხდარა ისე, რომ ჩემს შვილს უნდოდა, მის გვერდით ვყოფილიყავი, მაგრამ ვერ მომიხერხებია – ეს ძალიან მტკივნეულია. თუმცა, მშობლები ძალიან მეხმარებოდნენ. ახლა დედა მეხმარება და ჩემი შვილი, რომელიც 14 წლისაა, ძირითადად, მასთანაა.

– მსახიობობა როდის გადაწყვიტეთ?

– დაახლოებით, 9 წლის ვიყავი. შეიძლება, ითქვას, რომ ათი წლის ასაკიდან სცენაზე ვდგავარ. მორცხვი გახლდით, მაგრამ რატომღაც, ისტერიულად მოვითხოვე, რომ თეატრალურ სტუდიაში მივეყვანე. უმეტესწილად ამ სტუდიამ განსაზღვრა ჩემი მომავალი. იქ „მოვიწამლე“. ცეკვა, სიმღერა, სცენა – ყველაფერი ერთად იყო და ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, ჩემი თავი ვიპოვე. როცა ვაბარებდი, მაშინ ეს პროფესია ასეთი პოპულარული არ იყო, მაგრამ მე ვიცოდი, რაც მინდოდა და სხვას არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. მშობლები ფიქრობდნენ, რომ ნაკლებპერსპექტიული გზა ავირჩიე. მამა ცოტა წინააღმდეგიც იყო, მაგრამ თეატრალურში რომ ჩავაბარე, მალე მოწინააღმდეგეებიდან გულშემატკივრებში გადაინაცვლა (იცინის).

– თეატრალურის დასრულების შემდეგ როგორ აეწყვეთ?

– თეატრალურის დასრულების შემდეგ მალე გავთხოვდი და ბავშვი გავაჩინე. ამ პერიოდში უმნიშვნელო, ეპიზოდური როლები მქონდა. ძირითადად, ჩემი შვილის აღზრდით ვიყავი დაკავებული. ამის შემდეგ გორის თეატრიდან მივიღე შემოთავაზება და აქედან დაიწყო ჩემი მსახიობობა. შემდეგ რამდენიმე თეატრის დასი გამოვიარე და რუსთავის თეატრამდე მოვედი. მე რუსთავში დავიბადე და გავიზარდე და მიხარია, რომ მშობლიური ქალაქის თეატრში ვმოღვაწეობ.

– მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე თუ აღმოჩენილხართ?

– ბევრი, ბევრი სირთულე იყო და ზუსტად, ამ სირთულეებმა გამაძლიერა. მაგალითად, რთულად გადავიტანე ქმართან დაშორება. თუმცა, ჩემი საოცარი მშობლების წყალობით ძალიან არ გამჭირვებია. ყველაზე მაგარი ის იყო, რომ იმ დროსაც ჩემი საქმით ვიყავი დაკავებული, თან, ძალიან აქტიურად და საყვარელ საქმეში თავით გადაშვებაც ძალიან დამეხმარა.

– შვილისთვისაც არ იქნებოდა მარტივი…

– სადაც მშობლები არ არიან ბედნიერები, იქ ბავშვიც ვერ იქნება ბედნიერი, მაგრამ სხვას არაფერი არ უნდა დავაბრალოთ. არც არაფერი უნდა მოვითმინოთ, უბრალოდ, უნდა დავიშალოთ. არაჯანსაღ გარემოში არცერთმა ბავშვმა არ უნდა იცხოვროს. მთავარია, გარემო იყოს ლაღი და ბედნიერი და არ აქვს მნიშვნელობა იმ გარემოში დედა და მამა ერთად იქნებიან თუ არა.

 მეორედ ოჯახის შექმნაზე აღარ გიფიქრიათ?

– არ ვიცი, თუ ამაზე ვინმე სერიოზულად დამაფიქრებს. ასეთი გადაწყვეტილების მიღება მერე უფრო რთულდება – მე ასე მგონია. ძალიან ბევრს ვფიქრობ. ალბათ, შესაბამისი ადამიანია საჭირო იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიმაღებინოს.

– შვილთან თუ გაქვთ ამაზე საუბარი, ხომ არ უჭირს დედის სხვასთან გაზიარება?

– არა მგონია. ელენეს, პირიქით, გაუხარდება (იცინის). გვისაუბრია მსგავს თემაზე და აქედან გამომდინარე, ვიცი, რომ არ ექნება ცუდი რეაქცია.

– ელენეს არ უნდა მსახიობობა?

– კი, უკვე გამოთქვა სურვილი, მაგრამ პირადად მე არ მინდა, რომ ამ საქმეს გაჰყვეს. სხვაზე დამოკიდებული პროფესიაა, რომელსაც ახლავს უდროობა, ბევრი მსხვერპლი, გულისტკენა და იმედგაცრუება. მინდა, ეს ავარიდო, მინდა, ამისგან დავიცვა, მაგრამ თუ გადაწყვეტს, მე ხელს არ შევუშლი, პირიქით, ყველანაირად დავუდგები გვერდში. მონაცემები აქვს და ვნახოთ.

– ცოტა ხნის წინ, საამაყო ჯილდო მიიღეთ…

– ეს არის ყოველწლიური დაჯილდოება, რომელზედაც მე მერგო ჯილდო ნომინაციაში – „ქალის საუკეთესო ეპიზოდური როლის შემსრულებელი“, რუსთავის თეატრის სპექტაკლში – „მიმძიმს ამაზე საუბარი“, შესრულებული როლისთვის. ჩემთვის მართლა ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო ჯილდო იყო, რომელიც კიდევ ერთი სტიმულია ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის.

ასევე იხილეთ