„აქამდე ინსტიქტურად ვმუშაობდი, ნამუშევრები პროვოკაციულად იყო აღქმული.. ახლა ჩემი მუშაობის მეთოდი შეიცვლება“

 5 მარტს, პარიზის მოდის კვირეულზე 3 თვიანი პაუზის შემდეგ, დემნა ბალენსიაგას 2023 წლის შემოდგომა-ზამთრის შოუთი დაბრუნდება.

ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც ამერიკულ Vogue-თან, ბალენსიაგას გახმაურებულ სკანდალს ეხებოდა დემნა აღნიშნავდა, რომ Balenciaga-ს მთელი ოჯახი პრობლემის წინაშე დადგა.

„ვიცი, რომ მოდის სახლის ბევრი თანამშრომელი იტანჯება შექმნილი ვითარებით. ისიც ვიცი, რომ ეს მტკივნეული იყო არაერთი ადამიანისთვის, რომელსაც ბრენდი უყვარს. ამ გამოცდილებამ მაიძულა ბევრი რამისთვის გადამეხედა – როგორ ვმუშაობთ, ვქმნით, ვამყარებთ კომუნიკაციას ვიზუალური გამოსახულებების საშუალებით, ვახდენთ ინტეგრაციას აუდიტორიასთან და როგორ ვსწავლობთ დაშვებული შეცდომებიდან და მივიწევთ წინ.

ყოველთვის მჯეროდა, რომ ცხოვრებისეულმა სირთულეებმა გამზარდა და განმავითარა, ეს კი ყველაზე დიდი სირთულე აღმოჩნდა. გასული წლის დეკემბერი უმეტესად ჭრას და კერვას დავუთმე. ისევ იქ დავბრუნდი, საიდანაც დავიწყე. თავი შევაფარე იმას, რისი კეთებაც მიყვარს. მივხვდი, რომ ეს ძალიან მომენატრა და თავს ბედნიერად მაგრძნობინებს. დეკემბრიდან ბევრი იდეა მარტის ჩვენებაზე იქნება წარმოდგენილი.

მე, როგორც კრეატიული დირექტორი, ამიერიდან ყველაფერს თვალსაწიერში ვიქონიებ. აქამდე უფრო ინსტიქტურად ვმუშაობდი, ვაკეთებდი რაღაცას, რაც შეიძლებოდა პროვოკაციულად ყოფილიყო აღქმული მხოლოდ იმიტომ, რომ ის სახალისოდ მიმაჩნდა. ახლა ჩემი მუშაობის მეთოდი შეიცვლება“, – ამბობს დემნა გვასალია.

ასევე იხილეთ