“დედამთილი ცოტა ისე ჟღერს, ყოველთვის მის მხარეს ვარ და ჩემს შვილს ვეჯაჯღანები”

როგორ შეცვალა „პრაიმ ჰაუსში“ მონაწილეობამ ლენუკა ყიფშიძის ცხოვრება, რა სირთულეებთან მოუხდა გამკლავება და რამ მოუტანა დიდი ბედნიერება, ამას მისგან შევიტყობთ.

ლენუკა ყიფშიძე: „პრაიმ ჰაუსმა“ უდიდესი აუდიტორიის სიყვარული მომიტანა და ეს ჩემთვის მთავარია. მიზანი ყველასთვის გამარჯვება იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ადამიანობა შევინარჩუნე და ბევრს გავაცანი საკუთარი თავი. ადრე მიცნობდნენ, როგორც ზურას შვილს, ახლა პირადადაც გამიცნეს და მათგან იმხელა სიყვარული ვიგრძენი, წლების სიცოცხლე მომემატა. ხალხის სიყვარულმა მიმიყვანა ნახევარფინალამდე. გაჩნდა მოთხოვნა, მეტად გამოვჩნდე, რეკლამებზეც მივიღე შემოთავაზება და ვნახოთ.

– თუმცა, დასაწყისში დიდი ნეგატივი წამოვიდა. თითქოს გაუჭირდათ ლენუკას ამ პროექტში მიღება. რატომ მოხდა ასე და მაშინ როგორ გრძნობდი თავს?

– ამისთვისაც მზად ვიყავი. რეალითი შოუში რომ შედიხარ, უნდა იცოდე, რომ აგრესიაც წამოვა და სიძულვილიც. ყველასთვის კარგი ვერ იქნები, ეს გამორიცხულია. შეიძლება, ვიღაცას არ მოეწონა ჩემი საქციელი, უზრდელი და აგრესიული მოვეჩვენე.

– კი, დასაწყისში ხშირად მესმოდა, ზურა ყიფშიძის შვილი ასეთ სიტყვებს როგორ უნდა ამბობდესო…

– კი, იყო ასე და მეცინება, ერთი-ორჯერ უწმაწური სიტყვა ვთქვი და ეს ასე გამოჩნდა. იქ ძალიან ბევრი გოგო იგინებოდა და მათი რატომ არ ახსოვთ, მიკვირს. პირველი ორი კვირა სულ ჩხუბი იყო და თუ დააკვირდებით, მე ძალიან დაბალანსებული ვიყავი. ერთადერთხელ ავფეთქდი და შევიგინე. გეყოფათ, რა გახდა ამდენი ჩხუბი-მეთქი და მარტო ეგ გინება დაინახეს, სხვების არ ჩანდა. ყველაფერს ცივი გონებით ვუყურებ. ეგეც კარგია, მარტო დადებითი ხომ არ იქნებოდა, ბალანსი უნდა ყოფილიყო. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ არ იმოქმედა. ძალიან ემოციური ვარ, ეს ჩემს ოჯახში გენეტიკური ამბავია, ყიფშიძეების სენია ის, რომ ყველაფერი გულთან მიგვაქვს, თუმცა მაინც ვიტყვი, რომ მე ამისთვისაც მზად ვიყავი. „პრაიმ ჰაუსში“ შესვლამდე, მერიაში ვმუშაობდი. შევაჩერე კონტრაქტი და პროექტში შევედი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველაფერი გააზრებული მქონდა. იმედია, გავაგრძელებ მუშაობას, თუმცა, ეს ნაბიჯი იმიტომ გადავდგი, რომ მინდოდა ჩემი თავი ამ ასაკში გამომეცადა. სხვათა შორის, ჩემი ასაკიც ბულინგის თემა იყო ჩემ მიმართ და ძალიან ვამაყობ, რადგან პლუს 35 წლის ასაკის ძალიან ბევრი ქალის მხარდაჭერა მივიღე. სტერეოტიპები დავარღვიე. შევძელი მეჩვენებინა, რომ ქალს როგორც 20-25 წლის ასაკში, ისე 35-40 წლის ასაკში შეუძლია, გაერთოს, გათხოვდეს, შვილები გააჩინოს და ასე შემდეგ. ამ ასაკის ძალიან ბევრი ქალი მწერდა, რომ ახლა ქმნიდა ოჯახს და დიდი სტიმული მივეცი. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მე ძალიან ამაყად შევედი ამ პროექტში. ჩემთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია. შინაგანად ყოველთვის 25 წლის ვარ. იქაც ყველასთან დავმეგობრდი. კომუნიკაცია არცერთი ასაკის წარმომადგენელთან არ მიჭირს. ამიტომ, როდესაც პროექტში მონაწილეობა შემომთავაზეს, ძალიან თამამად მივიღე გადაწყვეტილება. პირველ რიგში, ჩემს შვილს ვკითხე აზრი. მისგან რომ თანხმობა მივიღე, გადავდგი კიდეც ეს ნაბიჯი. მას რომ ეთქვა, არ გინდა, დედა, არ წახვიდეო, უარს ვიტყოდი, რადგან მისი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

– ზურამ როგორ მიიღო ეს ამბავი?

– საერთოდ არ უნდოდა, არ სიამოვნებდა. მამაჩემი ძალიან ეჭვიანია ჩემ მიმართ. ჩვენ სულ ვკამათობთ, მერე ვრიგდებით და მოკლედ, განსხვავებული ურთიერთობა გვაქვს. არ უნდოდა დედაჩემსაც, მაგრამ პატივი სცეს ჩემს გადაწყვეტილებას. რომ ვთქვი, პირველ რიგში, ჩემს შვილს ვკითხე და ის დამთანხმდა-მეთქი, მათაც მიიღეს.

– რა იყო მათი ამ დამოკიდებულების მიზეზი?

– რეალითი შოუში ბევრი არასასიამოვნო რამ ხდება, კამათი, სკანდალები და ასე შემდეგ. მე არ ვარ კონფლიქტური ტიპი. სულ ორ ადამიანთან მქონდა კამათი. საერთოდ, არ მიყვარს ადამიანებთან ჩხუბი და ყოველთვის ვცდილობდი, ზედმეტად არ ჩავრეულიყავი, რომ არ სწყენოდათ. ვფიქრობ, ამან ცოტა დამაბრკოლა კიდეც, თუმცა, ბევრი რამ დავინახე, უფრო გავძლიერდი, გამოცდები გავიარე, ჩემი თავი უკეთ გავიცანი, მივხვდი, რომ ბევრი რამ შემძლებია. ახლა ცოტა რთული პერიოდი მაქვს, არაფერი არ მინდა, ადაპტაციას გავდივარ. მხოლოდ მეგობრებთან ერთად თუ გავალ სადმე, დასვენება და სულიერი სიმშვიდე მჭირდება. ყველგან სიმშვიდეს ვეძებ. გადავიღალე ძალიან, შინაგანად გადამწვარი ვარ. ოჯახშიც კი ზედმეტად არ მაწუხებენ, იციან, რომ დასვენება მჭირდება (იცინის).

– მინდოდა, მე გავეცანი ხალხსო. იგრძენი, რომ მხოლოდ ზურას შვილად აღარ გიცნობენ?

– მე მთელი ცხოვრება ზურა ყიფშიძის შვილი ვიქნები – ამით ძალიან ვამაყობ. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ოჯახში დავიბადე, ბებია, მამა, დედა – ყველას გამო ბედნიერი ვარ, მაგრამ ცალკე რომ გამიცნეს, ესეც ძალიან მიხარია. რატომაც არა!?

– შვილი ვახსენეთ და ბოლო პერიოდში ხშირად მხვდება ნიუსები იმის შესახებ, რომ როგორი სიმპათიური შვილი გყავს, ზურასაც ამსგავსებენ – როგორი ბიჭია?

– ნიკუშა 21 წლის არის. ჩემთვის ცოტა რთულია მასზე საუბარი, მაგრამ სხვების ნათქვამს გავიმეორებ. პროექტშიც ყველა გიჟდებოდა ნიკუშაზე და მაგიდაზე ვაკაკუნებდი, თვალი არ ეცეს-მეთქი (იცინის). მე რაც ვერ შევძელი ცხოვრებაში, მან ყველაფერი შეიძლო. ენები ისწავლა, სპორტითაა დაკავებული. კარგი ადამიანია, ზრდილობიანი. არც უფროსის პატივისცემა ეშლება და არც უმცროსის. არ აინტერესებს არც სასმელი, არც „წამალი“, ჯანსაღად ცხოვრობს და კარგად სწავლობს. სამსახური დამოუკდიებლად იშოვა და მუშაობს. ურთიერთობაში ოქროს შუალედი გვაქვს. ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ. შეიძლება, რამე ჩემს მეგობარს არ ვუთხრა, მაგრამ ჩემს შვილს ვეუბნები. იმდენად ახლობელი ადამიანია ჩემთვის, ძმაკაცურად გამიგებს, მე ეს ვიცი. უბედნიერესი ვარ, რომ ღმერთმა ასეთი შვილი მაჩუქა. არ მეგულება ადამიანი, ვინც ნიკუშაზე ცუდს მეტყვის. ყველა აქებს: ეს რა ბიჭია, ეს რა შვილი გყავსო და წარმოგიდგენიათ, ეს ჩემთვის რამხელა ბედნიერებაა?! ნუ, ვიზუალიც კარგი აქვს, ტანიც. ოთახიდან რომ გამოდის, მე და მამაჩემი ვეხუმრებით ხოლმე, რა იყო, ამ ათლეტური ტანით ასე რომ გამოდიხარო (იცინის). თან, კალათბურთელია და ბევრს ვარჯიშობს. ზოგჯერ, ღამის 4 საათზე ადგება, დარბაზში უნდა ვივარჯიშოო და გული მისკდება ხოლმე – სახლში როდის მოხვალ-მეთქი (იცინის).

– მის თაყვანისმცემელ ან მეგობარ გოგონასთან თუ ურთიერთობ?

– რა თქმა უნდა, თაყვანისმცემელი გოგონებიც არიან, მაგრამ გვერდით საოცარი მეგობარი გოგო ჰყავს, ვგიჟდები მასზე. ულამაზესი და უკარგესი ადამიანია. ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა ინატროს ეგეთი ადამიანი. მე მინდა, რომ ჩემი სარძლო გახდეს (იცინის).

 დედამთილი ლენუკა როგორ წარმოგიდგენია?

– ჩვენ ფანტასტიკური ურთიერთობა გვაქვს. დედამთილი ცოტა ისე ჟღერს… ასეთი ვერ ვიქნები, მე ვიქნები მეგობარი. ყოველთვის მის მხარეს ვარ და ჩემს შვილს ვეჯაჯღანები. ქალი ვარ და რა თქმა უნდა, ქალის პოზიციას დავიცავ. ვერასდროს ვიქნები დედამთილი. შეიძლება, ნიკუშას მეგობარს ჩემი მხრიდან არ მოეწონოს რამე, მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობ, არ ვაწყენინო. საერთოდ, არ მიყვარს სხვების ურთიერთობაში ჩარევა. მესამე პირი ყოველთვის ზედმეტია. რამე რომც არ მესიამოვნოს, ჩემში ჩავკლავ და ყოველთვის მათ ბედნიერებას შევუწყობ ხელს. მხოლოდ რჩევას მივცემ, დანარჩენი მათი პირადია და მათი გადასაწყვეტი.

– ანუ, ეჭვიანი და ეგოისტი დედა არ ხარ.

– არა, არანაირად. მე ჩემი შვილისგან იმხელა სიყვარულსა და ყურადღებას ვიღებ, დარწმუნებული ვარ, მასზე ეჭვიანობის მიზეზი არასდროს მექნება და საერთოდ ვერ ვიტან ეგეთ რამეებს.

– შვილი რომ უკვე ამხელა ბიჭია, ამ დროს ლენუკა თუ განიცდის ასაკის მატებას?

– არა, ჯვარი მწერია, ღმერთმა დამიფაროს! მე, უბრალოდ, მიყვარს თავის მოვლა, თუმცა არა გადაჭარბებულად. მომწონს, როცა ქალი კარგად გამოიყურება, რომ შემოგხედავენ და იტყვიან, რა კარგ ფორმაშია 40 წლის ასაკშიო. ამიტომ საკუთარ თავთან ვმუშაობ. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე თვეა, როგორც მინდა, ისე ვეღარ ვვარჯიშობ, მაგრამ ამასაც აუცილებლად მოვაბამ თავს. რაც 40 წლის გავხდი, იცით, როგორი „ჟილკა“ მაქვს, მინდა, ჩემს ცხოვრებაში მეტი იდეალურობა შემოვიტანო, ჩემს განვითარებაზე ვიმუშაო, მეტი ინფორმაცია მივიღო, მეტი განათლება, რაღაცები გავიხსენო, მეტი წავიკითხო, ენა ვისწავლო კარგად. ძალიან მოტივირებული ვარ. მინდა, ძალიან ცოტა დრო მჭირდება ამისთვის, პროექტის შემდეგ რაღაც დრომ გაიაროს, გამოვიდეს ეს ყველაფერი ჩემი გონებიდან და მერე მეტად დავანახვებ ხალხს, რომ ქალს მეტი და მეტი შეუძლია და რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. მინდა, ქალებისთვის კარგი მაგალითი ვიყო და მათ ვუბიძგო, რომ ერთ ადგილას არ უნდა გაჩერდნენ. მთავარია, მიზანი დაისახო და მოინდომო მისი მიღწევა. თუმცა, ახლა ცოტა ხანი შეჩერებული ვარ, მე ეს ძალების აღსადგენად მჭირდება. ცოტა ხანი არ მინდა, გამოვჩნდე, მაგრამ მალე „მოვიქოქები“, პირობას გაძლევთ (იცინის).

– რამდენად ღია ხარ პირადი ურთიერთობებისთვის?

– ჯერჯერობით პირადი ურთიერთობა მიჭირს, მართალი რომ ვთქვა. თითქოს, დავიწყესავით, მაგრამ მივხვდი, რომ მზად არ ვიყავი. მგონია, რომ ჯერ უნდა დავლაგდე და მერე პირადიც დალაგდება. პირად ცხოვრებას ვერ აიწყობ, თუ თვითონ შინაგანად დალაგებული არ ხარ. ასეთი ქაოსისა და სტრესის შემდეგ მარტოობა მჭირდება. თაყვანისმცემლები ბევრნი არიან, მაგრამ ამ ეტაპზე მარტოობა მირჩევნია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, შესაბამის დროს გამოჩნდება ადამიანი, ვინც გამიგებს და ვისაც გავუგებ. მე თუ მამაკაცთან ერთ ენაზე არ ვსაუბრობ, სხვა ყველაფერი გამორიცხულია. ბევრმა მითხრა, შენ იმდენად ძლიერი ქალი ხარ, შენ გვერდით სუსტი მამაკაცი ვერ იქნება, ძლიერი მამაკაცი გჭირდებაო. კი, მე ჩემი ხასიათი მაქვს, ვფიქრობ, მამაკაცთან არაფერი არ შემეშლება, თუ მე ის ნამდვილად მივიღე. თუ ვერ მივიღე, ძალიან ტოქსიკური ურთიერთობა იქნება. საერთოდ, არ მიჭირს მამაკაცთან ურთიერთობა, მაგრამ სწორი დროა საჭირო, რადგან ყველაფერს თავისი დრო აქვს. პროცესები ძალით არ უნდა დააჩქარო.

ასევე იხილეთ