“დაახლოებით 11-12 წლის ვიყავი, როდესაც ბულინგის მსხვერპლი გავხდი”

თიკო ყაველაშვილი ფიტნესინსტრუქტორია, რომელმაც შეძლო და საკუთარი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, ბულინგი, რომლის მსხვერპლიც ბავშვობაში იყო წარმატების მიზეზად აქცია და დღეს უკვე სხვა ადამიანებს ეხმარება.

თიკო ყაველაშვილი: ბავშვობაში, დაახლოებით, 11-12 წლის ვიყავი, როდესაც ბულინგის მსხვერპლი გავხდი. ეს ძალიან მაწუხებდა და მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა. გადავწყვიტე ჩემდამი დაცინვა მოტივაციად მექცია, არ დავსტრესილიყავი და საკუთარ თავში არ ჩავკეტილიყავი. სწორედ ამიტომ დავიწყე ხელბურთის თამაში. სპორტის ამ სახეობაზე, პირველ რიგში, იმიტომ შევედი, რომ წონაში დამეკლო, ამის შემდეგ მაინტერესებდა სპორტული განვითარება.

– პრობლემა რაში იყო?

– ზედმეტ კილოგრამებში. 12 წლის ასაკში დაახლოებით 85 კილოგრამს ვიწონიდი. ამის გამო ხშირად ვხვდებოდი ბულინგის მსხვერპლი. კლასში მეუბნებოდნენ, რომ მშობელივით გამოვიყურებოდი. რამხელა ხარო – ხშირად მესმოდა კლასელებისგან თუ სხვა თანატოლებისგან,. არ ვიცი, როგორ შევძელი, მაგრამ გადავწყვიტე, წონაში დამეკლო და ყველასთვის დამემტკიცებინა, რომ შემეძლო საკუთარ თავზე მუშაობა, შემეძლო სასურველ ფორმაში ჩადგომა.

– მანამდე სტანდარტული წონის ბავშვი იყავით და უცებ მოიმატეთ წონაში?

– დიახ, ასე იყო. უცებ მოვიმატე, ჰორმონული დისბალანსი, გენეტიკური მიდრეკილება, ნაკლები ფიზიკური აქტივობა, არაჯანსაღი კვება – ეს ყველაფერი გახდა ჩემი წონაში მატების მიზეზი.

– მტკივნეული იქნებოდა ამ პრობლემის წინაშე აღმოჩენა და შემდეგ ბულინგი ამ მიზეზით…

– ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ამ განცდებს შიგნით ვინახავდი, გარეთ არასდრის გამომიშვია. არც მეგობრებთან მომიყოლია, არც ოჯახის წევრებთან და ბევრჯერ დამძინებია აცრემლებულს. წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორი ვიქნებოდი სასურველ ფორმაში, სულ ამას ვნატრობდი და ვფიქრობდი, როგორი უნდა ვყოფილიყავი, რომ სხვას არ დაეცინა ჩემთვის. დიდი ძალისხმევა დამჭირდა ბევრი რამის გასაცნობიერებლად. ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო სკოლაში წასვლა, უბრალოდ, გარეთ გასვლა, ბავშვებთან ერთად თამაშიც კი მიჭირდა, რადგან ამ დროსაც იყო ჩემთვის არასასიამოვნო შეფასებები და ეს მაკომპლექსებდა. ამიტომ ვცდილობდი, გარეთ არ გავსულიყავი და სკოლაშიც კი არ წავსულვარ – არ მინდოდა დასაცინი გავმხდარიყავი და ვცდილობდი, დედასთან მიზეზები მომეგონებინა. ვეუბნებოდი, რომ ცუდად ვიყავი, რომ იმ დღეს წასვლა არ შემეძლო, მიზეზი კი ყოველთვის ერთადერთი იყო, მინდოდა დაცინვისთვის თავი ამერიდებინა.

– ზოგჯერ პირიქითაც ხდება, პუტკუნა ბავშვებს განსაკუთრებული სიყვარულით ექცევიან. ცალსახად ნეგატიური დამოკიდებულება იყო?

– ეს დამოკიდებულება უფროსებისგან მოდიოდა, მაგრამ უშუალოდ ჩემი ტოლებისგან მხოლოდ ბულინგი. სამწუხაროდ, ასე იყო. თუმცა, მარტო მე არ ვყოფილვარ ბულინგის მსხვერპლი – ვიღაცას სათვალე ეკეთა, ვიღაც ძალიან გამხდარი იყო, მიზეზები სხვადასხვა იყო და ეს დღესაც ასეა. ამიტომ თუ მსგავს რამეს წავაწყდები, ყოველთვის ვცდილობ, ჩავერიო, მათ შორის, ჩემი და-ძმის ცხოვრებაშიც. არ მინდა, ვინმემ დაჩაგროს რაიმე მიზეზით ან თვითონ დაჩაგრონ სხვები.

– მიუხედავად ასეთი განცდებისა, უფროსებს არაფერს ეუბნებოდით.

– დიახ, ყველაფერს ჩემში ვიკლავდი და ეს ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო. როცა რაღაცის მოგვარება თვითონ არ შეგიძლია, არაფერია ცუდი იმაში, თუ დახმარებას სხვას სთხოვ, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმეს გული გადაუშალო და ემოციებისგან დაიცალო. თორემ სხვა შემთხვევაში ბევრ რამეს გამოაკლდებით. მე ამ მიზეზით ბევრი რამ გამოვტოვე, იქნებოდა ეს თანაკლასელებთან ერთად ექსკურსიებზე თუ სადმე სხვაგან გასართობად წასვლა. მეგობრის შეძენაც რთული იყო. 15-16 წლამდე, მაქსიმუმ, ორი მეგობარი მყავდა.

– რა დაგეხმარათ, პოზიტიურად გეფიქრათ და ბულინგს ძალიან ცუდი შედეგი არ გამოეღო?

– მაშინ ამაზე არ ვფიქრობდი, მხოლოდ ის მინდოდა, ჩემთვის არ დაეცინათ და უფრო მეტიც, ჩემით ეამაყათ. ამიტომაც როდესაც ხელბურთის სწავლა დავიწყე, ამ საქმეს ძალიან დიდი მონდომებით ვაკეთებდი. იმავე წელს მოვხვდი ნაკრებში, საუკეთესო მეკარე ბევრჯერ გავხდი და მალე დავინახე, რომ ჩემი თანაკლასელები ჩემით ამაყობდნენ. უკვე ყველა მემეგობრებოდა, მარტო ჩემი კლასელები კი არა, ჩემი სკოლელებიც. წონაშიც დავიკელი და უკვე ყველა სხვანაირად მიყურებდა. ამბობდნენ, ძლიერი გოგოა, წონაშიც დაიკლო, წარმატებული გახდაო. ეს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევდა. მე ჩემი თავი ისეთი შევიყვარე, როგორიც ვიყავი და ვცდილობდი, კიდევ უფრო განმევითარებინა იმისთვის, რომ სხვებსაც ვყვარებოდი.

– წონაში კლება სპორტულმა აქტივობამ გამოიწვია თუ დამატებით კიდევ დაგჭირდათ სხვა გზისთვისაც მიგემართათ?

– დღეში 2-3-ჯერ ვვარჯიშობდი. სხვათა შორის, ბევრი ფიქრობს, რადგან ფიტნესზე სიარულის საშუალება არ აქვს, ვერაფერს შეცვლის, წონაში ვერ დაიკლებს. არადა, მე ვარჯიში უბნის ტრენაჟორებზე დავიწყე და მეტწილად ამ გზით დავიკელი. დილით გარეთ, ტრენაჟორებზე ვვარჯიშობდი, შუადღეს სკოლაში ხელბურთის ვარჯიში მქონდა, საღამოს ფეხით ბევრს დავდიოდი, ამან, სწორ კვებასთან ერთად, კარგი შედეგი გამოიღო. ყველაფერს დამოუკიდებლად გავუმკლავდი და ეს იმ დროისთვის ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა იყო. მაშინ მხოლოდ ხელბურთისა და ფეხბურთის თამაში ვიცოდი, სწორი კვების შესახებ წარმოდგენაც არ მქონდა, მაგრამ მოვიძიე ინფორმაცია, ვიკითხე და რაციონი შევადგინე, ვარჯიშის ჩემთვის საჭირო ფორმებიც თვითონ შევადგინე და არაჩვეულებრივი შედეგი მივიღე.

თავიდან არავის სჯეროდა, რომ სპორტში წარმატებას მივაღწევდი, ამბობდნენ, ეს ბუნჩულა გოგო რას გააკეთებსო. მაშინ სიმაღლეში 1 მეტრი და 55 სანტიმეტრი ვიყავი და რადგან მეკარე ვიყავი, ამბობდნენ, ეს კარში ვერაფერს გააკეთებს, როგორ უნდა იმოძრაოს, ბურთი თავისით თუ მოხვდებაო, მაგრამ საკუთარ თავზე იმდენს ვმუშაობდი, რომ ამ ორმეტრიან კარში იმხელა ნახტომი მქონდა, კუთხეებშიც კი თავისუფლად ვიჭერდი ბურთს. მალევე დამასახელეს საუკეთესო მეკარედ და აქედან დაიწყო ჩემი წარმატებული გზა. 6-7 წელი ვიარე ხელბურთზე და ყოველ წელს საუკეთესო მეკარის ტიტული მქონდა.

– თუმცა, მრავალწლიანი მზადების შემდეგ ტრავმამ ყველაფერი ჩაგიშალათ, არა?

– სამწუხაროდ, ასეა. ასაკობრივი ნაკრები 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის ვემზადებოდით, მაგრამ 2-3 თვით ადრე, სამწუხაროდ, მუხლი დავიზიანე. დავდექი ფეხზე და მალევე ევროპის ჩემპიონატი ვითამაშე საკმაოდ კარგად. ოპერაციის შემდეგაც ვითამაშე ერთხელ და მივხვდი, რომ ჩემი მუხლი ამ დატვირთვას ვეღარ აიტანდა, რადგან თამაშის დროს რამდენჯერმე ამომივარდა. ამის შემდეგ სამჯერ დამჭირდა ოპერაცია. ექიმებმა მირჩიეს, რომ არ ღირდა დიდი სპორტის გაგრძელება, შეიძლებოდა ფეხი საერთოდ დამეკარგა. რეაბილიტაციისთვის ფიტნესზე დავიწყე სიარული. პარალელურად, დავდიოდი ძალოსნობაზე, ძიუდოზე, მაგრამ დავრწმუნდი, რომ ჩემი მუხლი დიდ სპორტში ასპარეზობის უფლებას ნამდვილად აღარ მომცემდა. ძალიან ბევრი ღამე გამითენებია ტირილში, ჩემი გუნდელების თამაშს რომ ვუყურებდი, მათი წარმატება მიხაროდა, მაგრამ განვიცდიდი, რომ ამდენწლიანი შრომის შემდეგ მათ გვერდით არ ვიყავი. ამიტომ გადავწყვიტე ფიტნესის მიმართულებით წასვლა. კურსები გავიარე და პროფესიონალად ჩამოვყალიბდი. აქ საკუთარი თავიც ვიპოვე და სხვებსაც ვეხმარები, რაც ჩემთვის დიდი მოტივაციაა.

ასევე იხილეთ