როგორ ანდო კოკა იმედაძეს საკუთარი შვილები შერონ სტოუნმა და რატომ კიოდა გახარებული პენელოპე კრუსი მის სახელს

ნიკოლოზ იმედაძე ამერიკაში, „ჰოლივუდში“, ვარსკვლავების გარემოცვაში მუშაობს. მას საკუთარი „ლიმუზინით“ „ჰოლივუდის“ ვარსკვლავები წითელ ხალიჩამდე მიჰყავს. თავადაც ვარსკვლავური ოჯახიდან გახლავთ. ბატონი კოკა ქრისტინე იმედაძის მამა და ია ფარულავას ძმაა.

ნიკოლოზ იმედაძე: ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ ბევრ სამსახურში მოვსინჯე საკუთარი თავი, მაგრამ ყველა მოსაწყენი აღმოჩნდა. ბოლოს ვიფიქრე, „ჰოლივუდში“ ვცხოვრობ, ამდენი ვარსკვლავის გარემოცვაში და კარგი იქნება, თუ „ლიმუზინზე“ ვიმუშავებ-მეთქი. ახალგაზრდა ვიყავი, შესაბამისად მოვემზადე, პიჯაკში გამოვეწყვე და მივედი. მოწონება დავიმსახურე და მითხრეს, კი ბატონოო. ტრენინგი ჩამიტარეს, ყველაფერი კარგად ვისწავლე და მუშაობა დავიწყე. საკმაოდ წარმატებული გამოვდექი და სიმართლე რომ გითხრათ, თვითონაც მომეწონა ეს ჩვენი „ლიმუზინი“ (იცინის). ერთ ადგილას მივედი, ცნობილი მსახიობი დამხვდა, მეორეგან – კიდევ უფრო ცნობილი, მესამე, მეოთხე და მოკლედ, გული დავუდე ამ სამსახურს, რომელიც დღემდე ძალიან მომწონს.

– გახსოვთ, რა ემოცია გქონდათ, პირველად რომ ძალიან ცნობილი მსახიობი ჩაგიჯდათ „ლიმუზინში“ და ვინ იყო ის?

– ო, ეს ძალიან დიდი ემოცია იყო. ჯულია რობერტსის ძმა – ერიკ რობერტსი გახლდათ. ძალიან კარგი ბიჭია, იმდენად თბილი იყო, რომ გავთამამდი, თორემ, მანამდე სიმართლე რომ ვთქვა, საკმაოდ ვნერვიულობდი. მერე და მერე იმდენი ვარსკვლავი ვატარე, სითამამე მომემატა და ახლა უკვე ადვილია ჩემთვის, მაგრამ ადრე რომ მივდიოდი, ძალიან განვიცდიდი, რამე არ შემშლოდა. ვცდილობდი, მოზომილად მელაპარაკა – ყველა დეტალზე ვფიქრობდი.

– ძალიან მაღალი სტანდარტებია, არა?

– ძალიან მაღალი, განსაკუთრებული მოთხოვნებია. „ვარსკვლავებმა“ პატარა შენიშვნაც რომ გამოთქვან, შეიძლება, სამსახური დაკარგო. სანამ სიტყვას ვიტყვი, ბევრს ვფიქრობ, შეცდომის დაშვების უფლება არ მაქვს.

– რაზე შეიძლება, ჰქონდეთ შენიშვნა?

– მაგალითად, სუნამო არ უნდა დაისხა. შეიძლება, ძალიან ძვირფასიც იყოს, მაგრამ მას არ მოეწონოს. რამეს რომ შეგეკითხება, მოკლედ უნდა უპასუხო. პირს თუ ვეღარ დახურავ, ეს, რა თქმა უნდა, არ მოეწონება და არც შეიძლება. თუმცა, ეს თავიდანაა ასე, მერე ძალიან ახლობელი რომ გახდება, უკვე ბიძაშვილივით რომ გიზის მანქანაში – კი, ბატონო (იცინის). მაგალითად, ოლივერ სტოუნთან შემიძლია, რაზეც მინდა, იმაზე ვილაპარაკო. თვითონაც არ მაცდის, საქართველოზე მეკითხებოდა ხოლმე. 2008 წლის ომის შემდეგ სულ ამაზე მელაპარაკებოდა. აი, შერონ სტოუნმა კომპანიაში დარეკა და ჩემზე თქვა, ჩემთან მხოლოდ ეს ბიჭი მინდა იყოსო. ერთი თვე ყოველდღე მე ვატარებდი გადაღებებზე.

– ეს როგორ დაიმსახურეთ?

– როდესაც პირველად მივაკითხე და დაველაპარაკე, მკითხა – აქცენტი გაქვს და საიდან ხარო? რომ ვუთხარი, საქართველოდან-მეთქი, გაგიჟდა, ეს რა ხალხი ხართ და რა ქვეყანა გაქვთო?! საქართველოში ყოფნის მერე შეუყვარდა ქართველები, უდიდესი მოწიწებითა და სიყვარულით იხენებდა უწმიდესთან შეხვედრას. ერთი თვის განმავლობაში, მას რომ გადაღებაზე ვტოვებდი, მე მივდიოდი, მისი შვილები გამომყავდა კერძო სკოლიდან, მასთან მივიყვანდი და მერე ყველა ერთად სასადილოდ გამყავდა. ეს უდიდესი ნდობაა! ამერიკაში ქუჩაში ანგელოზ ბავშვს დაინახავ, გინდა თავზე გადაუსვა ხელი, მოეფერო, მაგრამ ამას ვერ გაბედავ რადგან აქაურობა მანიაკებითაა სავსე, შეშინებულია ხალხი, ადამიანები მუდამ დისტანციას იცავენ. და როცა შერონ სტოუნის დონის ვარსკვლავი საკუთარ შვილებს ასე განდობს, ეს მართლა დიდი ამბავია.

სულ თავიდან, მანქანაში რომ ჩამიჯდა, ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და ქიმიოთერაპიის კურსს იტარებდა. ცუდად გახდა, არადა გადაღებაზე მიმყავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონტრაქტზე აქვს ხელი მოწერილი და რომ არ მივიდეს, ჯარიმის გადახდა მოუწევს. მე დავიბენი, არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი და თვითონ მთხოვა მისი ექიმისთვის დამერეკა. დავრეკე, ავუხსენი მდგომარეობა და ექიმი გადაღებაზე მოვიდა. მან საჭირო ადამიანებს სტოუნის მდგომარეობის მიზეზები განუმარტა და ამ შემთხვევაში, უკვე საპატიო იყო გადაღებაზე მისი არდასწრება. ჩვენ შორის კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ამ ისტორიამაც იქონია გავლენა, მაგრამ მთავარი მაინც საქართველო აღმოჩნდა.

– მერე თუ ხდება ამ ურთიერთობების შენარჩუნება რაღაც ფორმით მაინც?

– ერთხელ, შემთხვევით, ბრუს უილისი შემხვდა სასტუმროსთან. ვიღაცებმა ფოტოს გადაღება სთხოვეს და უარი უთხრა, ცოლთან და შვილებთან ერთად ვარ და ფოტოებს არ ვიღებო. ამ დროს მე დამინახა, ეგრევე მიცნო, მომიტრიალდა, სახელი დამიძახა და მივედი, მომიკითხა. იცით როგორ გამიხარდა?! ესენი გაგიჟდნენ და ახლა მე მომადგნენ, სურათი გვინდა შენთანო. ბრუს უილისის ბიძაშვილი კი არ ვარ, რა სურათი-მეთქი (იცინის). მართლა გადასარევი კაცია.

რონ პერლმენი – არის ეგეთი ჰოლივუდელი მსახიობი, რომელიც ნიკა აგიაშვილმა გადაიღო ფილმში – თბილისი, I Love You. სანამ ეს მოხდებოდა, მე ეს მსახიობი ერთ-ერთ ღონისძიებაზე წავიყვანე და როლთან დაკავშირებით გულწრფელი კომპლიმენტი ვუთხარი, რის შემდეგაც ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. ვუთხარი, როგორ მინდა, საქართველოში რაღაც გააკეთოთ-მეთქი. გავიდა დრო და ნიკა აგიაშვილმა მითხრა, ფილმი გადავიღეთ და მასში რონ პერლმენი თამაშობსო. მერე ფართიზე შევხვდი და ვუთხარი, ძალიან მიხარია, საქართველოსთან ასეთი სიახლოვე რომ გაქვთ-მეთქი. მასაც საოცარი ემოცია ჰქონდა, ნიკას უთხრა ჩემზე – ამან ჩაყარა ის საფუძველი, რომელზეც შენ სახლი ააშენეო.

– ვინ არ მოგეწონათ?

– მაგის თქმის უფლება არ მაქვს, მაგრამ არიან ეგეთებიც, ამაზე ჩემს წიგნში დავწერ (იცინის). მოდი, ვთქვათ, ვინ არის რთული ურთიერთობაში, მაგალითად, ჯეკ ნიკოლსონი, ურთულესია. სკორსეზე თავიდან ძალიან რთულია, მაგრამ თავის საქმეს რომ მორჩება, მერე მაგარი ძმაკაცური ხდება. ეგ რომ წავიყვანე, ახალთახალი „მერსედესი“ მყავდა, დასრიალებდა მანქანა. უცებ რაღაც ხმა გაიგონა და ეს რა იყო, რატომ იყო და ასე შემდეგ, უამრავი კითხვა დამისვა. იცით, რა დაემართა?! – ვეუბნები გზის ბრალია-მეთქი. ყველა ხმის გაგონებაზე საოცრებები ემართებოდა. ასისტენტს ვეკითხებოდი, ამას როგორ უძლებ-მეთქი და სიცილით კვდებოდა. ტელეფონი გამათიშინა, უცებ ვინმემ რომ დაგირეკოს, მეც დავიღუპები და შენცო. იგივეს ვერ ვიტყვი ოლივერ სტოუნზე, მასთან თავიდანვე კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. საერთოდ, თვითონ ვარსკვლავი თუ არ წამოვიდა ურთიერთობაზე, მე ვერ გამოვიჩენ ინიციატივას.

– ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი…

– ეგეთი წყვილი პირველად ვნახე საკუთარი თვალით, ძალიან უხდებოდნენ ერთმანეთს. ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე. მართლა გადასარევები არიან. ანჯელინა საოცარი გოგოა. ჯერ ერთი, ძალიან ლამაზია, დედაჩემმა იცოდა ხოლმე თქმა, ეშხიანიო და ზუსტად ეგეთია, ბრედ პიტზე ლაპარაკი ზედმეტია. რაც მათ გააკეთეს, ეგეთი რამ არავის გაუკეთებია, არადა ამდენწლიანი გამოცდილება მაქვს. წითელ ხალიჩამდე არ ვიყავით მისული, მითხრეს, აქ გაგვიჩერე, გადავალთო. გადავიდნენ, ხალხს ხელი ჩამოართვეს, ავტოგრაფები დაარიგეს. არადა, აქ ათასი კანონია, რომელსაც უნდა დაემორჩილო, ბევრ რამეზე ფიქრობენ უსაფრთხოების თვალსაზრისით და ვერ გაამტყუნებ, მაგრამ ასეთი ადამიანური მომენტები ძალიან სასიამოვნო სანახავია, მაშინ ხვდები, რომ ახლა კი ვარსკვლავია, მაგრამ ადამიანად არის გაზრდილი.

– პენელოპე კრუსმა რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ?

– პენელოპე მაინც ევროპული მენტალიტეტისაა. ძალიან ლამაზი კაბა ეცვა. მანქანაში ჩაჯდომა გაუჭირდა, თან ძალიან ნერვიულობდა, კაბა მეკუჭებაო. მართლა ძალიან განიცდიდა. ესპანელია, ჩვენსავით ემოციური გოგოა. ვატყობდი, რომ ცოტა ხანში „მაგრად აკრეფდა“ და მინდოდა, ცოტა განმეტვირთა (იცინის). ვუთხარი, გული მიგრძნობს, დღეს „ოსკარი“ უნდა მოიგო-მეთქი და მართლა არ მოიგო?! როგორც კი გარეთ გამოვიდა, გახარებული, „ოსკარით“ ხელში გამოიქცა მანქანისკენ და თან ჩემს სახელს კიოდა (იცინის).

– „ოსკარები“…

– „ოსკარები“ ცალკე თემაა, ძალიან სათუთი. ეს უმაღლესი ჯილდოა და ყველა სერვისი იდეალურად უნდა ჩატარდეს. იქ არ გაუშვებენ მძღოლს, რომელსაც შესაბამისი გამოცდილება არ აქვს, არ იცის, როგორ უნდა მოიქცეს ექსტრემალურ სიტუაციებში ისე, რომ კომპანიის სახელი არ დაზიანდეს. ეს „ლიმუზინსერვისია“ და არა უბრალოდ ტაქსი, სერვისისგან კი უმაღლეს ხარისხს მოითხოვენ. ოცი წელია, ამ საქმით ვარ დაკავებული და „ოსკარებზე“ ყოველ წელიწადს ვმუშაობ, რა თქმა უნდა, პანდემიის გამოკლებით.

– ახლა თქვენს პირად ვარსკვლავებზე ვისაუბროთ. ვარსკვლავური ოჯახი გყავთ, შვილი – ქრისტინე იმედაძე, და – ია ფარულავა. მათ გარემოცვაში ცხოვრება როგორია და მათ რამდენად ანებივრებთ?

– ახლა შვილიშვილიც ვარსკვლავი გახდება – ძალიან მაგარი გოგოა ტაისია, საოცრად მღერის, ინსტრუმენტებზე უკრავს, ენებს სწავლობს. ო, ძალიან რთულია ვარსკვლავებთან ერთად ცხოვრება (იცინის). რა ვიცი, მათთვის უარი არაფერზე მითქვამს, მაგრამ დასანანია ის, რომ დიდი დრო გამოვტოვე მათთან ურთიერთობაში. მე რომ წამოვედი, ქრისტინე 8-9 წლის იყო და ისე გაიზარდა, მე მის გვერდით არ ვყოფილვარ. ახლა უკვე ქალია.

– იას „ჰოლივუდურ“ ამბებთან თუ გქონდათ კავშირი?

– მე იამ შემიყვანა „ჰოლივუდურ“ ცხოვრებაში და იმ პერიოდიდან, ერთ ამბავს გავიხსენებ: ია ასისტენტად მუშაობდა გიორგი ჟდანოვთან. ეს კაცი რევოლუციის დროს წამოვიდა საბჭოთა კავშირიდან. მას ჰყავდა ძმა – სახელად კოკა, რომელიც დაუხვრიტეს. გიჟდებოდა ჩემზე, კოკას რომ მეძახდა, ძმა ახსენდებოდა. თვითონ მანქანის მართვა აღარ შეეძლო და მე დამყავდა. 80 წლის კაცი იყო, ძალიან ღრმა განათლების მქონე, კარგი ადამიანი. მან იას დაუტოვა საკუთარი სკოლა. გარდაცვალების შემდეგ მისი ფერფლი ოკეანეში უნდა მოგვებნია, ასეთი იყო მისი სურვილი. გრეგორი პეკი იყო დანიშნული ამ საქმის აღმასრულებლად. ეს დღეც დადგა… გრეგორი პეკი რომ მოვიდა და ხელი ჩამოვართვი, რა დამემართებოდა, ხომ ხვდებით?! (იცინის) ძველი თაობის მსახიობებთან ერთად, პატარა გემით გავედით ოკეანეში. უკან რომ ვბრუნდებოდით, იას ვეუბნები: გეხვეწები ჩემი ინგლისურით ნუ მალაპარაკებ და ჰკითხე, რა, გრეგორი პეკს, მართლა ქართველია ბათუმიდან და გვარად მართლა ნიჟარაძეა-მეთქი (იცინის). მოკვდა ია სიცილით, გიჟი ხომ არ ხარო. აზრზე არ ხარ, მთელი თბილისი ამაზე ლაპარაკობს-მეთქი (იცინის). ბოლოს, ძალიან თავაზიანად მაინც უთხრა, ასე ლაპარაკობენ თქვენზე და რას იტყვითო?! ის რამდენად კაი ტიპი იყო, ჯერ გაიღიმა და მერე გვითხრა, ბევრჯერ გამიგია მსგავსი რამ და ერთ ამბავს მოგიყვებით: ჰოლანდიაში ვიყავით მე და ჩემი მეუღლე და სომხები გავიცანით. გადასარევი ადამიანები იყვნენ და დავმეგობრდით. სომხურ რესტორანში დამპატიჟეს მე და ჩემი მეუღლე. მივედით და ვხედავ წარწერას – „ველქამ თუ გრეგორი პეკოიან“. ვუთხარი, შეგეშალათ, პეკოიანი კი არა, პეკი ვარ–მეთქი, მაგრამ არა, შენ არ იცი, სინამდვილეში შენი გვარი პეკოიანიაო (იცინის).

ასეთი ისტორია არაერთი ყოფილა, როცა ასეთ ვარსკვლავებთან გაქვს შეხება, ბევრი საინტერესო რამ შეიძლება, გადაგხდეს თავს და ამიტომაც ძალიან მომწონს საქმე, რომელსაც ვაკეთებ.

ასევე იხილეთ