“ახალგაზრდობაში ქალს რომ სიყვარულს ავუხსნიდი, მეგონა, შეურაცხყოფას ვაყენებდი”

დავით დვალიშვილის “უცნობი მხარე”👇

– ვინ არის დათო დვალიშვილი?

დავით დვალიშვილი: ერთი ჩვეულებრივი ქართველი, რომელსაც უყვარს საკუთარი ოჯახი და თავისი ქვეყანა. მე ასე ვფიქრობ. მიყვარს ადამიანები, ცხოვრებაში არ მომიტყუებია, არ დამიცინია გიჟისთვის. ადამიანი რომ წაიქცევა, ცრემლი წამომივა, არ გავიცინებ და ერთი აგური მეც დამიდვია ჩემი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– ჩემ უკან დაბადებულები არ წავიდნენ ჩემზე წინ, ამაზე ვოცნებობ. ჩემი ყველაზე დიდი შიშიც ეს არის.

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?

– მთელი ჩემი ცხოვრება თეატრში ვარ. მე სხვა საქმე არ მიკეთებია. თუ არ ჩავთვლით სოფელში თოხნას, რაც ძალიან მაგრად მეზარებოდა, მაგრამ მიწევდა. როცა დამიძახებდნენ, მეზობელს უარს ვერ ვეტყოდი (იცინის).

– ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?

– ძალიან ხშირად მომდის ცრემლი. ადამიანებს რომ ერთმანეთი უყვართ, ამის შეგრძნებაზეც და წასულ მეგობრებზე საუბრისასაც მიცრემლიანდება თვალები. გუშინ ახლობელი ადამიანის დაკრძალვაზე ვიყავი და ვერც მაშინ შევიკავე თავი. მიდიან საყვარელი ადამიანები და რთულია.

– რას გააკეთებდით, ლატარიაში რომ მილიონი მოიგოთ?

– ძალიან მინდა, მოხუცებისთვის თავშესაფრის აშენება. ბევრი უმადური შვილია. სიბერეში უჭირს ადამიანს ახალგაზრდის გარეშე არსებობა. ამ სახლს გავაკეთებდი და უსასყიდლოდ ვაცხოვრებდი მოხუცებს.

– პირადად თქვენთვის რას გააკეთებდით?

– კარგი სახლი მაქვს. შვილები თავის გზაზე დგანან და დამოუკიდებლად მიხედავენ საკუთარ თავს, ასევე, შვილიშვილებიც. არ ვიცი, არ მიფიქრია ჩემს თავთან დაკავშირებით. არ გამოვირჩევი ამ მხრივ. განსაკუთრებულად ყიდვაც არ მიყვარს. საზღვარგარეთაც რომ მივდივარ, მაღაზიაში ვერ შემიყვან. მე ტანსაცმელიც კი არ მიყიდია ჩემი თავისთვის, ცოლი ყიდულობს ხოლმე და ზოგადად, არ ვარ პრეტენზიული და განსაკუთრებული მოთხოვნების მქონე ადამიანი. კმაყოფილი ვარ იმით, რაც მაქვს. მე ერთი დიდი სახლი ავაშენე, იმისთვის, რომ მშობლებს, შვილებს, შვილიშვილებს და შვილთაშვილებს ერთად გვეცხოვრა. აი, ეს არის ჩემი ოცნება – თაობები ერთ სახლში, მაგრამ ახლა, თურმე, ასე არ არის მოდაში. ყველას ცალკე უნდა ცხოვრება. თუმცა, ჩვენ ექვსი სული ვცხოვრობთ ერთად.

– აზარტული ხართ?

– ერთხელ ტელევიზიაში ვიყავი, ფული თამაშდებოდა. შვიდი კაცი ვიყავით, ექვსმა მოიგო და მე დავრჩი ისე (იცინის). ასე რომ, მსგავს რამეზე არასდროს მიფიქრია. რა უნდა მოიგო?! არა, რამის ან ვინმეს იმედად არასდროს ვყოფილვარ.

– თქვენი ყველაზე ცუდი საქციელი, რასაც ნანობთ, რაც არ უნდა გაგეკეთებინათ?

– ბევრია, რა ჩამოთვლის. ზოგი – უნებლიეთ, ზოგი – გაუნათლებლობით, ზოგიც – ემოციით.,დილით რომ გაიღვიძებ და გაწითლდები… ყოფილა ასეთები, მაგრამ გახსენებაც არ მინდა.

– მოგიპარავთ რამე?

– ხილი. სტუდენტობის დროს თბილისში მამიდასთან ვცხოვრობდი. მე და ერთი ჩემი მეზობელი ინსტიტუტის გვერდით ატმებს ვიპარავდით. ფიცრებს გადავდებდით ღობეზე და კარგ გვერდწითელა ატმებს ვწყვეტდით.

– ბოლოს როდის მოიტყუეთ და რა?

– კაცმა ისეთი ტყუილი უნდა თქვა, ერთი კვირა შენ თვითონ გჯეროდეს, ისე, კარგ ტყუილს ვერ იტყვი. მე ასეთი ტყუილი არ ვიცი, ვერ ვიტყვი. თუ მითქვამს, ვერ გავამხელ, რატომ ვთქვი. ზოგადად, ტყუილი ტყუილია, გინდ კეთილი დაარქვი, გინდ – ბოროტი.

– სახალისო შემთხვევა პაემანზე…

– სახალისო არა, მაგრამ ერთი რამ მახსოვს და ჩემი თავისთვის ვერ მიპატიებია. პაემანზე წავიყვანე გოგო, მინდა, ვუთხრა, რომ მიყვარს, მაგრამ ვერ ვუთხარი. ვერ გავუმხილე, ვერ გავანდე ჩემი გრძნობის შესახებ, თორემ, შესაძლოა, ჩემი ცხოვრება სხვანაირად წასულიყო. ახალგაზრდობაში ქალს რომ სიყვარულს ავუხსნიდი, მეგონა, შეურაცხყოფას ვაყენებდი. ეს აზრები იდიოტიზმია, მეტი არაფერი და ერთ-ერთი იდიოტი მეც ვიყავი (იცინის). გოგო რომ შემიყვარდებოდა, დავემდურებოდი. რას ემდურები, შე ოხერო? მიდი და აუხსენი სიყვარული. არ ვიცი, რისი ბრალი იყო. რისი და სიქაჯის, არ არის ეს სწორი. ასე არ უნდა მოიქცე, უნდა გაამხილო შენი გრძნობა. საერთოდ, ახლა სხვა დამოკიდებულებაა. მაშინ უფრო წმინდა იყო ეს გრძნობა. ახლა ძალიან გაიოლდა ქალის მოპოვება. სხვათა შორის, ეს, ძალიან მაწუხებს. მე მაინც ვფიქრობ, რომ ქალის მოპოვება რთული უნდა იყოს. რაც შეეხება სიყვარულში გამოტყდომას, ეს აუცილებელია. ეს უნდა გამეკეთებინა, იმიტომ, რომ მართლა სუფთა გრძნობა მქონდა. საერთოდ, ბევრი რამ არ მახსოვს ჩემი ცხოვრებიდან, სკოლის პერიოდიდან, სტუდენტობიდან და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ჩარჩენილი მაქვს მეხსიერებაში, ძალიან წმინდა და სუფთა გრძნობა იყო. ისე, განსაკუთრებული ცხოვრებაც არ მქონია. თეატრი – სახლი, მთელი ცხოვრება თეატრისა და ცოლის ჭკუაზე ვიარე და ახლა მინდა, ჩემს ჭკუაზე ვიარო, მაგრამ ვეღარ დავდივარ, აღარ ვიცი, როგორ უნდა (იცინის). ბავშვები რომ გაჩნდნენ, საზრუნავი ბევრი იყო, შემოსავალი – ცოტა. ელემენტარულ საჭიროებებსაც კი რთულად ვწვდებოდით, მაგრამ უიმედო მდგომარეობაში რომ მეგონა თავი, უცებ გამოაჩენდა ღმერთი რაღაცას და იმ დანაკლისს შეავსებდა. ახლაც არ ვცხოვრობთ სამოთხეში, მაგრამ მაშინ ერთი კვირა მყოფნიდა ხელფასი და ახლა სამიც მწვდება, ეს დიდი განსხვავებაა (იცინის).

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?

– შეიძლება, არც კი გამომიხატავს, მაგრამ სასტიკი კი არა, გავბოროტებულვარ კიდეც. როცა ჩემს ქვეყანას ბოროტი განზრახვით არასწორად ექცევიან, როგორ არ ვიქნები სასტიკი?! ტყვია რომ მომცე, მოღალატისთვის არ დავინანებ. ვინც არ უნდა იყოს, ღალატს როგორ ვაპატიებ?! ადამიანმა თავის სარჩენად ქვეყანა უნაგირივით არ უნდა გამოდო. სამშობლოს ვერ გაუკეთებ იმას, რაც შენ მოგინდება, რაც შენ გაწყობს, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ამ საკითხში ვარ სასტიკი, თორემ ისე ძალიან ლმობიერი კაცი ვარ. ასე მოქცევას ვერავის ვაპატიებ, იმიტომ რომ უპატიებელი მგონია.

– თქვენი ყველაზე დიდი გამარჯვება და მარცხი…

– გამარჯვება ისაა, რომ არასდროს შემშინებია დაბრკოლებების, არც სიდუხჭირის. თავი ბოლომდე გავიტანე. მე უკვე 75 წლის კაცი ვარ და ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრების გზა ვაჟკაცურად გავიარე. კარგი შვილები მყავს, კარგი შვილიშვილები და ჩემს პროფესიაშიც რაღაც პატარა გამიკეთებია. დღეს რომ ჩემგან ამ ინტერვიუს იღებთ, ალბათ, ესეც ჩემ მიერ გაკეთებული საქმის დამსახურებაა. რაც შეეხება მარცხს, მარცხია ყველაფერი, რაც ვერ გავაკეთე. მინდოდა, უკეთესი განათლება მქონოდა და ვერ მოვახერხე. ინგლისში ვიყავით, რაღაც წარმატება მქონდა. გამოვედი გარეთ, ულამაზესმა გოგომ გამიღიმა, გამომელაპარაკა, მაგრამ მე ვერაფერი ვუპასუხე და ასე დამთავრდა ჩვენი ურთიერთობა (იცინის). მარცხია ეს, აბა რა არის?! (იცინის). სინამდვილეში, რომ არა მარცხი, ცხოვრება ძალიან უინტერესო იქნებოდა.

– ბევრი წლის შემდეგ, როგორ ისურვებდით სიცოცხლის დასრულებას?

– საერთოდ, ადამიანს გინდა, შენს გაკეთებულს ყურადღება მიაქციო, შვილებს, შვილიშვილებს უყურო და დატკბე, თორემ, მე სიკვდილის არ მეშინია. მე ვემზადები ამისთვის და საერთოდ, ვფიქრობ, რომ ადამიანი ცხოვრების ყოველი დღე ამისთვის ემზადება, მით უმეტეს, ასაკში. თვითმკვლელობაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ კაცი თავის დროზე უნდა წახვიდე, ამას რად უნდა თქმა. ამის შიში არ მაქვს. არ ვიცი, რა არის იქ, მაგრამ ეს რომ უნდა დასრულდეს, ეს ბუნებრივია, ვიცით და კაცი ამისთვის მზად უნდა იყოს. ყველასთან შეგიძლია, ილაჩრო, მაგრამ სიკვდილთან არ უნდა ილაჩრო კაცმა.

– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?

– დიდი მიწისძვრა რომ მოხდა, ბავშვები პატარები მყავდნენ. გარეთ გამოვცვივდით – სად გარბიხარ, რას გაექცევი? გამოვრბივართ და შვილი მეკითხება, ეს ასე უნდა მქონდესო? თურმე, რეიტუზის ჩაცმისას ორივე ფეხზე ერთი ტოტი ჩამომიცვია. ასეთ დროს შიშიცაა და უმწეობის განცდაც – არ იცი, რა გააკეთო, უსუსური ხარ.

– ყველაზე დიდი უსამართლობა თქვენს ცხოვრებაში?

– კომუნისტების დროს გასტროლებზე ვიყავით მოსკოვში. ჯარისკაცის როლს ვთამაშობდი. ძალიან დიდი წარმატება მოჰყვა ამ სპექტაკლს, ჩემს როლს. საოცარი შეფასებები მივიღე, მართლა საოცარი. ერთი ჟურნალისტი იყო წამოსული გასტროლზე გასაშუქებლად, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემი წარმატება ერთი სიტყვითაც კი არ უხსენებია. სხვებზე – კი ბატონო, მაგრამ ჩემ შესახებ ერთი სიტყვაც კი არ თქმულა არცერთ გაზეთში. თუ აშუქებ, ბარემ ყველაზე გააშუქე, მაგრამ მე ვიცი, რაც იყო ამის მიზეზი და ოდესმე ამასაც ვიტყვი. ჩემი ცხოვრება თეატრია, იქ მიღებული წარმატება, ტაში და შეფასებაა ყველაზე მნიშვნელოვანი და ამას რომ გიკარგავენ, ძალიან ითრგუნები.

– ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ, არის…

– საამაყო რა აქვს კაცს? – არ ვიცი, არაფერი. რატომ უნდა იამაყოს კაცმა, მიკვირს. შენი საქმე აკეთე, პატიოსნად იცხოვრე და მორჩა, მეტი რა საჭიროა?! ეს არასდროს ყოფილა ჩემი მიზანი, უკან ვიდექი, ჩემს საქმეს ვაკეთებდი და წინ გამატარე-მეთქი, არავისთვის მითქვამს. შეიძლება, იამაყო მეგობრებით, მაგრამ არა – საკუთარი თავით.

ასევე იხილეთ