პრინცი ჰარი სამეფო ოჯახისგან მეგან მარკლის წინაშე ბოდიშის მოხდას ელოდება. ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა Daily Star-ი წერს.
გამოცემის წყაროს ცნობით, ჰარი მზად არის, სამეფო ოჯახთან ურთიერთობებში არსებული დაძაბულობა უკან მოიტოვოს, მაგრამ ამისთვის სამეფო ოჯახმა მის მეუღლეს ბოდიში უნდა მოუხადოს.
ახლა წყვილი აშშ-ში ცხოვრობს, მაგრამ უახლოეს მომავალში ჰარი დიდ ბრიტანეთში უნდა ჩავიდეს და პრინცესა დაიანას ძეგლის გახსნას დაესწროს.
8 მარტს, ტელეკომპანია CBS-მა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის სკანდალური ინტერვიუ გაავრცელა, რომელიც წყვილთან პოპულარულმა ტელეწამყვანმა ოპრა უინფრიმ ჩაწერა.
ინტერვიუში ჰარი და მეგანი სამეფო ოჯახთან დაპირისპირებაზე საუბრობენ. მათი მტკიცებით, ოჯახის წევრები დიდ ინტერესს იჩენდნენ მათი მომავალი ბავშვის კანის ფერის მიმართ და ხშირად ეკითხებოდნენ მათ, რამდენად მუქი ფერი შეიძლება ჰქონოდა ახალშობილს.
მეგანის მტკიცებით, სასახლეში ის თავს მარტოსულად გრძნობდა, რის გამოც სუიციდზე არაერთხელ უფიქრია, ჰარის კი მამასთან იმდენად დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რომ პრინცი ჩარლზი მის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.