„არ გინდათ ბევრი ჭკუის დარიგება და ბევრი რჩევა, არც თავის მოკვლას ვგეგმავ, არც რამე ამდაგვარს, ეს არის რეალობა…“

231

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და საუბრობს იმის შესახებ, როგორ კარგავენ ის და მისი კოლეგები ნელ-ნელა პროფესიას.

გიორგი სუხიტაშვილი:

„რამდენიმე დღის წინ, ერთ სიუჟეტს ვუყურებდი, სადაც ჩემს ინტერვიუს ეწერა “გიორგი სუხიტაშვილი – მომღერალი”.

იმაზეც დავფიქრდი, ნელ-ნელა ვეგუები იმ აზრს, რომ პროფესია დავკარგე, პროფესია და არა მუსიკა. კი მეძახიან გადაცემებში, მთხოვენ ვიმღერო,  ვისაუბრო პროფესიაზე, გავცე რჩევები, ზოგი მარიგებს ჭკუას და მომიწოდებს ჩემი კარიერული წინსვლისკენ, ახლის შექმნისკენ, მაგრამ გვავიწყდება, რომ ვინც მართლა მომღერალია და ვისთვისაც ეს არის პროფესია  და შემოსავლის ერთადერთი წყარო, ასეთი ადამიანებისთვის პროფესია დიდი ხანია გაქრა, გაქრა შემოსავალიც, გაქრა  განვითარების შესაძლებლობა, გაქრა მოტივაცია, გაქრა იმის რწმენა, რომ აი, მალე ყველაფერი დალაგდება, დღესაც ვზივარ და ვფიქრობ, რა უნდა გავაკეთო ისეთი, რომ ჩემი პროფესიით დავკავდე და სიამოვნებაც მივიღო. ვფიქრობ და ვფიქრობ, მხოლოდ ვფიქრობ. რთულია იმის განცდა 35 წლის ასაკში, რომ ყოფილი მომღერალი უფრო ხარ, ვიდრე აქტიური.

რომ გადარჩე, სხვა გზა უნდა ნახო, ხო, არა პროფესიაში, არამედ სხვაგან, არ ვიცი, კურიერი გავხდე თუ ტაქსის მძღოლი,  სხვა როლი ჯერ ვერსად ვნახე. ახლა გამოვა ვინმე და მეტყვის, წადი სოფელშიო. სოფლიდან პროფესიამ წამომიყვანა, რადგან  სიმღერა იყო, რაც მავსებდა და მაბედნიერებდა, ამიტომ ახლა არც სოფელი მინდა, არც მიწა,, არც სხვა რამე. კი ბევრისთვის შესაძლოა პესიმისტური ნაწერია ეს, შესაძლოა, ასეც არის. არ ვიცი როდემდე მოვიტყუო თავი და როდემდე ვიყო “მომღერალი”.

კარგი, მე ვარ მომღერალი, მაგრამ სად? facebook-ზე? სადღაც რომელიღაცა არხის რომელიღაცა გადაცემის რომელიღაცა რუბრიკის 3 წუთში? ამაზე ვოცნებობდი ბავშვობაში? არა!

ბევრი მეტყვის, შენ რა გიჭირს ბევრი მეგობარი გყავს და ერთი რომ დაიძახო, სამსახურებს დაგაყრიანო, ამაზე გამეღიმა ახლაც.

მოკლედ, უკეთესი მომავლის იმედი მაქვს, მაგრამ ჯერჯერობით ყოფილი და უსაქმური მომღერალი მქვია და ამას უნდა შევეგუო.

თხოვნა მექნება, არ გინდათ ბევრი ჭკუის დარიგება და ბევრი რჩევა, არც თავის მოკვლას ვგეგმავ, არც რამე ამდაგვარს, ეს არის რეალობა, ამიტომ, უფალს მიმართე, მამაოს დაურეკე, მონასტერში წადი, ფსიქოთერაპია გიშველის და ა.შ. არ გინდათ გთხოვთ…

ამ სტატუსით ბევრი კოლეგის და ბევრი სხვა პროფესიის ადამიანის სათქმელიც ვთქვი, ვგრძნობ, რომ ქვეყანას დედა არ ჰყავს, ეს შეზღუდვები და სახლში გამოკეტვა კიდევ ზემოდან “გვირგვინად” ადგას ამ სავალალო მდგომარეობას“.