80 წლის ბებომ იზოლაციაში მყოფ და-ძმას კართან საკვები დაუტოვა

1,027

ჟურნალისტი თამარ იაკობაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ემოციური ისტორიის შესახებ წერს.

როგორც თამარის სტატუსში ვკითხულობთ, მის ძმას კოვიდი დაუდასტურდა, 80 წლის მეზობელმა კი მათ საჭმელი მიუტანა.

 „დაახლოებით, ერთი კვირის წინ ჩემს ძმას კორონავირუსი დაუდასტურდა. სახლში მარტო მე და ის ვართ. კარის მეზობელი გვყავს, 80 წლის ქალი. როცა კარგი ამინდია, კარები სულ ღია აქვს ხოლმე და მთელი დღეა მესმის, როგორ გადის და გამოდის ოთახში, ჭურჭელს ახმაურებს და შემწვარი ქათმის სუნია ისეთი, შეიძლება მეზობელ კორპუსებშიც გრძნობენ.

ამ ქალმა ჩვენთვის გაამზადა თავისი საფირმო ღომი და კიდევ ბევრი რამ, დააკაკუნა და კართან დაგვიტოვა. ოთახიდან ბოდიში მომიხადა, ვერ გაქცევთ სათანადო ყურადღებასო. 80 წლისაა, რისკის ჯგუფს წარმოადგენს და მაინც გადაწყვიტა, რაღაცები გაემზადებინა. არ არსებობს ჩემთვის ამაზე უკეთესი საჩუქარი.

ჩემი ძმა რამდენიმე დღეში დაასრულებს გვიანობამდე ძილს, ჯოკერის და სხვა ათასგვარი თამაშის ვირტუალურად თამაშს.

მაგრამ, ზოია სულ იქნება ჩემთვის მაგალითი, როგორ შეიძლება იზრუნო შენთვის უცხო ადამიანებზე, თან მაშინ, როცა თავადაც რისკის ქვეშ ხარ,“- წერს თამარ იაკობაშვილი.