რას წერს ცნობილი ბერძენი ჟურნალისტი 20 წლის კაროლაინის მკვლელობასთან დაკავშირებით, რა დროსაც ქართველი იყო დაკავებული

731

ცნობილი ბერძენი ჟურნალისტი ელენა აკრიტა საბერძნეთში მომხდარ სასტიკ მკვლელობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

როგორც ის აღნიშნავს, 20 წლის კაროლაინის მკვლელობა ქართველ მამაკაცს რომ ეღიარებინა, ყველაფერი თავის ადგილზე იქნებოდა.

აკრიტა მადლობას უხდის ქართველს, რომელიც „არ გატყდა“.

“ქართველ მამაკაცს ქეროლაინის მკვლელობა რომ ეღიარებინა, ყველაფერი თავის ადგილზე იქნებოდა. ხარალამბოს ანაგნოსტოპულოსი ასე გააგრძელებდა, იქნებოდა უბედური მეუღლე და კარგი შვილი. მიხალის ხრისოხოიდისი კიდევ ერთხელ დაამარცხებდა კრიმინალს და საზოგადოება მშვიდად იქნებოდა, რომ ერთი “ცუდი უცხოელი” ციხეში ჩაჯდა. მადლობა ქართველო, რომ არ გატყდი!”-წერს ელენა აკრიტა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 20 წლის კაროლაინის მკვლელობისთვის მისი ქმარი, 32 წლის პილოტი, ბაბის ანაგნოსტოპულო დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მან დანაშაულიც აღიარა. მკვლელობის მოტივად ბოლო დროს, გახშირებული ოჯახური კონფლიქტები სახელდება.

მკვლელობა 2021 წლის მაისში, ათენის გარეუბანში​ მოხდა. თავდაპირველად დაკავებული იყო საქართველოს მოქალაქე, თუმცა მოგვიანებით მისი მონაწილეობა დანაშაულში არ დადასტურდა.