“ხატების წინაშე სასქესო ორგანოს ჩვენება ნორმალურია?”

361

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოში, ექიმების კაბინეტებში ხატების კუთხეების მოწყობის ტენდენციას ეხმაურება და ასეთ ექიმებს აკრიტიკებს. 

მისი თქმით, მსოფლიოში ყველა ექიმს კაბინეტში საკუთარი გამოცდილების დამადასტურებელი დიპლომები და სერტიფიკატები აქვს წარმოდგენილი, ქართველ ექიმებს კი – ხატები.

„იყო დრო, როცა საქართველოში „ევექსის“ სამედიცინო კორპორაციაში ვმუშაობდი, გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. პირველი რაც გავაკეთე, ყველა საავადმყოფოს შემოვლა დავიწყე. 40-ზე მეტი კლინიკა იყო.

საზღვარგარეთ ექიმთან რომ შედიხარ კაბინეტში, უკან წარმოდგენილია ის სერთიფიკატები და დიპლომები, რაც აქვს მიღებული. ექიმი ამით ამაყობს ამ თავისი დიპლომებით. საქართველოში ექიმთან რომ შევდივარ, ერთი დიპლომი არ უკიდია, სულ ხატებითაა სავსე. ექიმი ზის და უკან ხატების შპალერია. იქვე სასანთლეებიცაა, სანთლებსაც ანთებენ, გეგონება ეკლესიაში ხარ.

ექიმთან რომ მიდიხარ, წესით, იმედი უნდა გქონდეს, რომ ის გამოცდილია, ნასწავლია და გადაგარჩენს. ალბათ, ამ ექიმებს 15 წლის წინ აღებული დიპლომი აქვთ და მხოლოდ ხატის იმედზე არიან. წარმოგიდგენიათ 21-ე საუკუნეში ექიმთან რომ მიდიხართ და ის ხატის იმედზეა?! და არა საკუთარი გამოცდილებისა და განვითარების იმედზე. 

ერთი შემთხვევა მახსენდება, როცა ქუთაისში ვიყავი შემოვლაზე, შევედი პედიატრთან, რომელსაც ჭერამდე ჰქონდა ხატები კაბინეტში. პედიატრთან მიდიან ბავშვები 18 წლამდე ასაკის. ვეკთხები ამ ექიმს, აი, თქვენთან ბავშვები და მოზარდები რომ მოდიან, მაგალითად რომ მოდის 15 წლის ბიჭი, როგორ სინჯავთ? დაიბნა, მაგრამ უფროსი ვარ და ცდილობს ამიხსნას, რომ კარგად სინჯავს და სწორად აკეთებს ყველაფერს. მიხსნის რომ ამას ამოწმებს, იმას ამოწმებს. ვეკითხები, აი 15 წლის პაციენტი რომ მოდის, ტანზე არ იხდის? სასქესო ორგანოს არ ამოწმებთ? დაიბნა, მაგრამ დამიდასტურა, რომ ყველაფერს ამოწმებს. 

ჰოდა, მე ვუთხარი, აი, 15 წლის ქართველი ბიჭი, ქართელი ვაჟკაცი რომ მოდის თქვენთან, გაშიშვლდება წმინდა გიორგის ხატის წინ და თქვენ სასქესო ორგანოს ამოწმებთ, ეს ნორმალურია? 15 წლის ბიჭებს საქართველოში ცოლებიც კი მოჰყავთ… ხატის წინაშე სასქესო ორგანოს ჩვენება ნორმალურია-მეთქი? ხატის წინაშე ხდება ეს ყველაფერი? მერე დაიბნა, ვეღარ მიპასუხა.

მერე შევთავაზე და ვუთხარი ამ ექიმებს, თუ ასეთი რელიგიურები ვართ  და ღმერთი გვიყვარს, პატარა სამრეკლო ავაშენოთ ეზოში, სადაც მოძღვარიც იქნება, ხატიც იქნება, სანთელსაც აანთებ თუ რამე გასაჭირი გაქვს და ლოცვა გინდა, გექნება ადგილი, სადაც არ იქნება სასქესო ორგანოების ჩვენება ხატების წინაშე. პროქტოლოგიაზე აღარც ვლაპარაკობ…

მე დიდად ეკლესიური არ ვარ, მაგრამ წელიწადში ერთხელ გარდაცვლილი დედაჩემისთვის სანთელს ვანთებ… ღმერთი გულში უნდა გყავდეს“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.