“13-14 წლის გოგონები ისე კარგავენ ქალიშვილობას, ვერც კი ხვდებიან“

356

იაშვილის კლინიკის ექიმი, ლევან ფერაძე მოზარდების სქესობრივი განათლების საკითხს და ამ თემაზე დაუსრულებელ დისკუსიებს მწვავე პოსტით გამოეხმაურა.

მისი აზრით, აუცილებელია პროფესიონალებს, მიეცეთ საშუალება  სწორი და გამოზომილი ინფორმაცია მიაწოდონ მომავალ თაობას.

„მოიკითხეთ, რამდენი 15 წლის დედაა ქვეყანაში, 13-14 წლის გოგონები ისე კარგავენ ქალიშვილობას, ვერც კი ხვდებიან, რა მოხდა. 15 წლის ბავშვს გავუკეთე საშვილოსნოს გარე ორსულობის ოპერაცია და არაფრით იჯერებდა, რომ შეიძლება დაორსულებულიყო.

ბიჭებთან უარესადაა საქმე. პორნოსაიტებიდან იღებენ ინფორმაციას და სექსუალური ქცევის ნიმუშად მიაჩნიათ. ასევე ექცევიან შემდგომში თავის პირველ პარტნიორს.

სანამ ვინმეს ჩაქოლავთ, შედით თქვენი 10-12 წლის შვილების კომპიუტერის ისტორიაში და ნახავთ, რა საიტებზეა
„ნასეირნები“. გაიხსენეთ საკუთარი ბავშვობა. საკითხის გამო ინტერესი ჩნდება, ყველაზე გვიან 7-8 წლის ასაკში. ისინი ინფორმაციას მაინც იღებენ (მით უმეტეს ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პირობებში), მაგრამ დამახინჯებული სახით, რაც შემდგომში სხვადასხვა გადახრებში ან კომპლექსებში შეიძლება აისახოს.
მოვეშვათ ფარისევლობას, მივცეთ საშუალება პროფესიონალ ადამიანებს, სწორი და გამოზომილი ინფორმაცია მიაწოდონ ჩვენს შვილებს. მერწმუნეთ, ბევრი მომავალი ოჯახი გადაურჩება დანგრევას სექსუალური განუვითარებლობისა და კულტურის არქონის გამო“, – წერს ლევან ფერაძე.