“15 წუთში დაიწყო ჯოჯოხეთი, სუნთქვა გაუძნელდა და გალურჯება დაიწყო“

581

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ექთანი ქეთევან ცალუღელაშვილი, რომელიც კლინიკაში მოთავსებულ კოვიდინფიცირებულ მშობელს პირადად უვლიდა, დეტალურად აღწერს იმ ემოციებს, რასაც მამამისი დაინფიცირებიდან სიკვდილამდე განიცდიდა.

ქეთევან ცალუღელაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს მეცხრე დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მამას სულს ანგელოზები უფალთან მეორედ წარადგენენ.
ეს ფოტო გადავიღე იმ მიზნით, რომ როდესაც ყველაფერი მშვიდობით დასრულდებოდა სიამაყით დამედო თუ როგორ გავიმარჯვეთ ერთად ყველა სნეულებაზე. თუმცა სცენარი სხვაგვარად განვითარდა, მამიკომ დაგვტოვა, მაგრამ არასდროს ვიტყვი რომ ჩვენ დავმარცხდით, იმის მერე რაც უფალმა მამა გაიყვანა ამ წუთისოფლიდან კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ მამა კი არ დამარცხდა არამედ გაიმარჯვა (ამაში ორმაგად მარწმუნებს ის მოვლენები, რომლებიც მამას გარდაცვალების დღიდან დაიწყო და რასაც შეგნებულად არ მოვყვები საჯაროდ) გაიმარჯვა ჩემთვის ყველაზე დიდი გამარჯვებით ამ წარმავალ დროებაზე და ამგვარად მარადიული სიცოცხლე შეიძინა, მამა გ ა რ დ ა ი ც ვ ა ლ ა.

იმისდამიუხედავად, რომ ბავშვობიდან არასდროს მაშინებდა საყვარელი ადამიანის გარდაცვალებაზე ფიქრი და თავი ძალიან ძლიერი მეგონა, მამას საავადმყოფოში ჰყოფნის პერიოდში, როდესაც უფლება მქონდა საკუთარი ხელებით მომევლო მისთვის, დავრწმუნდი, რომ ძალიან მეშინოდა, მეზიზღებოდა სატურაციის საზომი აპარატი, რომლის ერთი ნიშნულის ცვლილებაც კი გულს მიხეთქავდა, მამას უუუზარმაზარ ჭრილობას მუცელზე ხშირად სრულიად მარტო ვუმუშავებდი, რაც პირველ დღეს საერთოდ ვერ წარმომედგინა, იმიტომ რომ როდესაც პირველად ვნახე ნერვიულობისგან გავფითრდი და ჩავიკეცე, თუმცა ვიცოდი რომ მამას ჰაერივით ვჭირდებოდი და მისთვის უნდა გამეძლო ეს მძიმე დღეები.

17 აგვისტოდან დავიწყე ცხოვრება მხოლოდ იმისთვის, რომ მამა სახლში ჯანმრთელი დამებრუნებინა და დედას ცრემლები აღარ დამენახა.

21 აგვისტოს პირველად მეგონა რომ მამა მტოვებდა, უცბად შეუძლოდ გახდა, ტემპერატურამ აუწია, თვალები დახუჭა, მთხოვა ხელი ჩამეკიდა და რამე კარგზე მელაპარაკა – „დედაზე მელაპარაკე, მარიამზე მელაპარაკე, ნიკაზე მელაპარაკე, თიანეთზე მელაპარაკე..“ ყელში მობჯენილი ბურთი მახრჩობდა და მიხაროდა ჩემს ცრემლიან თვალებს რომ ვერ ხედავდა, მაგრამ აკანკალებულ ხმას ვერაფერს ვშველოდი, უცბად მამას გაბუჟება დაეწყო, თქვა რომ სასიამოვნო სიმსუბუქეს გრძნობდა, ტირილით გავვარდი განყოფილების უფროსთან და მამას საშველად დავუძახე, მაშინ გადავრჩით…

23 აგვისტო მამამ დილით ადრე დარეკა და დაიბარა დღეს ქეთევანი ადრე მოვიდესო, ეს უკვე ცუდად მენიშნა, პირველი ის იყო, რომ მივხვდი იმ არაადამიანი ექთნის მორიგეობა იყო, ვისიც მამას სიკვდილივით ეშინოდა, მეორე კი ადგილზე მისულს დახვედრილი სიტუაცია დამხვდა, მამა ჭრილობიდან გამოსული სისხლნარევი სითხით დასველებულ თეთრეულში იწვა, ექთანს და ქირურგს დახმარება ვთხოვე, მაგრამ პასუხი ცივი უარი იყო, მხოლოდ და მხოლოდ მისი დაბალი სატურაციის გამო (თუმცა მამას მოწესრიგებაში იმ წუთს ეს საერთოდ ხელს არ გვიშლიდა) სიმწრისგან მინდოდა დამეხრჩო ის ექიმები ასეთი გულცივობისთვის, მათთვის მამა ერთ-ერთი რიგითი პაციენტი იყო – ჩემთვის კი ყველაფერი.

იმ დილას ყველაფერი მარტომ გავაკეთე, ჭრილობა სულ მარტომ დავუმუშავე, სიმწრის ოფლი მასხამდა, მინდოდა ხმამაღლა მეღრიალა, მაგრამ ერთი ცრემლიც არ ჩამოვაგდე, იმიტომ რომ ვიცოდი მამა მიყურებდა და თითოეულ ჩემს მოძრაობას დაძაბული აკვირდებოდა, ვეხვეწებოდი მშვიდად ყოფილიყო, რომ სუნთქვა არ აჩქარებოდა, რადგან ეს ავტომატურად სატურაციის კლებას გამოიწვევდა, მითხრა არ ინერვიულო ნახე ახლა 90-ზე თუ არ ავწიოო და არც მეტი არც ნაკლები მონიტორზე 92-ზე აიწია სატურაციის მაჩვენებელი, მშვიდობით დავამთავრეთ ყველაფერი მაგრამ 15 წუთში დაიწყო ჯოჯოხეთი, მამას სუნთქვა სულ უფრო და უფრო გაუძნელდა, მთხოვა წყალი მომესვა სახეზე და ნელ-ნელა გალურჯება დაიწყო, ექთნებს დავუძახე საშველად და მამას შუბლის, ყურების, მხრების გიჟივით ზელვა დავიწყე, ვემუდარებოდი რომ ესუნთქა, ესუნთქა და კიდევ ესუნთქა, ამ დროს მამას ტელეფონზე დედასგან ზარი შემოვიდა, თუმცა საპასუხოდ არავის ეცალა (როგორც შემდეგ გავიგე ზუსტად მაგ წუთებში, როდესაც მამა კინაღამ ხელებში ჩამაკვდა, მასზე დარდისგან დედა სახლში ჩაკეცილა და ცუდად გამხდარა).

მამა რეანიმაციაში ცოცხალი შევიყავნეთ, თუმცა ეს იყო დასასრულის დასაწყისი… 13 დღე ყველა ჩვენი კეთილის მსურველი, ყველა სასულიერო პირი, ყველა მონასტერი სადაც ხმა მიმიწვდებოდა მამამ ერთ მუშტად შეგვკვრა და ერთი მიზნისთვის გაგვაერთიანა, რომ კიდევ გაგვთენებოდა ერთად ჩემს ოჯახს ლამაზი დღეები…

… 4 სექტემბერს მამაჩემი უფალმა გაიყვანა და მარადიულ სიცოცხლეს აზიარა.

ჩვენ დარდს ორი გარემოება ამსუბუქებს: ერთი რომ მამას სული უკვდავია და მასთან განშორება არაა მარადიული, და მეორე ­ ჩვენ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ მისი სამუდამო ადგილსამყოფელის განსაზღვრაში, ჩვენ შეგვიძლია ვიზრუნოთ მისთვის“, – წერს ქეთევან ცალუღელაშვილი.