“კრიზისი ცოლთან ერთად უნდა გადალახო, მარტო ვერაფერს იზამ”

362

მსახიობი პაატა გულიაშვილი ,,სარკესთან” პირად გამოცდილებაზე საუბრობს:

– არაჩვეულებრივი მეუღლე მყავს – ნინო ტარიელაშვილი. ჩვენი უფროსი შვილი, გუგა მორაგბეა, ნიკოლოზი “დინამოს” საფებურთო აკადემიის წევრია. იმედი მაქვს, რომ ჩემს გზას არ გაჰყვებიან და ისე არ იწვალებენ და ინერვიულებენ, როგორც მე.

ჩემი მეუღლე გერმანული ენის სპეციალისტია, მაგრამ თავისი პროფესიით ვერ მუშაობს. ყოველთვის ბავშვების მოვლაში იყო ჩართული. ახლა სურვილი აქვს, იმუშაოს და იმედია, საკუთარი თავის რეალიზებას მოახდენს.მაქსიმალურად ვუფრთხილდებით ერთმანეთს. ჩვენს პატარა, თბილ ოჯახს ისე ვუვლით, როგორც შეგვიძლია.

– ცოლ-ქმარი ერთმანეთისადმი ყურადღებას რომანტიკულად გამოხატავთ?

– არ არის საჭირო, ყოველდღე რაღაც აჩუქო, მაგრამ მაინც ვცდილობ, მისი სურვილები გავითვალისწინო და ხელი შევუწყო, რომ ბედნიერად იგრძნოს თავი.

– წლების განმავლობაში თქვენს ოჯახს ჰქონია კრიზისის პერიოდები?

– კონკრეტულად ვერ მოვყვები, მაგრამ, რა თქმა უნდა, კრიზისი ყოფილა. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ერთად ვართ, გვიყვარს ერთმანეთი და ის ყველაფერი შევქმენით, რაც ჩვენ გარშემოა. ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ერთმანეთის გაფრთხილება და პატივისცემაა მნიშვნელოვანი. ყველაფერი უნდა გადალახო, ოღონდ მასთან ერთად. მარტო ვერაფერს იზამ.

– როგორ გესმით ცოლქმრული ერთგულება?

– ისე, როგორც ყველას ესმის და ისე, როგორც ნორმალურია. ეს არის ერთი დაწერილი კანონი და ასე უნდა იყოს.

– როგორ ფიქრობთ, ოჯახზე პასუხისმგებლობა ქალს უფრო მოეთხოვება თუ კაცს?

– ორივეს ერთნაირად. როგორც ქალმა, ისე კაცმა თავისი საქმე უნდა გააკეთოს.