“ამ საშინელი რუსული შოუდან უკვე მესამედ მწერენ. შარშან და შარშანწინ უბრალოდ დავსინე. წელს კიდევ მომწერეს და უკვე ამოვიდა ყელში”

მებო ნუცუბიძეს “Россия 1”-ის ერთ-ერთი მუსიკალური შოუს ქასტინგ-რედაქტორი დაუკავშირდა, რაზეც მომღერალი მიმართვას და მიმოწერის სქრინებს ავრცელებს:
“ამ საშინელი რუსული შოუდან უკვე მესამედ მწერენ. შარშან და შარშანწინ უბრალოდ დავსინე. წელს კიდევ მომწერეს და უკვე ამოვიდა ყელში.
ჩემთვის, თითქოს ელემენტარულია, რომ წინასწარვე უნდა ხვდებოდეს ადამიანი ჩემს უარყოფით პასუხს, ვერც უნდა ბედავდეს მოწერას.
რა მინდა იმ ქვეყანაში, რომელმაც ჩემი ნათესავები სახლებიდან გამოყარა და რომლის აგრესიის გამოც უშუალოდ ჩემი ოჯახის წევრები დაიღუპნენ პოსტ-ტრავმული შედეგებით? ან იმ ხალხთან რა მესაქმება, ამ ყველაფერზე რომ თვალს ხუჭავს და რაღაც აბსურდებს გაიძახის?
ოდესმე ყველამ ხომ უნდა დავუფიქსიროთ, რომ არ ვართ მათი კარის მსახურები, მომღერლები თუ მოცეკვავეები?
თუმცა, სამწუხაროდ, ამ სითავხედის საფუძველს ჩვენც ვაძლევთ, ხაჭაპურებით და ნანაინანაინანებით.”
👉 მიმოწერის თარგმანს უცვლელად გთავაზობთ:
– გამარჯობა! მე ზოია შპაკოვსკაია ვარ, მუსიკალური შოუს “Ну-ка, все вместе!” ქასთინგ რედაქტორი. გვინდა, ჩვენს შოუში მონაწილეობა შემოგთავაზოთ. იქნებ, დეტალურად განგვეხილა?
– გამარჯობა საქართველოდან.
თუ არ იცით, მინდა, გითხრათ, რომ ჩემი ქვეყნის ორი რეგიონი რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების მიერაა ოკუპირებული. მაშასადამე, ჩემთვის სრულიად მიუღებელია, დავუკრა და ვიმღერო იმ ოკუპანტ ქვეყანაში, რომელმაც მოკლა და ახლაც კლავს და აპატიმრებს საქართველოს მოქალაქეებს. რუსეთს ამჟამად ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული.
ამას დამატებული, ინტერესის გამო გადავხედე თქვენი შოუს რამდენიმე ეპიზოდს და სულაც არ გამკვირვებია, რომ ქართველებს მუდამ “ხაჭაპურისა” და “ნანაი-ნანაი-ნანას” ხალხად ხატავთ. მსგავსი არასწორი სტერეოტიპებით შექმნილი კარიკატურული სურათები ჩემთვის ასევე სრულად მიუღებელია.
მე ჩემი კულტურითა და ისტორიით ამაყი ქართველი ვარ და არ მინდა, იმ შოუში მივიღო მონაწილეობა, რომელიც ჩვენს მემკვიდრეობასა და ღირებულებებს ამცირებს.
მადლობა და ნახვამდის მანამ, სანამ ჩვენს ტერიტორიებს დავიბრუნებთ.”
ასევე იხილეთ