რისი შიში გადაალახინა რუსკა მაყაშვილს თავდაჯერებულობამ?

526

რუსკა მაყაშვილი, გარდა იმისა, რომ უკვე ორ შვილს ზრდის, პარალელურ რეჟიმში ორი დიდი პროექტის ნაწილია და ყველაფრისთვის დროის გამონახვა, რაც შეიძლება ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ჩანდეს, როგორც ამბობს, საერთოდ არ უჭირს.

რუსკა მაყაშვილი: უფრო მეტად დატვირთული გრაფიკიც მქონია. მთავარი მონდომებაა, თორემ ერთდროულად ორ ადგილზეც ვყოფილვარ (იცინის). მე თუ მკითხავთ, ადამიანს შეუძლია, ორივე ბავშვთან ერთად იყოს, პატარა ბუნებრივად კვებოს და საქმეებიც ისე გადაანაწილოს, როგორც მას სჭირდება. არსებობს კლიშე, რომლის მიხედვითაც, რადგან ბავშვი ახალი გაჩენილი გყავს, ყველაფერში უნდა შეიზღუდო თავი, რაც, ჩემი აზრით, საერთოდ არ არის საჭირო. მგონია, რომ შვილების დაბადების შემდეგაც ჩვეულებრივად უნდა გააგრძელო ცხოვრება და ასე უფრო ბედნიერი და პროდუქტიული იქნები მათთვის. თუ ქალს ფიზიკურად არ შეუძლია სამსახურში გასვლა და არც უნდა, მათ გადაწყვეტილებასაც პატივს ვცემ. თუმცა, მე მეორე შვილზე მით უმეტეს, აღარ შემიზღუდავს თავი და საქმეებს შევეჭიდე. ორი შვილი კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობაა, კიდევ უფრო მეტი საჭიროება გაქვს და მეტი მუშაობაც გიწევს. მგონია, რომ დედა ყველაზე უკეთ ხვდება, რა და როგორ გააკეთოს და არავის დახმარება არ სჭირდება, პირველ შვილთანაც ყველაფერს ძიძის გარეშე ვაკეთებდი და მეორეზე – მით უმეტეს, სამი წელი არ არის იმხელა დრო, რომ რამე დაგავიწყდეს, ამიტომ, ბევრად მარტივად მივუდექი და ის შეცდომები, რაც ილიას გაჩენის შემდეგ დავუშვი, ის კომპლექსები, რომელიც მაშინ მაწუხებდა, ამჯერად აღარ მქონია.

– კატო გადაცემაშიც გყავდა, საერთოდ როგორი მიდგომა გაქვს, თან დაგყავს ხოლმე ბავშვები თუ შენ ახერხებ სახლში შერბენას, როცა საჭიროა?

– ყველაფერი ერთადაა. ხანდახან ჩემთან ერთად მოდის, ხანდახან მოჰყავთ, რომ ვაჭამო, ზოგჯერ ჩემს დას ვუტოვებ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, თან დავათრევ (იცინის). ადრე ილია დამყავდა თან, ახლა – კატო.

– ილიას არ აქვს პროტესტი? მახსოვს, თავიდან ძალიან ეჭვიანობდა.

– კი, როგორ არ აქვს. როცა ოჯახში ახალი ბავშვი ჩნდება, ძალიან ნორმალურია, რომ უფროსი შვილი ნერვიულობს და ძალიან ეჭვიანობს. განცდებშია, არ იცის რა იქნება მომავალში და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ილიაზე ვიყოთ გადართულები, რომ მან ცვლილება არ იგრძნოს. კატო უკვე უყვარს, მაგრამ მაინც აწვალებს. ჩემი და რომ ამბობს ხოლმე, კატოს წავიყვან, გავასეირნებო, ილია წინააღმდეგია, უყვარს და უნდა ახლოს ჰყავდეს, მაგრამ თან უნდა აწამოს. ერთი წამით ვერ მოადუნებ ყურადღებას. ჩემი მეგობარი ხუმრობდა, მეორე ბავშვი რომ გამიჩნდა, სამი თვე კარადაზე მყავდა შემოსმული და იქ ვცხოვრობდითო, იგივე მდგომარეობა გვაქვს ჩვენც (იცინის).

– კატოს დაბადების შემდეგ პანდემიის გამო სახლში არ ჩაკეტილხარ?

– არა, სახლში ჩაკეტვაზე არც პირველ შვილზე მიფიქრია და მეორეზე – მით უმეტეს. თან, ზაფხული იყო და სახლში რა გამაჩერებდა. ზღვაზე მყავდა ბავშვები წაყვანილი. მთავარია, რეგულაციები დავიცვათ და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მთელი ჩვენი ოჯახი აცრილია, პირბადესაც ვატარებთ და დისტანციასაც ვიცავთ, მშვიდად ვარ. საერთოდ, მგონია, რომ როცა რამეს თავისუფლად უდგები, ბევრად მარტივია. უხეშად რომ ვთქვა, როცა ბავშვს კენგურუთი ყველგან თან დაათრევ, უფრო მარტივად აკეთებ ყველაფერს. არ არის საჭირო დამატებითი სირთულეების შექმნა. თუნდაც ბუნებრივი კვება ავიღოთ. დედებს ხშირად ეზარებათ ეს პროცესი და შვილები ხელოვნურ კვებაზე გადაჰყავთ. რატომ, როცა შეგიძლია, გამოიწველო რძე, გაყინო და სახლიდან რომ მოგიწევს გასვლა, ბავშვი ისევ შენს რძეს მიიღებს. ამაში რთული არაფერია. მე რომ მკითხო, ყველაზე მარტივია. საერთოდ, მგონია, რომ არ არის საჭირო ტრაგედიების შექმნა. მარტივი მიდგომა ყველაზე კარგი გზაა. ეს ჩემს შემთხვევაში ამართლებს. თუნდაც ჩაცმა ავიღოთ. ზაფხულში, თბილისში 40 გრადუსი რომ იყო, ვერიდებოდი ბავშვის სახლიდან გამოყვანას, მაგრამ ერთხელ მომიწია ერთ-ერთ მოლში კატოსთან ერთად შესვლა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ საფენი ეცვა. მაშინ, მგონი, ერთი თვისაც არ იყო. და საერთოდ, ახალდაბადებულ ბავშვს, ჩვენთან შედარებით ათი გრადუსით მეტად ცხელა და ხომ წარმოგიდგენიათ, კიდევ რომ რამე ჩამეცმია, რა დღეში ჩავარდებოდა?! მოკლედ, დაინახეს, რომ ბავშვი საფენის ამარა მიწევს ეტლში. უცებ მომიტრიალდა ვიღაც კაცი და მეუბნება: ვაიმე, ტიტველია ბავშვი და ცოდვა არ არისო?! საშინელებაა, როცა აბსოლუტურად უცხო ადამიანი ასეთ კითხვას გისვამს და ყველას ვურჩევ, არასდროს ჩაერიონ მსგავს საკითხებში. ამ ადამიანს კითხვითვე ვუპასუხე – რატომ არის ცოდო-მეთქი? შიშველია და არ სცივაო? ბატონო, გარეთ რამდენი გრადუსია-მეთქი, ორმოცი იქნებაო. თქვენ გცივათ-მეთქი, არაო. აბა, ამ ბავშვს რატომ უნდა სციოდესო-მეთქი და უი, მართალი ხარ, მაგაზე არ მიფიქრია. მგონია, ქართველი დედების სენია, რომ ბავშვს ყოველთვის თბილად უნდა ეცვას. ჩემი შვილიშვილები სულ ჩაფუთნული დაჰყავს ჩემს შვილს, წავალ და ვურჩევ, ამოასუნთქოსო. რეალურად, სულაც არ არის საჭირო ბავშვის შეფუთვა. ასე ოფლიანდება და ამიტომაც ცივდება, ძალიან მარტივი ლოგიკაა. მერე იტყვიან, თავზე ქუდი რომ არ ეხურა და ფეხი ჰქონდა შიშველი, იმიტომ გაცივდაო და კიდევ უფრო მეტს ჩააცმევენ. ერთ-ერთმა ძალიან მაგარმა ნევროპათოლოგმა, ბაკურ კოტეტიშვილმა მითხრა: მე არაფერს ვერჩი ბებიებსა და ბაბუებს, მაგრამ შენ ხარ დედა და ისე მოიქეცი, როგორც თავად ჩათვლი სწორად, არასდროს მოუსმინო ბებია-ბაბუებსო. მე ამას ცუდ კონტექსტში არ ვამბობ. ბებია-ბაბუებში კი უნდა გაგიმართლოს, როგორც მე გამიმართლა, მაგრამ მშობლის გადასაწყვეტია, როგორ გაზრდის საკუთარ შვილს. მე თამრიკოსა და მაკოს ყოველთვის ვუსმენ, მაგრამ საბოლოოდ ჩემს ინტუიციას ვეყრდნობი. პედიატრია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგია და მიდგომები ლამის ყოველ დღე იცვლება, ყველაფერი მარტივდება და ბებია-ბაბუების მეთოდებით ცხოვრება არასწორია. ამიტომ ამბობენ უხეშად, არ დაუჯეროთ მათო, თორემ უფროსებს კი არაფერს ერჩიან. მათ ბევრ რამეში უნდა დავუჯეროთ, მაგრამ ჩვენი შვილები ჩვენ უნდა გავზარდოთ. დედაზე უკეთ ვერავინ გრძნობს შვილის საჭიროებას. სანამ ილია გაჩნდებოდა, ძალიან ვნერვიულობდი. მეშინოდა, მეგონა, მის დაბანასაც კი ვერ შევძლებდი, მაგრამ გაჩნდა თუ არა, იმ წამიდან ყველაფერს

ერთი ხელით ვაკეთებდი, თან დაუხმარებლად. ყველაფერი დედის თავდაჯერებულობაზეა დამოკიდებული და ამიტომ ფეხმძიმე ქალმა საკუთარი შესაძლებლობების აუცილებლად უნდა ირწმუნოს.

– პროექტებს, ორი შვილის დედობას გამოფიტვამდე მიჰყავხარ თუ შეგიძლია ყველაფერს ძალიან ენერგიულად გაუმკლავდე?

– არავინ თქვას, რომ რთული არ არის, როცა ბავშვი ძუძუზე გყავს, მართლა იფიტები და ბევრი რამ გჭირდება ენერგიის მოსამატებლად. თმა გცვივა, კბილები ცუდ დღეში გაქვს და ძალა ბოლომდე რომ არ გამოგეცალოს, უნდა შეეცადო, მაქსიმალურად ჯანსაღად იცხოვრო, მაგრამ ამას ხომ შენი შვილისთვის აკეთებ და ეს ხომ სამუდამოდ არ გრძელდება?! პანდემიამ ისედაც დიდი ხანი დაგვსვა სახლში და ახლა ისეთი ენერგიული ვარ, ყველაფერს მოვერევი, თუმცა, არც აქამდე ვუჩიოდი მის ნაკლებობას (იცინის).

ილია საოცრად ცელქია, საოცრად და მასთან ერთად ჩვილიც მყავს, მაგრამ მათთან ურთიერთობით საოცარ სიამოვნებას ვიღებ. ხალხს სამი და შვიდი შვილი ჰყავს და მე ორმა როგორ უნდა დამღალოს?! ორი შვილის წინაშე არსებული პასუხისმგებლობის გააზრება დამღლელი ნამდვილი არის, მაგრამ ეს ყველაზე სასიამოვნო დაღლაა. ილიაზე არ ვაღიარებდი, თუმცა, ახლა შემიძლია ვთქვა, რომ კი, ცოტა ვიღლები, მაგრამ სასიამოვნოდ.

– როგორია პატარა ქალბატონი?

– პატარა ქალბატონი – კატო არის საოცრად მხიარული და მოუსვენარი. დისგან განსხვავებით, ილია ამ ასაკში ბევრად მშვიდი იყო, ხელში აყვანას არ ითხოვდა. ამას ეტყობა, რომ გოგოა. მაქსიმალურად ვცდილობ, ნაკლებად ავიყვანო, მაგრამ როცა ძალიან მთხოვს, მერე ვეღარ ვეუბნები უარს (იცინის). ისე, ძალიან საყვარელი, კონტაქტური და ხითხითა ბავშვია.

– რაც შეეხება ახალ გადაცემას – The Talk – ამ ფორმატში არაერთ ტაბუდადებულ თემაზე ისაუბრე პირადი გამოცდილების შესახებ. არ გაგიჭირდა?

– მართლა ისეთ რამეებზე ვისაუბრე ამ ფორმატში, რაც შეიძლება, არასდროს მეთქვა, იმიტომ, რომ ნამდვილად რთულია. ამ გადაცემაში ყველა ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ვსაუბრობთ, მგონია, ეს მაყურებლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასეთ თემებზე ზოგადი საუბრები მოსაწყენია. ვსაუბრობთ ტაბუირებულ თემებზე, რომელიც 21-ე საუკუნეშიც კი არ არის გახსნილი. ეს ჩემთვისაც ახალია, აქამდე ყოველთვის შოუები მიმყავდა და ეს სულ სხვა მიმართულებაა. ახლა ჩემს თავსაც ახალი კუთხით ვიცნობ და ვხვდები, რომ შეიძლება, აქ მაყურებელმა სხვა რუსკა ნახოს, რომელსაც მარტო ყვირილი კი არა, სხვა რამეებიც შეუძლია. არ ვამბობ, რომ პირდაპირი ეთერის „დრაივი“ ნაკლებად რთულია, მაგრამ ეს კიდევ სხვა არის და მართლა ძალიან გულწრფელად ვამბობ, უამრავმა ადამიანმა მომწერა მადლობა ამ თემებზე საუბრის გამო. ასე, რომ ძალიან მოტივირებული ვარ.