“შეცდომა იყო ერთ შვილზე გაჩერება, მაგრამ ზოგჯერ ტრანსპორტის ფულიც არ გვქონდა“

552

ქართული ესტრადის ერთ-ერთმა პოპულარულმა სახემ, მომღერალმა ლაშა ღლონტმა, თავის დროზე პროფესიად ექიმობა, კერძოდ კი, ქირურგობა აირჩია და დიდხანს იყო ჰიპოკრატეს ფიცის ერთგული.

დიდი ბაბუა დედის მხრიდან რაჭის ერისთავი ჰყავდა, რომლის სახელს ხალხურ ფოლკლორში “ასლანური მრავალჟამიერი” უკავშირდება. სიმღერის გენეტიკურმა სიყვარულმა მოსვენება დაუკარგა და საკუთარი თავი გურამ თამაზაშვილის მიერ შექმნილ ანსამბლში იპოვა. თავიდან ქალაქური სიმღერების მიმართულებას ხელმძღვანელობდა, მაესტროს გარდაცვალების შემდეგ კი მისი საქმის გამგრძელებელი და სულისჩამდგმელი გახდა. მომღერალმა ,,სარკეს” საქმესა და პირადზე უამბო.

– როგორც მომღერალი, ცნობილი იყავით სამედიცინო წრეებსა და სამეგობროში, გქონდათ სამსახური თქვენი სპეციალობით. ბოლოს სასჯელაღსრულების სამედიცინო სამსახურშიც მუშაობდით. რთული იყო ასეთ დაწესებულებაში მუშაობა? ამ სირთულემ ხომ არ განაპირობა თქვენი წამოსვლა იქიდან?

– მე ქირურგი ვარ, ბევრგან მომიწია მუშაობა. რაც შეეხება სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებას, განსაკუთრებულად მძაფრად არ აღმიქვამს ჩემი იქ მუშაობა. ჩემთვის სტაციონარში მყოფი პატიმარი უპირველესად ადამიანი იყო…შემდეგ მქონდა თვალის პრობლემა, ოპერაციის გაკეთება მომიწია. ქირურგის პროფესიაში კი მხედველობა გადამწყვეტია.

-მეორე შვილიშვილი შეგეძინათ. ერთადერთი ქალიშვილის მამა ხართ, ზედმეტად ხომ არ ნერვიულობდით?

– რა თქმა უნდა, ძალიან ვღელავდი, მაგრამ პირველ ფეხმძიმობასთან შედარებით უფრო დამშვიდებული ვიყავი… ბაბუობა და მამობა თითქოს გაერთიანდა და ერთ დიდ სინაზის და სიყვარულის გუნდად გადაიქცა.

– თუ უხერხული არ არის, იქნებ მითხრათ, თქვენ და თქვენმა ცოლმა რატომ არ იფიქრეთ მეორე შვილზე?

– ჩვენ ძალიან ახალგაზრდები შევუღლდით, იყო მძიმე 90-იანი წლები, დიდი გაჭირვება… ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ შეცდომა იყო ერთ შვილზე გაჩერება, მაგრამ მაშინ ასე არ იყო. ზოგჯერ ტრანსპორტის ფულიც არ გვქონდა.