“მეგობარმა ბანკის ვალები დამადო და ამერიკაში მოხუცის მომვლელად გამოვიქეცი”

393

შუაგულ ნიუ იორკში პანდემიამდე ერთი და იმავე სახელწოდების ორი ქართული რესტორანი ფუნქციონირებდა. ერთი ლოკდაუნებს შეეწირა, მეორეში  კი ისევ შეუძლიათ აჭარული ხაჭაპურისა თუ ხინკალის დაგემოვნება ,,ოდა ჰაუსში”.

რესტორნის მეპატრონე პლასტიკური ქირურგი, მაია დვალაძე, გახლავთ. ის წლების წინ საქართველოდან საბანკო ვალების გამო წავიდა და ამერიკაში მოხუცის მომვლელად დაიწყო მუშაობა. მერე მისი ცხოვრება მეგობრისთვის გამომცხვარმა ტორტმა შეცვალა. ამ ისტორიას მაია დვალაძე ,,სარკეს” უამბობს.

– საქართველოში ცნობილი პლასტიკური ქირურგი იყავით. 17 წელი იმუშავეთ ამ სფეროში. რამ გადაგაწყვეტინათ პროფესიის შეცვლა და თან შორეულ ქვეყანაში გამგზავრება?

– მე და ჩემი შვილის ნათლიამ ერთად გავაკეთეთ კლინიკა. მისი იყო შენობა, მაგრამ რემონტი და ბევრი რამ მე გავაკეთე. კლინიკის გახსნიდან 9 თვის თავზე მითხრა, რომ აღარ უნდოდა ეს თანამშრომლობა. დამედო ბანკის დიდი ვალი. ჩემი სახლი და ყველაფერი ბანკში მქონდა ჩადებული. 8 თვეში ამ ფულს ვერაფრით ამოიღებდი…

მაშინ ჩემი მარიამი წლინახევრის გახლდათ. მისი დატოვება მომიწია და ისე წამოვედი…საფრანგეთში მაქვს პლასტიკური ქირურგია გავლილი. ჩემი პროფესორი მსოფლიო ხუთეულში შედიოდა… სამი დიპლომი მაქვს პლასტიკურ ქირურგიაში…

 მაგრამ პლასტიკურ ქირურგიაში ვეღარ დასაქმდით…

-მეგობარს ტორტი გავუკეთე დაბადების დღეზე. მე ვერ წავედი იმ დღეს, მაგრამ ღამე დამირეკა, ხალხი მეკითხება, ვინ გამოაცხოო და შეიძლება, რომ შენი ტელეფონი მივცეო. მეორე დღიდან დავიწყე ტორტების ცხობა. უამრავი ადამიანი მირეკავდა.

აქ რომ ჩამოვედი, ბებიის მომვლელად დავიწყე მუშაობა. 18 თვე ვიმუშავე და ფაქტობრივად მთელი ვალები ამ ბებიამ გამასტუმრებინა. ამის მერე გამოჩნდა სხვა გზა…