ლევან ყოჩიაშვილის პერსონაჟი სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ ცოლს შეურიგდა. ზოგს გაუხარდა ოჯახის გაერთიანება, ზოგისთვის ეს უთავმოყვარეო ნაბიჯი აღმოჩნდა.
ლევან ყოჩიაშვილი: დათოს და ნინას შერიგებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ათი წლის განმავლობაში ამ პერსონაჟების ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა და რთულია, ყველა სიტუაცია საკუთარ თავზე წარმოიდგინო. ყველა სხვადასხვანაირად იქცევა, ესენი ასე მოიქცნენ და სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცი, ამ მდგომარეობაში რას გავაკეთებდი. მსახიობი საკუთარ თავზე ვერ გამოცდის ყველაფერს, რისი თამაშიც უწევს და ხშირ შემთხვევაში, წარმოდგენაც რთულია.
– ადრე, სანამ ნინასა და დათოს ოჯახში არეულობა დაიწყებოდა, მაყურებელს ძალიან უყვარდა ეს წყვილი და მახსოვს, საჩუქრებსაც გიგზავნიდნენ. სცენარის ცვლილებასთან ერთად თუ შეიცვალა მათი დამოკიდებულება?
– კი, მაყურებლის დამოკიდებულებაც მიჰყვება ხოლმე სცენარს. თვალს რომ გადევნებენ, მერე შენიშვნებიც აქვთ, რამე თუ არ მოსწონთ, იმასაც გეუბნებიან. ეს სასიამოვნოა. ადამიანები ოჯახის წევრებად აღგიქვამენ და გულწრფელები არიან. ამდენი ხანია, ტელევიზორში გიყურებენ და რა გასაკვირია. თუ რამე კარგი ხდებოდა, ქებაც იყო და შენიშვნებიც მოუციათ, გამოსწორდით ასე არ გინდათო. თუნდაც შერიგება ავიღოთ, ერთ-ერთ გადაღებაზე გამვლელი მოვიდა და მეუბნება, ძალიან გთხოვთ, შერიგდით და სახლში დაბრუნდითო.
– ანი ტყებუჩავამ თქვა, დავუწუნებივართ მიზეზით – „ძალიან ჩცდ-აო“. გქონიათ ასეთი გამოცდილება?
– სხვათა შორის, არ მქონია. სიმართლე გითხრათ, სერიალში თავიდანვე ისეთი დატვირთვა გვქონდა, ბევრ სხვა რამეში ვერც მივიღებდი მონაწილეობას. არც ქასთინგებზე ვყოფილვარ, რომ დავეწუნებინეთ. ის, რომ ამ სერიალთან ვასოცირდებით, ბუნებრივია, ამას ვერაფერს ვუზამთ, თუმცა ცუდთან არაფერთან ვასოცირდებით. ასე შეიძლება, ცხოვრებაში ერთხელ გაგიმართლოს. ჩვენსავით პატარა ქვეყანაში ასეთი რამ მეორედ არ მოხდება.
– თუმცა, მარტო დათოც არაა, ხმაც ძალიან ცნობილი გაქვთ.
– დიახ, ხმის ამბავი უფრო ადრე იყო და წლებია, გრძელდება. გახმოვანებაც ჩემი პროფესიის ნაწილია. თუ ამ ყველაფერთან ერთად თეატრიც იქნება, ძალიან კარგი. მე ვიყავი „სამეფო უბნის თეატრის“ დასში, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ არ მიყვარს გადარბენაზე ყოფნა, წამოვედი. თეატრს სხვანაირი ერთგულება სჭირდება და არ მომწონს, როცა რამეს ვაკლებ ჩემს საქმეს და მერე სირბილით მიწევს რაღაცების კეთება. ვიგრძენი, თუ იქაც ვიქნებოდი, მერე სულ გულამოვარდნილს უნდა მერბინა და ამიტომ გავჩერდი. თუმცა, ალბათ, ისევ მოვა დრო, როცა თეატრს დავუბრუნდები.
– შერიგებამდე დათომ ნინა მოიტაცა. ეს არ იყო დათოს რომანტიკულობის გამოვლინება, უფრო მერაბის დამსახურება იყო, მაგრამ თქვენ თუ გახასიათებთ მსგავსი ნაბიჯები? მით უმეტეს, ადრე მოტაცება ჩვეულებრივ ამბად მიიჩნეოდა.
– ეს ჩვენი ჩაშლილი მოტაცება იყო (იცინის). მე არა, მსგავსი არაფერი გამიკეთებია. არასდროს მომწონდა მოტაცება, მიუხედავად იმისა, რომ იმ თაობის წარმომადგენელი ვარ. თუმცა მონაწილეობა მიმიღია გოგოს მოტაცებაში. ჩემთვის არა, მეგობრებისთვის. კიდევ კარგი, ახლა აღარ არის ეს მეთოდი მიღებული. თუმცა, მაშინდელი ამბებიც, რაც მახსენდება, მე სიძეს ვახლდი, თუმცა გოგონების მანქანაში ჩატენა არ მომხდარა, ეს უფრო გაპარვას ჰგავდა და მეგობრები ხელს ვუწყობდით. აი, დაახლოებით, სანდროსა და ზაზასნაირად, მერაბისნაირი აქტიური არ ვყოფილვარ (იცინის).
– დათოსთან მიმართებაში ხშირად გვესმის – სტანდარტული და ტრადიციული ქართველი კაციაო, თუმცა არასახარბიელო გაგებით. მოდი, თქვენთვის ძვირფას ტრადიციებზე ვისაუბროთ…
– მე მართლა მომწონს ჩვენი ტრადიციები. ცოტა გადამეტება ვიცით ხოლმე, მაგრამ საერთო ჯამში, ყველა მომწონს. ეს ჩვენი კულტურისა და ისტორიის ნაწილია, ჩვენი მამა-პაპიდან გადმოგვეცა. დროთა განმავლობაში ბევრ რამეს ეცვლება ფორმა და ხასიათი, მაგრამ პატივისცემას იმსახურებს. რაც განსაკუთრებით კარგად მახსოვს მშობლებისგან და ბებია-ბაბუისგან, ვცდილობ, ის გავიმეორო, თუ გამომივა. როცა ბავშვობის მოგონებები შინაგანად გამდიდრებს, ცდილობ, დავიწყებას არ მისცე. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. თუნდაც, სუფრა ავიღოთ ან მასპინძლობა, ახალი წლის აღნიშვნა, ოჯახური დღესასწაული, შეკრებები. ჩვენ სამი დედმამიშვილი ვართ და ყველა ერთად რომ ვიკრიბებით სახლში, განსაკუთრებულად სასიამოვნო გარემოა, ეს ყოველთვის განსაკუთრებულად მითბობდა გულს. როცა ყველა ერთად ვიყავით, იმ დროს ხომ თავს ძალიან დაცულად და ბედნიერად ვგრძნობდი, ამიტომ კარგად მახსენდება და ვცდილობ, შევინარჩუნო.
– მაინცდამაინც რომ არ გიყვართ, ისეთი ტრადიცია გამოვყოთ.
– არ მიყვარს, როცა ადამიანებს სმას აძალებენ. როცა კაცი გეუბნება, რომ არ უნდა, არ უნდა და მორჩა. არ ჯობს, კარგ ხასიათზე ვიყოთ და ის გავაკეთოთ, რაც გულით გვინდა?! არასდროს არავისთვის დამიძალებია დალევა, თუ არ უნდა, რა პრობლემაა. კიდევ დროზე დამთავრებაა ძალიან კარგი (იცინის). შეიძლება, ახლა ცოტა ასაკიც მალაპარაკებს, მაგრამ მგონია, რომ ზომიერების ფარგლებში ყველაფერი კარგად გამოიყურება.
– ისე, დათოსავით გამოგდით თამადობა და სასმლის ატანაც შეგიძლიათ?
– ადრე უფრო მეტს ვიტანდი, მაგრამ ახლაც – ნორმალურად. თამადობა მართლა მიყვარს, მაგრამ ვიწრო წრეში, ხუთ-ათ კაცს ვგულისხმობ. მიყვარს, როცა მეც მისმენენ და მეც ვუსმენ სხვებს. დიდ სუფრაზე – არა. სხვებიც ამბობენ, რომ კარგი თამადა ვარ, მეუბნებიან ხოლმე, შენ ითამადეო და მეც უცებ ვთანხმდები, ბევრი ხვეწნა არ მჭირდება.
– ხშირად გვესმის, რომ გადავგვარდით, რომ ქართველობას გვართმევენ – რას ფიქრობთ ამ თემებზე?
– ქართველობის წართმევას რაც შეეხება, მე მგონია, რომ ძნელია ისეთი ერი გადააგვარო, როგორიც ჩვენ ვართ. ჩვენ თუ ყველაფერს ხაზს გადავუსვამთ, გადავგვარდებით, მაგრამ ჩვენს ერში არის ღირსება და ზრდილობა, ამ თვისების მატარებლები იყვნენ ჩვენი წინაპრები და ჩვენ ხომ მათი შთამომავლები ვართ?! როცა ქვეყანაში სვეტიცხოველი და ალავერდია, ის ასე უბრალოდ ვერ გადაგვარდება, არ გამოვა. ვერავინ შეძლებს ჩვენს გადაგვარებას თუ ჩვენ თვითონ არ მოვინდომებთ ამას. ალავერდში რომ შედიხარ, ისე ინუსხები, ცრემლები მოგდის და ამის პატრონს, უცხომ რა უნდა წამართვას, თუ თვითონ არ წავართვი რამე საკუთარ თავს?!