მარინა ბაბუნაშვილმა ფეისბუქში დაწერა:
კიდევ ერთი კარგი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა კოვიდმა. ყოველდღიური სტატისტიკა შოკის მომგვრელია: 50, 70, 87…ისე შევეჩვიეთ სიკვდილს, ამ ციფრებზე გული მოგვეწურება ხოლმე, თავს გადავიქნევთ სინანულით და შებრალებით და ისევ ვაგრძელებთ დაფეთებულ ცხოვრებას…მაგრამ ახლობლის სიკვდილი, ვისთანაც ბავშვობა გაქვს გატარებული, ვისთანაც უამრავი ტკბილი მოგონება გაკავშირებს, სულ სხვა ტკივილი და ემოციაა. რამდენი გამწარებული და ატირებული ადამიანია თითოეული გარდაცვლილის უკან, წარმოგიდგენიათ?
ამ ორი კვირის წინ უახლოესი მეგობარი დავკარგე, კოვიდმა იმსხვერპლა ისიც. ჯერ იმ სტრესიდან არ გამოვსულვარ, ახლა პაატა! ჩვენი მეათე სკოლის, დოდო მახარაძის ექსპერიმენტული კლასის გამორჩეული ბიჭი, თავისი გარეგნობით, ინტელექტით და ოჯახიშვილობით.
რა ძნელია იმის გაცნობიერება, რომ პაატა მშვილდაძე აღარაა და კლასელების შეხვედრაზე გვერდს ვეღარ დაგვიმშვენებს. პაატა, ფიქრიც არ მინდა იმაზე, როგორ გაუჭირდებათ უშენოდ შენს დედას და დაიკოს.
გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკის პერიოდში გვიწევს ცხოვრება. ბეწვის ხიდზე დავდივართ. ჩვენო კარგო და ნათელო ბიჭო, ნათელში იყავი, ძალიან გვიყვარდი და ამ სიყვარულს იმსახურებდი, დიდი და კეთილი გული გქონდა და იმიტომ…
ჩვენს მოგონებებში სულ იქნები ანთებულ სანთელთან ერთად. შეხვედრამდე…ჩვენ ყველანი ხომ ერთად ვიქნებით ოდესღაც, ზოგი ადრე, ზოგიც გვიან, ამიტომაც დროებით!”