“სიყვარული როცა მთავრდება, მაშინ კვდება ადამიანი”

336

ბლიცინტერვიუ მანანა ბერიკაშვილთან.

– მოგონება ბავშვობიდან…

– 11 წლის ვიყავი, როცა ჩემი ძმა დაიბადა. მშობლები სულ მუშაობდნენ და სკოლიდან რომ მოვდიოდი, ზურა ჩემი ზედამხედველობის ქვეშ იყო ხოლმე. ერთხელაც დავბრუნდი სკოლიდან, სახლთან დამხვდა სასწრაფო, დედაჩემი იყო ცუდად. აღმოჩნდა, რომ თამაშის დროს ჩემს ძმას გადაუყლაპავს ლურსმანი. თვითონვე მომიყვა: „ჩაჩუჩი, ლურსმანი და ჰოპ“. დავიწყე ჩხუბი, ბავშვს ვერ მიხედეთ-მეთქი (იცინის). საბედნიეროდ, გადავრჩით, „შურუფი“ ყოფილა და არა ლურსმანი. მახსოვს, როცა ბავშვები ეზოში დარბოდნენ და თამაშობდნენ, მე ეტლითა და წიგნით ხელში ვიყავი.

– მშობლების როლი…

– ძალიან დიდი როლი ითამაშეს. სკოლის პარალელურად, ძირითადად აღზრდა სახლში, მშობლებისგან მივიღე. მერე, როცა თეატრალურზე ჩავაბარე, ყოველთვის ვიღაცის ვიღაცა ვიყავი. დედა თეატრალურ ინსტიტუტში მუშაობდა, მამა – თეატრში და ხან ვიღაცის ძმისშვილი ვიყავი, ხან ვიღაცის ახლობელი და ამის გამო, მაგისტრატურაზე სასწავლებლად მოსკოვში გავიქეცი, მინდოდა, გამეგო, რა შემეძლო დამოუკიდებლად. თუმცა, მამაჩემი იყო ყველაზე დიდი სკოლა, რომელიც ცხოვრებაში გავიარე, ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდი როლი მან ითამაშა.

– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი…

– კარგად ვწერდი და ფიქრობდნენ, ჰუმანიტარულ განხრას ავირჩევდი, მაგალითად, უნივერსიტეტში ჩავაბარებდი ფილოლოგიურზე. ასევე მიყვარდა ფსიქოლოგიაც და ბევრს ვკითხულობდი ამ თემაზე, ხელიდან მართმევდნენ ხოლმე უზნაძეს. საბოლოო ჯამში, თეატრალური ავირჩიე.

– ჩემი პროფესია განაპირობა…

– ოჯახმა. თვალი, რომ გავახილე მის მერე ვცხოვრობდი თეატრში ან თეატრალურ ინსტიტუტში. მშობლებს დამტოვებელი არ ჰყავდათ და ხან ერთს დავყავდი სამსახურში, ხან – მეორეს.

– ჩემი მეტსახელი…

– გვარიდან გამომდინარე, სკოლაში „ბერიკას“ მეძახდნენ და ახლაც მეძახიან ხოლმე.

– ადამიანში ვაფასებ…

– გულწრფელობას და იმის უნარს, რომ ადამიანმა თვალებში შემოხედვა და საუბარი ყოველგვარი ქვეაზრების გარეშე შეძლოს.

– წარმატებული ადამიანი არის…

– ის, ვინც საკუთარი საქმის პროფესიონალია და ზედმიწევნით კეთილსინდისიერად ასრულებს მას. არ აქვს მნიშვნელობა, ის მსახიობი იქნება, პედაგოგი თუ მეეზოვე, მთავარია, თავისი საქმის პროფესიონალი იყოს.

– მწამს…

– ღმერთის, სიკეთისა და სიყვარულის.

– ღმერთის ჩემეული აღქმა…

– ღმერთი არის სიყვარული, ეს ორი ცნება ჩემთვის ერთმანეთისგან განუყოფელია.

– მეშინია…

– ძალიან მეშინია უზრდელობისა და უხეშობის, ამ დროს არ ვიცი, როგორი რეაქცია უნდა მქონდეს.

– ვრისკავ…

– რისკიანი, ალბათ, ვარ მაგრამ, სანამ რამეს გავაკეთებ და საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ, მაინც ყოველთვის ვფიქრობ. ცხოვრებაში მოულოდნელი, რისკიანი გადაწვეტილებები მიმიღია, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერის ამბავი მომწონს.

– მაკვირვებს…

– დაუნდობლობა, გაუტანლობა და შური.

– ვერიდები…

– კონფლიქტს.

– დღევანდელ საზოგადოებაში დანაკლისია…

– სახელმწიფოებრივი აზროვნების.

– თავისუფლება არის…

– საკუთარი თავის უფალი უნდა იყოს ადამიანი. თავისუფლება ყველაფრის უფლებას არ ნიშნავს. თავისუფლებაა: გიყვარდეს შენი ოჯახი, ქვეყანა და ემსახურო მას. ესაა თავისუფლება და არა ყველაფრის უფლება და აღვირახსნილობა.

– ბედისწერა…

– მჯერა, რომ არსებობს და სამწუხაროდ, მას ვერ შევცვლით. თუმცა არის შემთხვევები, როცა ადამიანი თავად ხდება საკუთარი „ბედის მწერალი“.

– მარტოობის განცდა…

– არასოდეს მქონია. არ მიყვარს მარტოობა და ისე გავიდა ჩემი ცხოვრება, ეს დანაკლისი არ მიგრძნია.

– სიცოცხლე არ ღირს…

– სიყვარულის გარეშე. სიყვარული, როცა მთავრდება, მაშინ კვდება ადამიანი.

– რთული პერიოდი…

– ბევრჯერ მქონია, პირად ცხოვრებაშიც და პროფესიულშიც, მაგრამ ასეთი თვისება მაქვს – თავად ვერევი სირთულეებს ისე, რომ გარშემო მყოფნი ვერც იგებენ.

– სიყვარული არის…

– სიცოცხლის არსი…

– ის, რაც ჩემთვის უპატიებელია…

– ღალატი, ოღონდ აქ ქალისა და კაცის სასიყვარულო ღალატს ყველაზე ნაკლებად ვგულისხმობ. ზოგადად, ღალატი ის თვისებაა, რომელიც მიჭირს, ვაპატიო. თუმცა, ის ადამიანი ვარ, რომელიც რაღაც დროის შემდეგ მაინც პატიობს. მსაყვედურობენ ხოლმე: როგორ დაგავიწყდა? რა ვქნა, მავიწყდება…

– შემშურებია…

– კი, როგორ არა, მაგრამ გააჩნია რა კუთხით. ვიღაცას ბევრი ფული აქვს და მშურს-მეთქი, ამას ვერ გეტვყით, თუმცა ყოფილა შემთხვევა, როცა ადამიანის კონკრეტული თვისება შემშურებია და მინატრია, ნეტა მეც მქონდეს, კარგი იქნებოდა-მეთქი. არასდროს შემშურებია სხვისი წარმატების, პირიქით – ყოველთვის მიხარია.

– სამაგიეროს გადახდა….

– არ მიყვარს მსგავსი რამ და არც არასდროს გადამიხდია. ვფიქრობ, სამაგიეროს გადახდა ყველაზე არაქრისტიანული და არაადამიანური თვისებაა.

– ბოდიშის მოხდა…

– არ მიჭირს, როცა საჭიროდ ვთვლი, ბოდიშს აუცილებლად ვიხდი. სიამაყე და ბოდიში ერთმანეთთან არაფერ შუაშია.

– ვნანობ…

– იმას, რომ ძირფესვიანად არ შევისწვალე ფსიქოლოგია და მეორე პროფესიად არ გავიხადე.

– ვიტყუები…

– ბევრჯერ მომიტყუებია, მაგრამ დიდი ტყუილი, რომელიც ვიღაცას ავნებდა, არასოდეს მითქვამს.

– ვაგროვებ…

– ყველაფერს, რაც ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი იყო, წვრილმანებიც კი შეგროვებული მაქვს, მაგალითად, მოსაწვევები. იმდენად ძვირფასია ჩემთვის მსგავსი რამეები, გადაყრა მიჭირს.

– ჩემი თილისმა…

– მაქვს ერთი ბეჭედი, რომელიც მგონია, სულ უნდა მეკეთოს, რადგან კარგი ბედი აქვს. ადრე, როცა სპექტაკლებში ვთამაშობდი, პატარა თოჯინის გულსაკიდი მქონდა და სცენაზე გასვლის წინ აუცილებლად უნდა გამეკეთებინა – წარმატება მოჰქონდა. ასე ვფიქრობ ამ ბეჭედზეც, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს: ჩიკაგოში ვიყავით ფესტივალზე, ჩემი სპექტაკლით – „სტუმარ-მასპინძელი“. ერთ-ერთ ოჯახში წაგვიყვანეს სტუმრად, ფრანგები იყვნენ წარმოშობით. ისე უცებ მივედით, საჩუქარი ვერ მივიტანეთ, მხოლოდ საქართველოდან ჩატანილი სუვენირები გვქონდა. ერთი გიშრის ბეჭედი მეკეთა ხელზე, რომელიც ძალიან მიყვარდა. ეს ბეჭედი მოვიხსენი და ვაჩუქე დიასახლისს. ოჯახის წევრებმა მოგვიბოდიშეს, რომ სპექტაკლზე დასწრებას ვერ მოახერხებდნენ, რადგან დის ნიშნობა ჰქონდათ. მოვიდა სპექტაკლის დღე, ჩაიარა სპექტაკლმაც და რომ გამოვედით სცენიდან, მეუბნებიან ვიღაც გეძებსო. გავედი და დამხვდნენ ეს ადამიანები, არ წასულან ნიშნობაზე და ჩვენთან მოვიდნენ. დიასახლისმა თითიდან მოიხსნა საკუთარი ბეჭედი და მითხრა: ამ ბეჭედს ძალიან კარგი ბედი და აურა აქვს და შენ გქონდესო. იმ დღის შემდეგ ეს ბეჭედი იქცა ჩემს თილისმად.

– არასოდეს დამავიწყდება…

– როცა გამიჩნდა ქალიშვილი, როცა პირველად ვითამაშე სცენაზე, დავდგი პირველი სპექტაკლი და არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როცა მამაჩემმა დამტოვა… ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები ჩემს ცხოვრებაში ესენია

– მოვლენა, რომელმაც შემცვალა…

– საქართველოდან წასვლამ და რუსეთში მარტო ცხოვრებამ – ძალიან მალე გავიზარდე და დავბრძენდი.

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს…

– მთელი ცხოვრება მამაჩემისა და ჩემი მაესტროს, ვის შეგირდადაც მიმაჩნია თავი – მიშა თუმანიშვილის, რჩევები მომყვება, რომლებიც დღესაც მასწავლიან…

ბატონი მიშა გვეუბნებოდა: მსახიობი ის კი არ არის, ვინც თამაშობს, არამედ ვისაც არ შეუძლია, რომ არ ითამაშოს; რეჟისორი ის კი არ არის, ვინც დგამს, არამედ ის ვისაც არ შეუძლია, რომ არ დადგას. ეს ყველა პროფესიის ადამიანისთვის არის მთავარი რჩევა, რადგან როცა რაღაცის გარეშე არ შეგიძლია ცხოვრება, ესე იგი, ის ყველაზე მნიშვნელოვანია შენთვის.