“მიუხედავად ბევრჯერ ცხვირის წამტვრევისა, მაინც მაქვს ადამიანების მიმართ ნდობა”

426

მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე საზოგადოებისთვის ოჯახიდან გამომდინარეც კარგადაა ცნობილი და თავისთავად, საკუთარი კარიერითაც. მის ცხოვრებაში ბევრი კარგი მომხდარა, თუმცა, ხელიდან ბევრი შანსიც გაუშვია, რაზედაც თავად გვიამბობს.

ნანა ლორთქიფანიძე: ვფიქრობ, რომ იღბლიანი ადამიანი ვარ, მაგრამ ცხოვრებაში ხან ისეა, ხან ასე, სულ ერთნაირად იღბლიანი ვერ იქნები. ხან მწყალობდა ღმერთი, ხან – არა, ხან დავიჩაგრე, ხან გამიმართლა, მაგრამ ზოგადად, ვთვლი, რომ იღბლიანი ვარ.

– რაში დაიჩაგრეთ?

– პროფესიაშიც და ცხოვრებისეულ ამბებშიც. პირად ცხოვრებაშიც იყო წარუმატებლობები, მაგრამ საერთოდ, ჩემი თაობა აცსდა დროში. როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ სტუდენტები ვიყავით, ძალიან სერიოზული დატვირთვით მუშაობდა ქართული კინო და თეატრი. ახალგაზრდებზე დიდი მოთხოვნა იყო. მაგრამ ჩვენ რომ ინსტიტუტი დავამთავრეთ, ძალიან მძიმე წლები დაიწყო. მე 1983 წელს დავამთავრე და 90 წლამდე რაც მოვასწარი, იმას მართლაც გამართლება და იღბლიანობა ერქვა. მიხეილ თუმანიშვილმა მომკიდა ხელი და თავის თეატრში წამიყვანა. ახალ მისულს ძალიან სერიოზული სამუშაოები შემხვდა, რამაც წარმატება მომიტანა. გავთხოვდი, ქალიშვილი შემეძინა. თითქოს ყველაფერი ერთად მოხდა, მაგრამ 90-იანი წლებიდან რომ დაიწყო შემოქმედებითი ვარდნა, აღარ გაჩერებულა. განსაკუთრებით კინოში, თეატრმა მაინც როგორღაც იჯახირა იმ წლებში, მიუხედავად ყველაფრისა. ძალიან მძიმე სამუშაო პირობები გვქონდა, ვიყინებოდით. რეპეტიციების დროს ყველაფერი ტანზე გვეცვა, მაგრამ მაინც ვმუშაობდით. გამიმართლა იმაშიც, რომ კინომსახიობთა თეატრიდან წამოსვლის შემდეგ ბატონ გიზო ჟორდანიასთან მივედი. მან რამდენიმე მსახიობი მცირე სცენიდან დიდ სცენაზე ჩამოგვიყვანა და იქ შედგა ჩემი დებიუტი ბატონ რობერტ სტურუასთან. მე ამ ყველაფერს იღბალს ვეძახი. ასეთ ადამიანებთან წლები გავატარე და ბევრი ვისწავლე. იღბალია ჩემთვის ისიც, რომ ხუთი სეზონი ვითამაშე სერიალში „იდეალური დედა“, სადაც თავს ისე ვგრძნობდი, როგორც თევზი წყალში. სოციალურ ქსელში ყველა სერიალს აქვს თავისი გვერდი, სადაც მაყურებელი ხშირ შემთხვევაში საკმაოდ დაუნდობელია. ისე გამოვიდა, რომ ეს მე არ შემხებია. პირიქით, მაყურებლისგან ძალიან ბევრი სიყვარული და სითბო ვიგრძენი.

– საკუთარ თავში რამდენად გაგიმართლათ, რამდენად შრომისმოყვარე და მებრძოლი ხართ?

– ბრძოლის უნარი მაკლია, რაღაცებს ვერ ვბედავ. ვფიქრობ, რომ არის საკითხები, რომლებზეც უნდა გამემახვილებინა ყურადღება, მაგრამ არ გამომივიდა ნაბიჯის გადადგმა. ძალიან გულწრფელად ვამბობ ამას. მგონია, მე მაინც ჩემი ოჯახის შვილობამ დამაკომპლექსა. ჩემი მშობლების შვილობა ჩემთვის ძალიან საამაყო და დიდი პლუსია, მაგრამ მეორე მხრივ, ამას ახლავს ზედმეტი თავმდაბლობა, შიში და უფრო გაუბედაობა. მე ძალიან ბევრი რამ ვერ გავბედე. მსახიობის ცხოვრება ასეთი არ უნდა იყოს. პირიქით, გამბედავი უნდა იყო, კარიერისთვის უნდა იბრძოლო. ეს აუცილებელია. მე, პირიქით, სულ სადღაც ვიკუჭებოდი და არ მინდოდა, ვინმეს ზედმეტად მოვხვედროდი თვალში. თეატრალური უნივერსიტეტიდან მოყოლებული მქონდა კომპლექსი. ვნერვიულობდი – ვაიმე, ახლა არ თქვან, რამე იმიტომ გამომივიდა, რომ მამაჩემის შვილი ვარ-მეთქი. სულ ამ წვალებაში ვიყავი. წლებმა თანდათან, ასაკში მოიტანა ის შემოქმედებითი გამბედაობა, რაც დასაწყისშივე უნდა მქონოდა. მაგრამ ვერასდროს ვრისკავდი, ვერასდროს ვბედავდი, ეს არ არის კარგი. შრომისმოყვარეობას რაც შეეხება, ამ მხრივ, ვერ დავიწუწუნებ. ძალიან შრომისმოყვარე და შრომისუნარიანი ვარ. მუშაობა არასდროს მეზარებოდა, მაგრამ საქმე ჩემი პირადი ცხოვრების გამო გადამიდვია. იმიტომ არ დავთანხმებულვარ კარგ შემოთავაზებას, რომ ჩემს ოჯახს ხელი არ შეშლოდა. მქონდა შემოთავაზებები რუსეთიდან, უკრაინიდან, მაგრამ არსად წავედი. ამას ვნანობ. რომ წავსულიყავი, ცუდი არაფერი მოხდებოდა, არსად არაფერი გამექცეოდა, მაგრამ დავკარგე ეს შანსი, ეს სამუშაო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო კარიერული წინსვლის კი არა, კეთილდღეობის თვალსაზრისითაც. რომ წავსულიყავი, შეიძლება, მერე კიდევ მოჰყოლოდა ამას სხვა შესაძლებლობები, ვხვდები, რომ კარგი შანსები გავუშვი ხელიდან ჩემი პირადი ცხოვრებისა და გაუბედაობის გამო.

– პირად ცხოვრებაში თუ ხართ იღბლიანი? რამდენჯერმე შექმენით ოჯახი…

– იღბლიანი რომ ვიყო, რამდენჯერმე კი არ შევქმნიდი, ერთხელ შევქმნიდი და კარგი და მყარი ოჯახი მექნებოდა (იცინის). ამაში ნამდვილად… მაგრამ არა, ვერ ვიტყვი, რომ პირად ცხოვრებაში უიღბლო ვარ. სიყვარულით ვიცხოვრე, მიყვარდა ჩემი მეუღლეები, მყავს არაჩვეულებრივი შვილი, რომელმაც ორი არაჩვეულებრივი შვილიშვილი მაჩუქა. მერე რა მოხდა. ალბათ, ქალის ცხოვრება იმ ცრემლის, დარდის, თუნდაც უიღბლობის გარეშე, საინტერესო არ არის.

– ალბათ, ჩვენი შეგრძნებებიც განსაზღვრავს ჩვენს იღბალს. წინასწარ თუ გაქვთ ხოლმე განცდა, რა შეიძლება გამოვიდეს, რა შეიძლება მოხდეს?

– არა, ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული წინათგრძნობა მაქვს. ისეც მომხდარა, რომ გამმართლებია და ისეც, რომ საერთოდ არა, ამას არ ვაქცევ დიდ ყურადღებას, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, თვალის თამაშის მეშინია საოცრად. ვერ დავიმახსოვრე, რომელი, მაგრამ რომელიღაც თვალის თამაში კარგად მაქვს დაცდილი, რომელიღაცის – ცუდად. რადგან არ ვიცი, რომელი რაზე მიანიშნებს, როგორც კი თვალი ამითამაშდება, საშინლად უსიამოვნო განცდა მიჩნდება, შიში მიპყრობს. ამ შიშს თავისი მიზეზები აქვს. მაგალითად, მომხდარა ისე, რომ დიდხანს მითამაშებდა თვალი და რაღაც ცუდი ამბავი გამიგია. რაღაც თვისებები მაქვს ბებიისგან გადმოდებული (იცინის). არ მიყვარს ადამიანისთვის დანის ან მარილის ხელში მიცემა. თვალს რაც შეეხება, გამოთქმაც არსებობს „არ გამთქვა და გაგახარებო“. ამიტომ, რომ მითამაშებს ხოლმე, არ ვამბობ. მოკლედ, რაღაცებში „ბაბუშკა“ ვარ (იცინის).

– ადამიანების ამოცნობა თუ შეგიძლიათ?

– ამ ამბავში გულთმისანი ნამდვილად არ ვარ და სიმართლე გითხრათ, ბევრჯერ შევცდი ადამიანებში, ნამდვილად ბევრჯერ. სულ რომ არ ველოდი, ისეთი თვისება გამოუმჟღავნებია ადამიანს, ვისგანაც მსგავსი ვერაფერი წარმომედგინა. ყველაფრის მიუხედავად, მე ძალიან კეთილგანწყობილი ვარ ადამიანების მიმართ, მიყვარს მათთან ურთიერთობა. მიუხედავად არასასიამოვნო გამოცდილებისა, მიუხედავად ბევრჯერ ცხვირის წამტვრევისა, მაინც მაქვს ადამიანების მიმართ ნდობა. როცა ვხვდები, რომ შევცდი, მერე კი განვიცდი ხოლმე, მაგრამ მგონია, რომ მაინც ასე ჯობს. უკეთესია, ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილი იყო და მათში ყოველთვის კარგი ეძებო. ხან გაგიმართლებს და ხან – არა, რას ვიზამთ, ცხოვრება ასეა მოწყობილი.

– კიდევ რა არის თქვენი სისუსტე, რამაც უკან დაგხიათ?

– არ ვიცი, ეს სისუსტედ ითვლება თუ არა, მაგრამ ძალიან მალე შემიძლია ადამიანის პატიება, შენდობა. ყველაფერს გაგებით ვეკიდები. ძალიან ცოტა მყოფნის იმისთვის, რომ ვაპატიო. ჩემს ცხოვრებაში ისეთი რამეც მომხდარა, რაც არ მიპატიებია, მაგრამ ასეთი შემთხვევა მარტო ერთხელ იყო. როცა ადამიანი მიყვარს, სხვანაირად არ შემიძლია, ერთი ხელის მოსმით ვერ დავკარგავ, გულიდან ვერ ამოვირეცხავ. მით უმეტეს, თუ მეორე მხარე ხვდება რომ დამნაშავეა, რომ კარგად არ მოიქცა, ეს ჩემთვის საკმარისია, მე ვაპატიებ.

– თქვენი ეს თვისება ვინმეს ცუდად არ გამოუყენებია?

– როგორ არა, თუნდაც ის ერთი შემთხვევა, რომელიც ვერ ვაპატიე. როცა ამით სარგებლობენ, მერე რთულია, მაგრამ ადამიანთან თუ გული მიმდის, თუ მიყვარს და მასთან ურთიერთობა მსიამოვნებს, ბოლომდე ჩემიანია და მისთვის ყველაფრის გაკეთება შემიძლია, მათ შორის პატიებაც.

– საერთო ჯამში, საკუთარი ცხოვრება კმაყოფილების განცდას გიტოვებთ?

– მე მგონია, რომ მარტო იდიოტები არიან საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილები. მე ვიცი, რა დავაკელი, სად და რა დოზით. რა უნდა გამეკეთებინა და არ ან ვერ გავაკეთე, ამიტომ ჩემი განვლილი ცხოვრება კმაყოფილების განცდას არ მიტოვებს, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ სინანულის გრძნობა მაქვს. რაღაცებს ვნანობ, ვიცი, რომ ჩემს საქმეში მეტი უნდა გამეკეთებინა და ზოგი რამე გვერდზე გადამედო, ჭეშმარიტი მსახიობივით უნდა მოვქცეულიყავი, მაგრამ რა ვიცი, ასე მოხდა და საერთოდ ჯამში, ამის გამო სინანულს არ განვიცდი.