“სააკაშვილი ღამღამობით ოჯახებში მართლა დადიოდა და ხალხს ხოცავდა?… არ მეშინია, რადგან მე არც მიშას ბიძაშვილი ვარ, არც ახლობელი”

840

21-ე საუკუნის საქართველო ეგზისტენციალური პრობლემების წინაშე დგას: ორად გაყოფილი საზოგადოება, რომელიც ერთმანეთს უპირისპირდება, უკიდურესად დაძაბული გარემო, უმძიმესი დემოგრაფიული ფონი, რომელსაც ეკონომიკური სიდუხჭირე იწვევს… ჩვენი ინტერვიუ მსახიობ ნანა ბუთხუზთან სწორედ ამ მოვლენების გამოძახილია.

– თქვენი დაკვირვებით, რა ხდება ჩვენს თავს?

– ჩვენს თავს ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს! დიახ, ამ გეოგრაფიულ სამოთხეში ქართველებმა ჯოჯოხეთი მოვაწყვეთ, არადა, ყველა რესურსი გვაქვს საიმისოდ, რომ სამშობლო ავაყვავოთ: ბუნებრივი რესურსებით დაწყებული, ადამიანურ რესურსებამდე, მაგრამ სანახევროდაც ვერ ვიყენებთ. სად არის ჯოჯოხეთი? – ის პირველ რიგში, ადამიანების ტვინშია. თითქოს, უამრავი მავნე ჩვევით ვართ შეპყრობილი და მათ გარეშე არსებობა არ შეგვიძლია: აუცილებლად ვინმესი უნდა გშურდეს, ვინმე უნდა გძულდეს, აუცილებლად შურისმაძიებელი უნდა იყო… თუ ვინმე ისეთ რამეს აკეთებს, რაც შენ არ შეგიძლია, მხოლოდ მისი ჩაქოლვით და დამცირებით უნდა იყო დაკავებული. მახსენდება ეპიზოდი ცნობილი ფილმიდან – “მონანიება”, სადაც მთავარი გმირი მზეს ემუქრება – უნდა დაგაბნელოო! გაბოროტებულ ადამიანს სინათლის შიში აქვს, რადგან მისი გული და გონება სიბნელითაა მოცული. როცა ყოველდღე ერთი სურვილით იღვიძებ – აბა, მე დღეს ვის რა ვავნოო? – ეს სიბნელეა, აბა, რა არის?!

– ქართველი საზოგადოება მუდმივად ხომ არ ეძებს კერპს, რომელსაც ჯერ თაყვანს სცემს, მერე მთელ პასუხისმგებლობას მას დააკისრებს და ბოლოს, მზად არის, ყველა შეცდომა და დანაშაული მას მოჰკითხოს?

– როცა ადამიანს ფუნქცია დაკარგული აქვს, ვეღარ ხვდება, როგორ იმოქმედოს. ასეთ ადამიანებს ყოველთვის სჭირდებათ ვიღაც ერთი, რომელსაც ცხვრებივით გაჰყვებიან და რაც მოხდება, ყველაფერს მას გადააბრალებენ. უფუნქციო ადამიანი ხშირად არის გაბოროტებული, მას არც ტვინის განძრევა უნდა და არც პასუხისმგებლობის აღება, ის ყველაფერს სხვას აბრალებს. ასეთი ხალხისთვის თავისუფლებაზე ლაპარაკი ზედმეტია: მოდის ვიღაც ერთი და რასაც ჩასძახებს, იმას ამოსძახებს. როგორც ჩანს, თავისუფლებაში ცხოვრება ვერ წარმოგვიდგენია და არც გვსურს. ჩრდილში კოტრიალი გვირჩევნია, არაფრის კეთებას შევეჩვიეთ და სხვის ხარჯზე ცხოვრება მოგვწონს, თავისუფლება კი პასუხისმგებლობის აღებასაც გულისხმობს.

– დღეს ჩვენი მოსახლეობა ორად არის გაყოფილი: მიხეილ სააკაშვილის მომხრეები ამტკიცებენ, რომ მას საკუთარ სასამართლოზე მისვლის უფლება უნდა ჰქონდეს. თქვენ რას ფიქრობთ ამის თაობაზე?

– დიახ, თავისი უფლებების დაცვა ყველამ უნდა შეძლოს, რადგან “ლინჩის წესით” გასამართლება კარგა ხანია, წარსულს ჩაბარდა. პირადად მე, სიმართლე მაინტერესებს, როგორც ერთ რიგით მოქალაქეს! მაინტერესებს, რასაც აბრალებენ, ტყუილია თუ მართალი, რადგან მგონია, რომ ბევრი რამ მითია: საქართველოში მარტივად შეუძლიათ ადამიანზე ისეთი რამ თქვან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ყველა ფიქრობს, რომ ის ადამიანი ზუსტად ისეთია, როგორი იარლიყიც მიაკრეს, სინამდვილეში კი, ასე არ არის. მით უმეტეს, მესამე პრეზიდენტს რამდენი მტერი ჰყავდა და რა შავი პიარი იყო აგორებული მის წინააღმდეგ, ამას ხომ საკუთარი თვალით ვხედავდით? სულ ებრძოდნენ და ემუქრებოდნენ. საქმის კეთება და სახელმწიფოს შენება დაიწყო, მაგრამ მისი არაფერი მოსწონდათ: მანქანაში ღვედის გაკეთება მოგვთხოვეს და ღვედი რა ქართველი კაცის საქმეაო, კანონმორჩილი იყავი და ჯარიმა გადაიხადეო და, – რატომ უნდა გადავიხადოთო… ადამიანები ქუჩაში, ლამის ნაგავსაყრელზე ყიდდნენ სურსათს, ქუჩები მოაწესრიგა და ეს ხალხი სხვა ადგილას გადაიყვანა – ამასაც უწუნებდნენ. კრიმინალს რომ ებრძოდა, ეს ბოროტმოქმედისთვის ცუდი იყო, მაგრამ ჩემთვის – ჩვეულებრივი მოქალაქისთვის, ეს ცუდი არ ყოფილა. დიახ, კრიმინალს უნდა ებრძოლო, მან თავისი ადგილი უნდა იცოდეს, რომ მისი საქციელის გამეორება სხვამ ვეღარ გაბედოს.

– არ გეშინიათ, რომ ამ პოზიციის გამო “მიშისტის” იარლიყს მოგაწებებენ?

– არ მეშინია, რადგან მე არც მიშას ბიძაშვილი ვარ, არც მისი ახლობელი, არც მისი პარტიის წევრი. არც წინა მთავრობის დროს მქონია რაღაც განსაკუთრებული პრივილეგიები და არც ამ მთავრობის დროს მაქვს. აბსოლუტურად თავისუფალი ადამიანი ვარ, რომელიც ცდილობს, ყველაფერი ჯანსაღი თვალით დაინახოს და შეაფასოს – კარგიც და ცუდიც. მგონი, ერთ რამეში ვთანხმდებით: ეს ქვეყანა ისე უნდა ავაშენოთ, რომ ნორმალურ, ცივილიზებულ მდგომარეობამდე მივიდეთ. რაც ბოლო წლებში საქართველოში ცუდი მომხდარა, ყველაფერი მიშას ან ბიძინა ივანიშვილის ბრალი ხომ არ არის? პირველ პირებს ხომ ჰყავთ გუნდი, გარემოცვა, რომლებიც სერიოზულ შეცდომებს უშვებენ? შეცდომებს ყველა უშვებს, მეც ვუშვებ, ადამიანი ხშირად საკუთარ შვილთანაც უშვებს შეცდომებს და ყველაფერი ერთ ადამიანს ხომ არ უნდა მოვკითხოთ?

– დღევანდელ საქართველოში რა არის თქვენთვის ყველაზე მიუღებელი?

– ბევრი რამ. მაგალითად: მიუღებელია, როცა ხელისუფლების წარმომადგენელი გვეუბნება, არჩევნებს თავზე გადაგახევთო, მაგრამ ამის გამო უნდა მოვკლათ, დავასრულოთ და ჩავქოლოთ? ეს სიტყვები მარტო “ნაციონალებს” კი არა, ყველას უთხრეს, მეც მითხრეს – რიგით მოქალაქეს, რომელსაც დასავლური აზროვნება აქვს და არ უნდა საქართველოში რუსული “წესრიგი” დამყარდეს. ჩვენთვის კოშმარი ქვეყნის ოკუპაციაა, რომელიც მარტო ტანკებით არ ხდება. ამის შესახებ კარგად თქვა ილია ჭავჭავაძემ, რომელიც ჯერ მოვკალით და მერე წმინდანად შევრაცხეთ. ვინც მისი სიტყვები ბოლომდე ვერ გაიგო, მარტივად ავუხსნი: დღეს მტერი თოფით, ავტომატითა და ტანკით კი არ მოდის, ის ჭკუით გებრძვის და შენც ჭკუა უნდა დაახვედროო. როცა მტერს უჭკუობას და უტვინობას ახვედრებ, შენი ამბავი დამთავრებულია – უფსკრულის პირას დგახარ და გადაიჩეხებიო… ნუთუ, ეს ასე ძნელი მისახვედრია? ნუთუ, ავაზაკების ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ყველა მცნება და ფასეულობა დარღვეულია? იმ 50 დღის განმავლობაში, როცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობდა და სამოქალაქო კლინიკაში არ გადაჰყავდათ, ყველანი უმწეო მდგომარეობაში ვიყავით. სხვათა შორის, ეს ყველაზე კარგი მდგომარეობაა, რომ მტერმა ადვილად გმართოს და დაგიმონოს. იმ დღეებში მარტო სააკაშვილს კი არ კლავდნენ, ჩვენც გვკლავდნენ, ყველა იდეალს და ფასეულობას თელავდნენ, რამაც ქართველები აქამდე მოგვიყვანა.

ჟურნალი “გზა”