“მე არასდროს მიცდია, შვილის მეგობარი ვყოფილიყავი”

274

რუსული შოუბიზნესის ქართველი ვარსკვლავი, ცნობილი ყაზახური ჯგუფის, “ა სტუდიოს” სოლისტი, ქეთა თოფურია, ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მისი ყოველი ნაბიჯი, სიმღერები, ჩაცმის სტილი, პირადი ცხოვრება დიდ ინტერესს იწვევს რუსეთშიც და საქართველოშიც. მაშინაც, როცა ებრაული წარმოშობის რუს მილიონერ ლევ გეიხმანს გაჰყვა ცოლად და მაშინაც, როცა გოგონა, ოლივია შეეძინა, კიდევ უფრო დიდი ინტერესის ქვეშ მოექცა, როცა ქმარს გაეყარა და ახალი სასიყვარულო კავშირი გააბა. ეს ურთიერთობაც დასრულდა და საზოგადოებამ შეიტყო, რომ ქეთა მდიდარ ბელორუს ბიზნესმენ ლევ დენგოვზე ქორწინდებოდა. ის უკვე მეორე შვილის, ადამის დედაა.

ქეთა თოფურიაზე ,,სარკეს” მისი დედა, ნატა ბუცხრიკიძე ესაუბრა.

-ქალბატონო ნატა, ყველაზე ახლო მეგობარი ალბათ თქვენ ხართ თქვენი ქალიშვილისთვის.

-მე არასდროს მიცდია, შვილის მეგობარი ვყოფილიყავი, ყოველთვის ვცდილობდი, პირველ რიგში, დედა ვყოფილიყავი. მეგობარმა შეიძლება არ მოგცეს შენიშვნა. დედა კი სულ სხვა თვალით უყურებს შვილს, აკონტროლებს მის ნაბიჯებს. მეგობარი რაღაც გაუგებრობის გამო შეიძლება დაკარგო, დედას ვერ დაკარგავ. მე ბოლომდე დედა დავრჩი, ასე მირჩევნია. ქეთაც მეტ ანგარიშს მიწევს.

– ქართველ არტისტებს აკრიტიკებენ, როცა ისინი ოკუპანტი ქვეყნის სცენებზე გამოდიან. არც ქეთას დაჰკლებია გაკიცხვა. როგორ რეაგირებს ამაზე?

-გულიც გვტკივა, მაგრამ შევეჩვიეთ. ქეთა არავისზე ნაკლები ქართველი არ არის, არავისზე ნაკლებად არ უყვარს თავისი სამშობლო.ძალიან განიცდის, თუ საქართველოში რამე ცუდი ხდება.ქეთამ არ არსებობს, ქართული სიმღერა არ იმღეროს კონცერტზე.

– ვიცით, რომ ბევრ ქართველ მომღერალს მოსკოვში დახმარების ხელი გაუწოდეთ.

-ჩემი ოჯახის სახლის კარი ყოველთვის ღია იყო ადამიანებისთვის. ასევე იყო ჩემი მეუღლის ოჯახი. ანდრო რა საქმიანობას ეწეოდა, ეს სხვა თემაა, მაგრამ მეგობრების დასახმარებლად ყოველთვის მზად იყო. ქეთაც ასე გაიზარდა. მერე რა, რომ დღეს შენ კარგად ხარ, შეიძლება ხვალ გაგიჭირდეს, ამიტომ ხელი უნდა გაუწოდო. მოხარული ვარ, თუ მცირეოდენით მაინც დავეხმარეთ მათ, ვისაც ეს სჭირდებოდა.

– უდარდელი მომღერალი გოგონა როგორ დედად იქცა?

-გიჟი დედაა. ყოველთვის ჰყავდა ძიძა, მაგრამ ძირითადად მან გაზარდა ოლივია და ახლა მეორე შვილსაც ზრდის. როგორი დაღლილიც უნდა იყოს კონცერტის შემდეგ,ღამეს არაფრით გაათევს სასტუმროში, ჩაჯდება თვითმფრინავში და იმავე ღამეს ჩამოფრინდება, რომ შვილებს ჩაეხუტოს.ადრე დგება, აცმევს, აჭმევს, უცვლის, აძინებს.

– ქართული ასწავლეთ შვილიშვილს?

– ოლივიას ძიძა ჰყავს რუსი.მერიდება, მასთან ქართულად ველაპარაკო ბავშვს.თვითონ ამბობს, რომ ქართველი გოგოშკაა. მეკითხება: “ბებია, შენ ქართველი ხარ?”. ვპასუხობ: “კი”. ,,დედა ქართველია?” – მეკითხება. “კი”, – ვპასუხობ. ესე იგი, მეც ქართველი ვარო.

– პოპულარულ, ლამაზ, ვარსკვლავ ცოლზე მისი მეუღლე ხომ არ ეჭვიანობს?

– ქეთას უყვარს ოჯახური სიმყუდროვე, არ არის კლუბების სტუმარი და არც მოდურ “ტუსოვკებზე” დადის. მისმა მეუღლემ იცის, ვინ მოიყვანა ცოლად. არ ეჭვიანობს.

– ოდესმე აპირებს სამშობლოში საბოლოოდ დაბრუნებას?

– სულ აქეთ მოუწევს გული. ყველაფერს თავისი დრო აქვს და ქეთასაც დაუდგება ის ასაკი, როცა სამშობლოში დაბრუნდება საცხოვრებლად.

ჟურნალი სარკე