“ვერ წარმომიდგენია, ადამიანი გიყვარდეს და ამბობდე, ვენდობი და საერთოდ არაფერზე მაქვს რეაქციაო”

321

ფემინისტ ირინა ტორონჯაძისა და მისი მეუღლის, მომღერალ ლევან სამყურაშვილის ოჯახური ურთიერთობა უკვე მესამე წელია, გრძელდება და როგორც ლევანი ამბობს, ირინამ რაღაც გაუკეთა, რადგან მის გარეშე ერთ საათზე მეტხანს ვერ ძლებს.

ირინა ტორონჯაძეიმედია, არ ფიქრობთ, რომ რამე ჯადო გავუკეთე (იცინის). დასაწყისშივე ვიტყვი, რომ ორივე ასე ვართ, საათი, საათ-ნახევარი რომ გადის, მის გარეშე ვეღარ ვძლებ. მე მგონია, როცა ადამიანი თავს ძალიან კომფორტულად გრძნობ მეორე ადამიანთან, მშვიდად ხარ და ზუსტად ისეთი ხარ, როგორიც რეალურად, შეიძლება, მასთან კიდევ უფრო კარგად იყო, ვიდრე მხოლოდ საკუთარ თავთან და მასთან ერთად ყოფნის სურვილი ბუნებრივად გიჩნდება. ზოგადად, ადამიანის ტვინი ასეა მოწყობილი – ტკივილს გაურბის და სიამოვნებისკენ მიისწრაფვის. სადაც მეტი სიამოვნება და სულიერი კომფორტია, იქ გინდა. მინდა, რომ წლების შემდეგაც შევინარჩუნოთ ეს განცდა. მგონია, რომ სიყვარული ამას გულისხმობს – საყვარელი ადამიანი ამოუწურავია, სულ გაინტერესებს მისი ფიქრები და შეგრძნებები, იმავდროულად, საკუთარ თავშიც ბევრ ახალს აღმოაჩენ და ამ ურთიერთობის დამსახურებით, საკუთარი თავიც უფრო საინტერესო გეჩვენება. გარდა ამისა, როცა ადამიანი გიყვარს, მასთან ფიზიკური სიახლოვეც გინდა, ამიტომაც გადაწყვიტა თავის დროზე ადამიანმა ოჯახის შექმნა. ეს არ არის შემთხვევითი.

მოკლედ, აღმოვაჩინე, რომ მომწონს ტყუპისცალივით ყოფნა. ლევანი ხანდახან კენგურუს მეძახის (იცინის). მე და ლევანს მოგვწონს ეს, რადგან ასე თავს კომფორტულად ვგრძნობთ, ამიტომ მინდა, სულ ასე გაგრძელდეს.

ამ პერიოდში არ ყოფილა სირთულეები, რომელთანაც გამკლავება დაგჭირდათ?

– ძალიან რთული პერიოდი დაგვემთხვა პანდემიის გამო, ბევრი გამოწვევა გვქონდა. კარიერული კუთხით, კოვიდმა ორივე ძალიან შეგვაფერხა. ეს აისახება მატერიალურ მდგომარეობაზე, შენ კი ბუნებრივია, მეტი დოვლათი და კეთილდღეობა გინდა ოჯახისთვის, შვილის გაჩენაზე ფიქრობ და ასე შემდეგ. ასეთი ტიპის გამოწვევები, შეიძლება, გაღიზიანებასაც იწვევდეს, მაგრამ ვახერხებთ, ყველაფერს მსჯელობის ფორმატში გავუმკლავდეთ. კამათს რაც შეეხება, ძალიან წვრილმანებზე ვკამათობთ ხოლმე. იმაზე, რაც სინამდვილეში ორივემ ვიცით, რომ არ არის საკამათო და კამათიც რომ გვსიამოვნებს, ეს მომენტი გვაქვს. ერთად ცხოვრების პირველ წელს უფრო ხშირად ვკამათობდით, როგორც ჩანს, ამაში გამოიხატა ჩვენი ადაპტაცია. არის რაღაც პერიოდი, როცა კამათიც გინდა, თუმცა, დიდი ჩხუბისთავი არცერთი არ ვართ. მეც მაქვს ჩემი შემოტევები და იმპულსურობა, მაგრამ ლევანი მაგ ნაწილში იმდენად კარგად „მიმუღამებს“, რომ არცერთი არ ვწუხდებით.

ერთერთ გადაცემაში მოყევი ისტორია, თუ როგორ იყავი შეყვარებული დაოჯახებულ მამაკაცზე. ამას დიდი ამბავი მოჰყვა, თუმცა, ამ ისტორიაზე მეტად იმაზეაღშფოთდნენ“, რომ მეუღლე გისმენდა და არგაგიჟდა“. წერდნენამას ასე მშვიდად როგორ უსმენსო?!

– მეუღლე საქმის კურსში იყო. როგორ წარმოუდგენიათ, ეთერში მოვყევი რაღაც და ეს ჩემმა ქმარმა არ იცოდა?! თან, ეს ამბავი არ არის ისეთი, რომ გაგიჟდეს კაცი. ავხსენი კიდეც, რომ ეს იყო ჩემსა და ჩემი ქმრის ურთიერთობამდე ათი წლით ადრე. ამას რომანსაც ვერ დავარქმევ. უბრალოდ, ამ გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს გასკანდალურებას. რომანი არის მაშინ, როცა ერთი მეორის საყვარელია, შენ რომ ვიღაცასთან მეგობრული ურთიერთობა ჩამოგიყალიბდა, რომლის იქითაც, სადღაც გულის კუნჭულში მოგწონს კიდეც ეს ადამიანი და ამას იმ დროს სიყვარულს არქმევ, იმიტომ, რომ სხვა არავინ არის ჰორიზონტზე, ახლანდელი გადმოსახედიდან ნამდვილად ვერ მოვნათლავ რომანად. მე გადაცემის სკანდალზე ორიენტირებულ ფორმატს გავყევი, თორემ სერიოზულად რომ ყოფილიყო საქმე, რა თქმა უნდა, ვიტყოდი, რომ დაოჯახებულ ადამიანთან, თუნდაც ის არ თვლიდეს, რომ ბედნიერ ქორწინებაში იმყოფება, ასეთი ურთიერთობა არ მექნება, რადგან მე ფორმალობასაც პატივს ვცემ. კეთილი ინებოს, ჯერ მოაგვაროს, თუ პრობლემები აქვს და მერე გაიხედოს გვერდზე. ლევანს ძალიან კარგად ესმის ჩემი დამოკიდებულებები ოჯახისა და ერთგულების მიმართ. პირიქით, ჩემი კრიტიკა იმიტომაც ხვდებოდათ „გრუზინებს“, უფრო მეტად კი ძველ თაობას, რომელსაც ერთ მხარეს ოჯახი ჰყავდათ და მეორე მხარეს საყვარლები. ეს ჩემთვის ფუნდამენტურად მიუღებელია და წარმოუდგენელია, იგივე საქციელი ქალისგან ჩემთვის მისაღები ყოფილიყო. თუ კაცს ვაკრიტიკებ და მის ამ საქციელს უმსგავსოს ვეძახი, როგორ შეიძლება, ის ჩემთვის, როგორც ქალისთვის, მისაღები იყოს?!

თუმცა, როგორც არ უნდა ყოფილიყო, ორი ადამიანის გადაკვეთამდე არსებობს წარსული და არც ქმარია, ხომ, ციდან ჩამოფრენილი?

– რა თქმა უნდა, ასეა და მასაც აქვს თავისი ისტორიები. მე, ზოგადად, არ მიყვარს ძალიან ინტიმურ თემებზე საუბარი, მაგრამ რადგან საჯაროობაზე ვთანხმდები და ეს ჩემი კარიერის ნაწილია, რაღაც დოზით პირადზეც ვსაუბრობ, თუმცა, მგონია, რომ ზედმეტი არ არის საჭირო. სტუმარს რომ სახლში შემოიპატიჟებ, გიხარია მისი მოსვლა და თავაზიანად შემოგყავს სასტუმრო ოთახში, მაგრამ ის საძინებელში ხომ არ შეგივარდება ან აბაზანაში ხომ არ დაიწყებს ქექვას?! აქაც ასე მგონია. შეიძლება პირადზე მელაპარაკო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საზღვრები არ იცოდე. თუმცა, რაც უნდა გასაოცარი იყოს, მე არ მაღიზიანებს მაყურებლის თუ მსმენელის ნეგატიური კომენტარები და არც ქებაზე ვგიჟდები. დადებითი შეფასებები, რა თქმა უნდა, მიხარია, მაგრამ გადამეტებული აღქმები არ მაქვს. მგონია, რომ უმეტესობა ძალიან სწორად იგებს ყველაფერს, მაგრამ ასეთები ნაკლებად წერენ კომენტარებს. თუმცა იმ კომენტარებშიც ძალიან ბევრი ლოგიკურად აღიქვამს მოცემულობას.

იმ კომენტარებში ასეთი საყვედურიც არის ლევანის მიმართასეთი გოგო როგორ მოიყვანე ცოლადო. რას ამბობს ლევანი ამაზე?

– ეს, ცოტა გულზე რომ სკდებიან, ის თემა მგონია (იცინის). ზოგადად, გათხოვების თემა რაღაც განსაკუთრებულია. ვატყობ, როგორ შეიცვალა ჩემ მიმართ დამოკიდებულებები დაოჯახების შემდეგ. რასაც აქამდე ვამბობდი, იმავეს ახლა რომ ვიმეორებ, მგონია, რომ უფრო მიგდებენ ყურს. ესე იგი, მე რასაც ვამბობდი, მთლად სიგიჟე არ ყოფილა, იმიტომ, რომ ნახე, გათხოვდა ერთია, მაგრამ თან როგორი ქმარი ჰყავს?! კიკინიანი და ჩაჩაჩული ჯინსებიანი კი არა, ტრადიციული ქართველი. ჩემთვის უკითხავთ: მოგწონთ თუ არა გათხოვილის სტატუსიო. დაქორწინებულის სტატუსი მე ნამდვილად მომწონს. ფემინიზმი იმას კი არ ნიშნავს, რომ ქორწინება არ უნდა მომწონდეს, უბრალოდ, ქალის შეფასების ერთადერთ კრიტერიუმად არ უნდა აქციო გათხოვება, თორემ ამას როგორ არ აქვს მნიშვნელობა. ქორწინებას თავისი წონა აქვს, მაგრამ ნუ იქნება ეს ჩემი, როგორც ქალის, შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი. რომ გავთხოვდი და თან ასეთი ქმარი მიდგას გვერდზე და ბოლომდე მხარს მიჭერს, ეს სტერეოტიპულად მოაზროვნე ადამიანისთვის გაუგებარია.

ლევანმა ცოტა ხნის წინ დედა დაკარგა, რთული პერიოდი გამოიარეთ

– ნატალია რომ გარდაიცვალა, ვამბობდი: მგონია, რომ ძალიან მშვიდად წავიდა ამქვეყნიდან-მეთქი. მხოლოდ ორი წელი მქონდა მასთან ურთიერთობის საშუალება და სულ ვგრძნობდი, რომ ეს ადამიანი ბედნიერი თვალებით მიყურებდა. ბოლომდე გაიზიარა ჩვენი ბედნიერება და ვგრძნობდი, რომ თითქოს ჩამაბარა თავის შვილი, კმაყოფილი და გახარებული იყო. იმდენად გულწრფელი იყო ამ გრძნობებში, რომ სიმშვიდის განცდა მაქვს, მგონია, რომ გულდაწყვეტილი არ წასულა, მშვიდად დაგვტოვა. ამ ადამიანმა მოკლე დროში მოახერხა, რომ ჩემში განსაკუთრებული ნდობა გამოეწვია. დარწმუნებული ვარ, ყველა საკითხში ჩემ მხარეს იქნებოდა ასეთის არსებობის შემთხვევაში. მისგან ცალსახა მხარდაჭერას ვგრძნობდი. მით უმეტეს, რომ მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ყველას გაუხსნის გულს. პირიქით, ჩაკეტილი და ინტროვერტი ვარ, მეგობარიც არ მყავს ბევრი. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ დედის დაკარგვა ყველა ასაკში ტრაგედიაა, მე მაინც პოზიტიური განცდა მეუფლება, როცა ამ თემას ვეხები.

ეჭვიანობაზეც მინდა გკითხო, რომელიმე გამოირჩევით ამ თვალსაზრისით?

– ამასთან დაკავშირებით ახალი ფრაზა მოვიფიქრე – ჩვენ არ ვართ ეჭვიანები, უბრალოდ, ხანდახან ვეჭვიანობთ ხოლმე, პრევენციისთვის (იცინის). დასაწყისში თუ რამე იყო, ახლა ნამდვილად ჩაწყნარებულია, ჩასაწყნარებელიც არაფერი გვჭირდა, მაგრამ გამოხატვის ფორმებზე მაქვს საუბარი. ახლა ორივე საქმეზე ვართ გადართულები. მინდა, ლოგიკური გაგრძელება ვუპოვო ჩემს ტელეწამყვანობას და ლევანი ამაში ძალიან აქტიურად მეხმარება. ამ მომენტისთვის ეს არის ჩემი ნომერ პირველი ამოცანა. ეჭვიანობის პატარ-პატარა გამოვლინებები არის, მაგრამ ეს ეჭვიანობაზე მეტად ყურადღებაა, რომელიც სასიამოვნოა. ეს ჩვენი ტემპერამენტის ნაწილია და მგონია, რომ სულ იქნება. ამბობენ ხოლმე, არ ვეჭვიანობ, რადგან ჩვენი ურთიერთობა ნდობაზეა დაფუძნებულიო, ამ აზრს კატეგორიულად არ ვეთანხმები. შეიძლება, ადამიანს ძალიან ენდობოდე, მაგრამ მარტო ეს არ არის. ეს არის შენი თავიდან, შენი რწმენა-წარმოდგენებისა და ტემპერამენტიდან გამომდინარე. ადამიანს ენდობი, მაგრამ მესაკუთრე ხასიათი გაქვს, ეს არის სინამდვილეში ეჭვიანობა. ვერ წარმომიდგენია, ადამიანი გიყვარდეს და ამბობდე, ვენდობი და საერთოდ არაფერზე არ მაქვს რეაქციაო.