“ზედმეტად არ მანებივრებდნენ, რომ ამით სხვა არ გაღიზიანებულიყო”

372

ახლახან ეკა მამალაძე კიდევ ერთი შვილიშვილის ბებია გახდა. ნატალია ქუთათელაძეს პირველი შვილისანდრო შეეძინა, რომელსაც ოჯახის წევრების დახმარებით, ძიძის გარეშე ზრდის და როგორც ქალბატონი ეკა ამბობს, დედობას თავს არაჩვეულებრივად ართმევს.

ეკა მამალაძედიდი სიხარული გვეწვია – დაიბადა სანდრო ჯაფარიძე. ძალიან კარგი ბიჭია, წყნარი, არც ჩვენ გვაწვალებს და არც ნატალიას. ოჯახში ახალი წევრი გვყავს და ძალიან ბედნიერები და გახარებულები ვართ. ჯერ ძიძა არ გვყავს, მაგრამ ნატალიკოს ყველა ვეხმარებით. არაჩველებრივი დედაა, ყველაფერს კარგად უმკლავდება. ზედმეტად არ ნერვიულობს.

გამოცდილი ბებია ხართ, მაგრამ დედები განსაკუთრებულად განიცდიან, როცა მათი ქალიშვილი მშობიარობს.

– კი, ამ დროს დედები ძალიან ნერვიულობენ, მაგრამ სანდრომ ნერვიულობაც არ მაცალა. რვა საათზე დამირეკეს და ათის ნახევარზე დაიბადა. ვერც ვინერვიულე (იცინის). ღვთის წყალობით, ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა. საერთოდ, მგონია, რომ რთულად არაფერს არ უნდა მიუდგე, არ უნდა ჩაიციკლო. საკითხს მარტივად თუ შეხედავ, ყველაფერი კარგად იქნება.

ნატალია რომ იბადებოდა, ის პერიოდი როგორ გახსენდებათ?

– ნატალიკო ოცნების გოგოა. მანამდე ორი ბიჭი მყავდა და გოგოს ვნატრობდი. გოგო რომ დაიბადა, სიხარულით გადარეული ვიყავი (იცინის). მერე კარგი და ნიჭიერიც რომ აღმოჩნდა, ხომ – საერთოდ! მისი სახით ღმერთმა საოცარი საჩუქარი გამომიგზავნა. გადასარევი ბავშვი იყო. ძალიან ბედნიერად მახსენდება ის დრო. ორი ბიჭის შემდეგ გოგოს გარშემო ვიყავით ყველა – მე, დედაჩემი, ბებიაჩემი. ნატალია ორი წლის იყო, ბებია რომ გარდაიცვალა, მაგრამ მაინც ხომ მოესწრო მის დაბადებას და სიცოცხლის ბოლოს მითხრა: ახლა წყნარად წავალ იმქვეყნად, იმიტომ, რომ ვიცი, უკვე პატრონი გეყოლებაო. ბიჭები ძალიან კარგები არიან და გადასარევად პატრონობენ დედას, მაგრამ გოგო კიდევ სხვა არის.

ძმებიც ანებივრებდნენ?

– კი, ისინიც ემოციურად შეხვდნენ დის დაბადებას. ჩემმა უფროსმა ბიჭმა მაინცდამაინც არ იცის გრძნობების გამოხატვა, მაგრამ ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და დღემდე ასეა – არაჩვეულებრივი დაძმობა აქვთ.

თქვენი კარიერიდან გამომდინარე, დედასთან ურთიერთობა არ აკლდა?

– არა, ნატალიასთვის ყურადღება არასდროს მომიკლია. მე გასტროლებზე დიდად არ დავდიოდი, ზუსტად იმიტომ, რომ ნატალია არ დამეტოვებინა. აბსოლუტურად არ ჰქონია ეს პრობლემა. ახლა, როცა უკვე თვითონ ჰყავს პატარა, მთელი ოჯახი უნდა დავეხმაროთ. თუ ისე მოხდა, რომ სხვა ქვეყანაში დასჭირდა წასვლა, ბავშვს აუცილებლად თან წაიყვანს. აქ არ დატოვებს, ასე ფიქრობს. რა თქმა უნდა, თუ დიდი ხნით იქნება წასვლა საჭირო, თორემ ცოტა ხნით – ათი დღე იქნება თუ ორი კვირა, ყველა მივეხმარებით.

თქვენ ხშირად გიწევდათ ბებოსთან ყოფნა

– კი. დედაჩემის კარიერა სხვა პერიოდში იყო. მაშინ ბევრი რამ იყო სხვანაირად. დედა ძალიან ხშირად დადიოდა გასტროლებზე. ეს კარგი არ იყო, მაგრამ მე იმდენად სავსე ოჯახი მქონდა, ისეთი ბებია და ბაბუა მყავდა, არანორმალურ სიყვარულში მზრდიდნენ და არანაირი დანაკლისის გრძნობა არ მქონდა. ბავშვის ფსიქიკა ძალიან ფაქიზია და რაც არ უნდა კარგი ბებია და ბაბუა გყავდეს, დედა მაინც გინდა. თუმცა, სულ ისეც არ იყო, რომ დედაჩემი თვეობით დაკარგულიყო. ერთთვიანი ან ორკვირიანი გასტროლი ჰქონდა ხოლმე, თუმცა გასტროლები ხშირი იყო მის მოღვაწეობაში და როგორღაც, ყველა შეგუებულები ვიყავით. თუმცა, ერთი რამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია – როცა ნანი თბილისში იყო, გვერდიდან ერთი წუთითაც არ მიშორებდა.

მაშინ აღიქვამდით, თუ ვინ იყო დედა?

– დიდად არა. ისე გავიზარდე, რომ არანაირი განსაკუთრებულობა არ იგრძნობოდა. განსაკუთრებული მეც არაფერი მეტყობოდა. თურმე, სკოლაში სულ ხაზს უსვამდნენ, როგორი ჩვეულებრივი ბავშვიაო. მე ვერ აღვიქვამდი, რომ განსაკუთრებული უნდა ვყოფილიყავი იმის გამო, რომ დედაჩემი ნანი იყო. უფრო მეტად რომ მცნობდნენ და ხშირად მესმოდა – ეს ნანის შვილიაო, კი ბატონო, ეს მომენტები იყო. მაგრამ, ეტყობა, მე ძალიან ნორმალურად ვიქცეოდი, იმდენად, რომ ეს ხაზგასასმელი იყო. ამ დროს, მე მართლა ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა ყოფილიყო ჩემი წესიერება და ჩვეულებრიობა აღსანიშნავი. ალბათ, იმიტომ იყო ასე, რომ ბებიაჩემი ძალიან სწორად მზრდიდა.

რას გულისხმობთ?

– იმას, რომ არ უნდა გადაირიო, რომ ამაში არაფერი მნიშვნელოვანი არ არის. რა მოხდა მერე, რომ ნანის შვილი ვიყავი, სხვაზე ნაკლები ან მეტი რით ვიქნებოდი?! „დედაჩემი ასეთი პოპულარულია და ყველამ იცის მის შესახებ“ – ასე არასდროს მიფიქრია და ეს მომენტი არასდროს გამომიყენებია. ალბათ, ამის მაგალითს ბებიისგან ვიღებდი. ის არასდროს თვლიდა, რომ ამ ფაქტის გამო, ვინმე განსაკუთრებულად უნდა მოგვქცეოდა. ბებიაჩემი ძალიან კარგი ადამიანი იყო. მან ჯერ დედაჩემი გაზარდა, თან გადაჰყვა, მერე მე, მერე ჩემი ბიჭები და სულ გახარებული მეუბნებოდა, შვილებთანაც ხომ გეხმარებიო. მას ძალიან დიდი ამაგი აქვს ჩვენზე.

რას გრძნობდით, როცა ქუჩაში დედასთან ერთად იყავით და მის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდნენ?

– ბავშვურად მიხაროდა, როცა დედასთან ერთად ვიყავი და მის მიმართ სიყვარულსა და სითბოს გამოხატავდნენ, მაგრამ ამხანაგებში არასდროს მიტრაბახია, დედაჩემი ნანი ბრეგვაძე არის ან დედამ რაღაც განსაკუთრებული ჩამომიტანა უცხოეთიდან-მეთქი. მაშინ აქ არაფერი არ იშოვებოდა, ვერაფერს იყიდდი. საუბედუროდ, საბჭოთა კავშირის დროს რამე სხვაზე უკეთესი თუ მეცვა, ესეც გამორჩეულობად ითვლებოდა, რვეული და კალამი რომ მქონოდა განსხვავებული – ესეც კი. დედაჩემს ჩამოჰქონდა ჩემთვის მსგავსი რაღაცები და ბევრი რამ განსხვავებული მქონდა. მაგრამ არც ამისთვის გამისვამს ხაზი და არასდროს მითქვამს, მე ეს მაქვს და თქვენ არა-მეთქი. მართლა არასდროს არ ვმეტიჩრობდი. ეგ კი არა, ზედმეტად არ მანებივრებდნენ, რომ ამით სხვა არ გაღიზიანებულიყო.

ქალბატონ ნანის უთქვამს თქვენთვის: მე რომ არ ვიყო შენ გვერდით, შენ უფრო წინ იქნებოდიო

– კი, ასეა. დიდად არ შემიწყვეს ხელი. მე უფრო ოჯახი და შვილი ავირჩიე პრიორიტეტად, ვიდრე კარიერა, ასე გადაწყდა. დედაზეც ვერ ვიტყვი, რომ ასე ჰქონდა დაგეგმილი. ახლაც ამბობს ხოლმე, ყოველ გასტროლზე მეგონა, რომ ბოლო იყო, ჩამოვიდოდი და ოჯახში ვიქნებოდიო. მაშინ სხვა დრო იყო. ახლა სხვა პრიორიტეტებია, ყველაფერს წინასწარ გეგმავენ – რას რამდენი დრო უნდა დაუთმონ. ადრე რაც გამოვიდოდა, გამოვიდოდა. ასე რომ, დედას ეს ყველაფერი მიზნად არ ჰქონია დასახული. თუმცა, მე მგონია, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა მომხდარიყო. ჩემი დაკვირვებით, ასეა – ბედს, რა თქმა უნდა, შენ უწყობ ხელს, მაგრამ რაც მოსახდენია, ის აუცილებლად მოხდება.