ყველასთვის საყვარელი და პოზიტიური მომღერალი და რადიოწამყვანი თაკო მელიქიშვილი არასდროს მალავს თავს გადახდენილ კურიოზულ ამბებს. ამბობს, რომ ექსპერიმენტების ეშინია, თუმცა, ამ მხრივ, ბევრი სახალისო ისტორია აქვს გასახსენებელი. მართალია, ადრეული ასაკიდან უწევდა მაკიაჟის გაკეთება, თუმცა, ეს მის სახის კანზე უარყოფითად არ ასახულა და არც ამ ასაკში იტარებს განსაკუთრებულ პროცედურებს.
– თაკო, რა ასაკიდან დაიწყე გაპრანჭვა და მაკიაჟის გაკეთება?
– ექვსი წლიდან სამეჯლისო-სპორტულ სტუდიაში დავდიოდი, ხშირად გვქონდა გამოსვლები და კონკურსები და იქ მიკეთებდნენ მაკიაჟს. ასევე, ადრეული ასაკიდან მიმყავდა სატელევიზიო გადაცემა – „სკოლა“ და იქაც მიკეთებდნენ ვიზაჟს. ასე რომ, ადრეული ასაკიდან მიწევდა სერიოზული მაკიაჟის კეთება, თუმცა, რომ გითხრათ, სარკესთან ვიჯექი და ბავშვობიდან ვიკეთებდი დამოუკიდებლად-მეთქი, ასე არ ყოფილა. მერე, წლების მატებასთან ერთად, ნელ-ნელა დავხვეწე თავად მაკიაჟის კეთება, თუმცა ლაინერის წასმა, დღემდე ვერ ვისწავლე (იცინის). როცა ტელევიზიაში გადაღება მაქვს და მაკიაჟს პროფესიონალი ვიზაჟისტი მიკეთებს, ვცდილობ, გადაღების მერე არ მოვიცილო და მთელი დღე ასე გაპრანჭულმა ვიარო, ვიცვალო ტანსაცმელი, იმ ერთ დღეში გადავიღო ფოტოები და გამოვფინო სოციალურ ქსელში (იცინის). ზოგადად, ყოველდღიურად ტუშსა და ტუჩსაცხს ვხმარობ.
– დამატენიანებელ საცხებს თუ იყენებ?
– რასაკვირველია, ვიყენებ. თუმცა, ხშირად ისეთი დაღლილი მივდივარ სახლში, დამატენიანებელი საცხის წასმა კი არა, მაკიაჟის მოცილებაც მეზარება და გაპრანჭული ვიძინებ (იცინის). დაემთხვა – ორი დღე უნდა მქონოდა გადაღებები, პირველ დღეს გავიკეთე მაკიაჟი და სახლში რომ მოვედი, მივხვდი, მეორე დღის გადაღებისთვის ახალი მაკიაჟის გაკეთებას ვერ მოვასწრებდი და გამოსავალი მოვნახე – ზურგზე დავწექი და მთელი ღამე გავათენე, რომ მაკიაჟი არ გამეფუჭებინა (იცინის).
– სახლის პირობებში ბოსტნეულისა და ხილის ნიღბებს არ იკეთებ?
– მსგავსი პროცედურები არ ჩამიტარებია. ასეთი ექსპერიმენტები ჩემს კანს არ სჭირდება, თან მეშინია ექსპერიმენტების. თუმცა, ერთხელ დავინტერესდი და ვცადე – კიტრი გავთალე, დავჭერი მრგვალ ნაწილებად, სახეზე დავილაგე, ფოტო გადავიღე და სოციალურ ქსელში დავდე. ერთი ამბავი ატყდა (იცინის). არც ბოტოქსი და არც ბიორევიტალიზაცია არ მაქვს გაკეთებული. არ მჭირდება, მაგრამ სურვილი მაქვს. თუ სპეციალისტი მეტყვის, რომ მჭირდება, აუცილებლად გავიკეთებ. ამ ეტაპზე არ ვთვლი საჭიროდ. ერთადერთი, ძალიან მინდოდა, ფილერი მაქვს ტუჩზე გაკეთებული და არც ვმალავ. ზოგი მწერდა: რა საჭიროა, ყველა ერთმანეთს რომ ემსგავსებითო, ზოგს მოეწონა. პატარა ტუჩი არ მაქვს და ისეთი დოზით მაქვს გაკეთებული, თუ არ ვთქვი, ვერც მატყობენ. უბრალოდ, პატარა ცვლილება შევიტანე ტუჩის ზომაში, რაც მე მინდოდა და ძალიან მომწონს. იმასაც ამბობენ: ერთხელ თუ გაიკეთე, მერე აზარტში შესვლა იცისო. არ გამოვრიცხავ, მეც ასე ვფიქრობდი, თუმცა მერე „დავასტოპე“. თან, ეს ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული. თუმცა, ვფიქრობ, თუ საჭიროდ თვლი, ფინანსებიც გიწყობს ხელს და გინდა, აუცილებლად უნდა შეიტანო ცვლილება საკუთარ იმიჯში. პირადად მე ბუნებრიობას არ დავკარგავ, მაგრამ თუ მომინდა, აუცილებლად შევიტან ცვლილებას საკუთარ გარეგნობაში.
– ადრე, ხშირად იცვლიდი თმის ფერს და სტილს. თუმცა, ახლა – არა. ეს შენი ცვალებადი ხასიათის ბრალი იყო თუ მოდას აყოლის?
– ზოგადად, ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს, ასი პარასკევი მაქვს კვირაში, ხან ერთს ვამბობ, ხან მეორეს. გადავწყვეტ, ვაკეთებ, ვნანობ; არ ვაკეთებ, იმასაც ვნანობ. თუმცა, თვრამეტი წელია, ერთ სპეციალისტთან დავდივარ, მას ვენდობი და რაც უნდა ვიწუწუნო, თუ არ მომიხდება, ცვლილებებზე არ მთანხმდება. კიდევ კარგი, ბევრჯერ გადამაფიქრებინა და მათ შორის „რიჟა“ თაკოს გადამარჩინა (იცინის). არადა, ძალიან მინდოდა რიჟა ვყოფილიყავი. ზოგადად, არ მიყვარს მუქი თმა. ალბათ, მეგობრების უმეტესობამაც კი არ იცის, რომ კულულა ვარ და სწორი თმა არ მაქვს. ეს პანდემიის პერიოდში გაიგეს, როცა ჩაიკეტა ყველაფერი და ვერ მოვახერხე სტილისტთან თმის გასასწორებლად წასვლა. სამსახურში რომ მოვედი კულულა, იმის მტკიცება მომიხდა, რომ ეს ჩემი ბუნებრივი თმაა და არა დაყენებული (იცინის). ვფიქრობ, კულულა თმა არ მიხდება და სულ ვისწორებ. ასეთ თმაში სახე უფრო ნაზი მიჩანს.
– სხეულზე ლამაზი ტატუები გაქვს და ახლახან ცხვირიც გაიხვრიტე. კიდევ აპირებ რაიმეს დამატებას? აზარტში შეხვედი?
– ძალიან მინდოდა ცხვირის გახვრეტა. სულ მომწონდა, მაგრამ ვერ ვწყვეტდი. ზოგადად, რამე რომ მინდა, დიდხანს ვიცი ფიქრი. ამით, მგონი, უფრო მეტად ვირთულებ ცხოვრებას. როცა შინაგანად ცუდად ვარ, მივდივარ და ტატუს ვიკეთებ. ეს სიამოვნებას მანიჭებს. სულ ოთხი ტატუ მაქვს. მეგობრები მეხუმრებიან: რამდენჯერაც ცხვირის გახვრეტა მოინდომე, წახვედი და ტატუ გაიკეთეო (იცინის).
– ანუ, როგორც გავიგე, ცუდ ხასიათზე იშვიათად ხარ.
– (იცინის) არა, ასე არაა, უბრალოდ, იმ ცუდ ხასიათზე ყოფნისასაც თავს ვთოკავ, რომ მთელი სხეული ტატუთი არ მქონდეს დაფარული. ოთხივე ტატუს თავისი დატვირთვა აქვს – თითზე მაქვს კომპასი, ხელზე მაქვს წარწერა – „იყავი პირველი“, ფეხზე – რკალი, გულის მხარეს კი – გული, ანუ ორი გული მაქვს (იცინის). ყველა მეუბნება, გული, რკალი და „იყავი პირველი“ გასაგებია, მაგრამ კომპასი რატომ ამოისვირინგეო. კომპასი იმიტომ დავიხატე, რომ სულ გზააბნეული ვარ (იცინის). ახლა ჭიპის გახვრეტაც მინდა და ჯერ ფიქრის პროცესში ვარ, ვერ ვრისკავ. სხვათა შორის, წამწამებსაც ვყიდულობ, ჩემით დავიკრავ ხოლმე და ხანდახან ლაპარაკის დროს, ჩამომვარდნია (იცინის). მაღაზიაში კონსულტანტს ვესაუბრებოდი და ჩამომივარდა. გასკდა სიცილით ის გოგო და მე ვერ მივხვდი რაზე იცინოდა (იცინის). ერთხელ კი წვეულებაზე თვალში ლინზა დამეკარგა, ზედა მხარეს გადავიდა და იმდენი წყალი მასხეს, კინაღამ გადავირიე. ძალიან შემეშინდა, საოპერაციო არ გავხდე-მეთქი, მაგრამ წყლით გადმოაგდეს. ერთხელ, სამეგრელოში ვიყავი, ქორწილში. ვიფიქრე, სანამ ჩემი სცენაზე ასვლის დრო მოვა, მოვემზადები-მეთქი. ამოვიღე სარკე, ერთი ლინზა ჩავისვი, მეორე თითზე მიდევს გამზადებული ჩასასმელად და ამ დროს თამადამ დაიწყო ჩემი დღეგრძელობა. რაღაც ვიზამდი, ავდექი, სხვადასხვა ფერის თვალით და თითზე ლინზით გავედი (იცინი). გაოცებული მიყურებდნენ სტუმრები. რესტორანში რომ ვმღეროდი, მანქანაში სწრაფად მიწევდა მომზადება. ხშირად, „რუმიანა“ შემიყრია სახეზე და მერე, მუსიკოსები მეუბნებოდნენ: ცალ ლოყაზე ნამეტანი ბევრი „რუმიანა“ გისვიაო (იცინის).