ვინ არის შალვა პაპუაშვილის მეუღლე – უცნობი დეტალები პარლამენტის ახალ თავმჯდომარეზე

805

რამდენიმე დღის წინ, კახა კუჭავამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. მის ადგილას მმართველმა გუნდმა შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა დაასახელა. უმრავლესობაში დარწმუნებული არიან, რომ ის სპიკერის თანამდებობას თავს კარგად გაართმევს.

45 წლის პოლიტიკოსს ჰყავს 34 წლის მეუღლე გვანცა სუთიძე და ქალიშვილი, ელენე პაპუაშვილი, რომელიც დღეს, 9 წლის გახდა.

პოლიტიკოსის მეუღლის შესახებ საზოგადოებისთვის ფაქტობრივად არაფერია ცნობილი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გვანცა საკმაოდ წარმატებული ქალბატონია და მეუღლესთან ერთად საკუთარი ბიზნესიც აქვს. ცოლ-ქმარი თანაბრად იყოს შპს „გზირიანის მარანის“ წილებს. გარდა ამისა, გვანცა საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობს და ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წამყვანი სპეციალისტია.

შალვა პაპუაშვილის მეუღლის საკუთრებაშია 2008 წელს 30 000 ლარად შეძენილი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი თბილისში პაატა სააკაძის ქუჩაზე და იმავე მისამართზეა სუთიძის 100%-იან მფლობელობაში 2008 წელს შეძენილი მიწის ნაკვეთი. ამასთანავე პაპუაშვილის მეუღლის საკუთრებაშია ამბროლაურის სოფელ კაჩაეთში მდებარე 750 კვ.მ ფართის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც მას 2020 წელს აჩუქეს.

ბევრმა არ იცის, რომ პაპუაშვილი 25 წლის წინ, 1996-98 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრის თანაშემწე იყო.

პოლიტიკოსმა უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის სპეციალობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. შემდეგ კი სწავლა გააგრძელა მაგისტრატურაზე ევროპული კერძო სამართლის მიმართულებით საარლენდის უნივერსიტეტში. იმავე უნივერსიტეტში დაიცვა დოქტორის ხარისხი.

1996-1998 წლებში პაპუაშვილი გახლდათ საქართველოს პარლამენტის წევრის თანაშემწე. 2000-2001 წლებში იყო საადვოკატო ბიურო “Heimes&Muller“-ის ადვოკატის თანაშემწე.

2003-2007 წლებში იყო გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) უფროსი სამართლებრივი ექსპერტი. 2005-2006 წლებში – სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, ექსპერტი ადამიანის უფლებათა საკითხებში.

2007-2015 წლებში იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ჯგუფის ხელმძღვანელი. 2012-2015 წლებში იყო კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი. 2015 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი.

2015-2017 წლებში იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე. 2017-2020 წლებში იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი.

2020 წლიდან შალვა პაპუაშვილი არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით.

დეკლარაციის მიხედვით, რომელიც შალვა პაპუაშვილმა 2021 წლის 11 თებერვალს შეავსო, ირკვევა, რომ ის ფლობს 2004 წელს შეძენილ 10000 კვ.მ მიწის ნაკვეთის 50%-ს, რომელიც მდებარეობს სიღნაღის სოფელ ვაქირში.

თავად პაპუაშვილი ფლობს 2018 წელს 2500 ლარად შეძენილ მიწის ნაკვეთს სოფელ ტიბაანში, რომლის 50% -იანი წილი ეკუთვნის ბერდია ბერიძეს. პოლიტიკოსის მფლობელობაშია 2018 წელს 2000 ლარად შესყიდული მეორე მიწის ნაკვეთი ( 1720 კვ.მ.), რომლის 50% -იანი წილი ეკუთვნის ასევე ბერდია ბერიძეს. პოლიტიკოსს სიღნაღის სოფელ ვაქირში 2020 წელს 1 ლარად შეძენილი აქვს 100001 კვ.მფართის ნაკვეთი, რომელიც 2011 წლიდან იყო ფაქტობრივ თანასაკუთრებაში.

2020 წელს პაპუაშვილმა სოფელ ვაქირში მდებარე მიწის ნაკვეთის კუთვნილი წილი გამიჯნა და 1 ლარად შეიძინა, რომლის 50 %-იანი წილის მფლობელია ზურაბ პაპუაშვილი.

აქვე, პაპუაშვილს 2004 წელს მემკვიდრეობით ერგო სოფელ ვაქირში მდებარე 9999 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი, რომლის 50% -ის თანამფლობელია ზურაბ პაპუაშვილი.

შალვა პაპუაშვილის საკუთრებაშია 2015 წელს 2500 დოლარად შეძენილი ავტოფარეხი და 114,6 კვ.მ ფართის 68640 დოლარად შეძენილი ბინა, რომელიც მდებარეობს თბილისში, კრწანისის ქუჩაზე. პოლიტიკოსს ჰყავს 2008 წელს 20000 დოლარად შეძენილი მსუბუქი ავტომობილი Hyundai Tucson და 2012 წელს 12000 დოლარად ნაყიდი Nissan Xterra.

პაპუაშვილის 50%-იან მფლობელობაშია შპს “ბერმუხაც“.

რაც შეეხება საჩუქრების სახით მიღებულ შემოსავლებს, პოლიტიკოსის მეუღლეს ბებიისგან ერგო მიწის ნაკვეთი სახლით, რომლის საბაზრო ღირებულება 65 000 ლარია. თავად შალვა პაპუაშვილს კი მშობლებმა აჩუქეს 17 000 დოლარი სესხის დასაფარად.

შალვა პაპუაშვილმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის გზით ჯამში მიიღო 7, 790 ლარი.