“არ მიყვარს ტუჩების დაბერვები და სახის გადაჭიმვები”

320

მსახიობმა ქეთი ჩხეიძემ ქალიშვილთან ერთად ხელოვნების სკოლა გახსნა, სადაც მსახიობის ოსტატობას ასწავლის. ამ სიახლის შესახებ მან ,,სარკესთან” ისაუბრა:

-ჩემს ქალიშვილს ჰქონდა სურვილი, რომ გაგვეხსნა ხელოვნების სკოლა, სადაც ის ადამიანები მოვიდოდნენ, ვისაც უყვართ თეატრი, კინო, უოცნებიათ მსახიობობაზე, მაგრამ ცხოვრებაში არ მიეცათ ამ ოცნების რეალიზების საშუალება.

თავიდან არ ვთანხმდებოდი, რადგან გამოცდილება არ მქონდა, როგორ შეიძლებოდა ასეთი სკოლის ფუნქციონირება, მაგრამ ელენემ და მისმა მეგობარმა დამითანხმეს. ასე რომ, გავხსენი კავკასიის ხელოვნების წრე, ანუ სკოლა. სწავლის სურვილი, ჩემდა გასაკვირად, ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა.მე ვასწავლი მსახიობის ხელოვნებას სამოყვარულო დონეზე. ასაკი შეუზღუდავია, ყველაზე პატარა 16 წლის გვყავდა, ყველაზე უფროსი – 63-ის.

დიდებულია მსახიობობა, მაგრამ რამდენად გაძლევთ თქვენი პროფესია ნორმალური ცხოვრების საშუალებას?

– ჩვენმა თაობამ იწვნია ჩვენი პროფესიის სიძნელეები. მსახიობის ხელფასით, სამწუხაროდ, ვერ იარსებებ, უფრო სწორად, იარსებებ, მაგრამ ვერ იცხოვრებ. შეიძლება მშობლებიც ამიტომ ეწინააღმდეგებიან შვილებს, რადგან იციან, რომ ათასში ერთი გამოდის ძალიან გამორჩეული და თან იღბლიანი, სხვებმა კი მთელი ცხოვრება უნდა იწვალონ და შეიძლება ვერაფერს მიაღწიონ.

მიდის დრო, ნელნელა გვემატება წლები. როგორ ებრძვით ასაკს და ხომ არ განიცდით, რომ ახალგაზრდობამ ჩაიარა?

– რაც უნდა ეჭიდაო ასაკს, ბოლომდე ვერასდროს მოერევი. შეიძლება ცოტა შეანელო დაბერების პროცესი, ამისთვის დღეს ბევრი საშუალება არსებობს. არ მიყვარს ზედმეტი გულმოდგინება, ტუჩების დაბერვები და სახის გადაჭიმვები.

ძალიან საღად ვუყურებ, რომ მოვა დრო, როცა დავბერდები. მინდა, დავბერდე ჯანმრთელად. მთავარია, სიბერე ტვინს არ შეეხოს, რადგან როგორც აზროვნებ, ზუსტად ისე გამოიყურები.