“პასპორტი გავრცელებას ვეღარ ამცირებს და დაწესებულებების უსაფრთხოებას ვეღარ უზრუნველყოფს”

428

მწვანე პასპორტის გაუქმებას საქართველოში, სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება ამერიკაში მომუშავე ექიმი-ეპიდემიოლოგი თამარ ქვარცხავა.
ქვარცხავა ამბობს, რომ მწვანე პასპორტის გაუქმება ვაქცინაციასთან კავშირში არ არის და ამ ფაქტით, ვაქცინაციის პოლიტიკაში არაფერი იცვლება.

„პასპორტმა აზრი დაკარგამეთქი, შეიძლება გახსოვთ ჩემი კომენტარები. მიკვირს მწვანე პასპორტის გაუქმებაზე ისეთი კომენტარები, თითქოს ეს ხალხი პასპორტისთვის იცრებოდა. პასპორტის გაუქმებით გეგონება აცრამ აზრი დაკარგა.
აცრამ არა მეგობრებო, პასპორტმა დაკარგა აზრი. ომიკრონმა ბევრი რამ შეცვალა და ცვლილებას დროზე ჭირდება რეაგირება როცა რესურსი იხარჯება,“ – წერს ექიმი.

თამარ ქვარცხავა მიიჩნევს, რომ პასპორტი გავრცელებას ვეღარ ამცირებს და ვერც დაწესებულებების უსაფრთხოებას ვეღარ უზრუნველყოფს.
„თვითმფრინავში ან რესტორანში მოგიჯდებათ გვერდით მწვანე პასპორტიანი ადამიანი, სამჯერ აცრილი “ნეგატიური” ტესტით (სინამდვილეში ინფიცირებული) და დაგაინფიცირებთ.
პასპორტი გავრცელებას ვეღარ ამცირებს და ვერც დაწესებულებების უსაფრთხოებას ვეღარ უზრუნველყოფს. აცრაც აცრისთვის კი არ გვინდა, არამედ ინფექციის კონტროლის და პანდემიასთან საბრძოლველად.
ომიკრონის გავრცელებას დღეს აცრაც შედარებით ნაკლებად ამცირებს, თუმცა შეგახსენებთ, რომ კოვიდის ვაქცინა მეტწილად გიცავთ კლინიკური დაავადების სიმძიმისგან. 99% რეანიმაციაში ამ ქვეყანაში აუცრელი წევს. მიუხედავად ყველა არგუმენტისა და ობიექტური რეალობისა, მაინც მგონია ფაქტების და სიმართლის ფასი არაფერია. ვინც სიმართლით და მტკიცებულებებით გამყარებული ფაქტებით ვერ დავარწმუნეთ, ომიკრონის პირობებში (!) მწვანე პასპორტით ვერ ვაიძულებთ აიცრას.
ალფა და დელტა ვარიანტების დრო სულ სხვა კონტექსტი იყო და ცვალებადი რეალობის მიღება აშკარად უჭირთ ადამიანებს. თუ მეცნიერებას ვურევთ პოლიტიკას, ვიღებთ პოლიტიკას. თუ მეცნიერებას ვურევთ ეკონომიკას, ვიღებთ ეკონომიკას. თუ მეცნიერებას შევურევთ ნახევარ სიმართლეს, ვიღებთ ნახევარ სიმართლეს. მეცნიერება მიქსერით არაფერში ითქვიფება,“- წერს თამარ ქვარცხავა.