“მამაკაცი ცოლის მშობიარობას უნდა დაესწროს”

252

მსახიობისა და მომღერალის, ანდრია გველესიანის ცხოვრებაში მას შემდეგ შეიცვალა ყველაფერი, რაც გასული წლის 26 მაისს თავისი პირველი შვილი, ალექსანდრე დაინახა. თავის ემოციებზე მომღერალმა ,,სარკეს” უამბო.

– ყოველთვის ორად იყოფა აზრი, მამაკაცი უნდა დაესწროს თუ არა ცოლის  მშობიარობას. თქვენ ეს გააკეთეთ. რა დადებითი და უარყოფითი მხარეები დაინახეთ?

– ყოველთვის ვცდილობ, გადამწყვეტ მომენტებში ჩემი მეუღლის გვერდით ვიყო. ამაზე მაგარი წუთები არ გვქონია და მინდოდა, ერთად გაგვეზიარებინა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი შვილის დაბადებას დავესწრებოდი. ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ დადებით ახლავს. ჩემი აზრით, კიდევ უფრო სხვანაირად აღიქვამ შენს შვილს, როდესაც შენ თვალწინ იბადება.

ყველა წამმა, რომელსაც ვთვლიდი, რომ ბედნიერი იყო ჩემს ცხოვრებაში, აზრი მაშინ დაკარგა, როდესაც ჩემი შვილი დაიბადა. ის არის ყველაზე ბედნიერი წუთების სათავეში. ყველას ვურჩევ, აუცილებლად დაესწრონ ამ მნიშვნელოვან პროცესს.

– ოჯახის ახალმა წევრმა რა გავლენა იქონია ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე?

– ბავშვი საყვარელ ადამიანთან უფრო გაკავშირებს.ბავშვი სიყვარულის ნაყოფია და უფრო მეტი სიყვარული მოაქვს.

– შემოქმედებითი კუთხით თუ მოგიტანათ აღმაფრენა ალექსანდრემ?

– ყველანაირი საბავშვო სიმღერა, რაც კი ბაღიდან მოყოლებული მიმღერია და მომისმენია, ამომიტივტივდა გონებაში. მისმა სიყვარულმა ერთი “იავნანაც” დამაწერინა. აქამდე ჩემი სიმღერის მუზა თუ მაიკო იყო, ახლა ალექსანდრეც გახდა.

– ისეთი აღფრთოვანებით ლაპარაკობთ მამობაზე, რომ ალბათ ერთ შვილზე არ გაჩერდებით.

– რა თქმა უნდა. აბსურდია იმაზე ფიქრი, რომ ჯერ კარიერას მივხედავ და მერე ვიყოლიებ შვილს. ჩემთვის ალექსანდრე წარმოუდგენლად დიდი მოტივატორია.