“ერთმა გოგონამ ჩემგან შვილი გააჩინა, ეს მისი გადაწყვეტილება იყო”

645

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობ როლანდ ოქროპირიძეს ბევრი ოცნება აუსრულდა. ყველაზე მთავარი კი იმ ადამიანებთან ურთიერთობა, მეგობრობა, მათთან ერთად სცენაზე დგომა და ფილმებში თამაშია, რომლებიც მისთვის ვარსკვლავები იყვნენ და სწორედ მათი გავლენით გადაწყვიტა მსახიობობა.

მის პირად ცხოვრებაში არის ორი ქორწინება და ოთხი შვილი. იმ გზაზე, რაც გამოიარა, მსახიობმა ,,სარკესთან” ისაუბრა:

– არ არსებობს ადამიანი, ოჯახის დანგრევა რაღაც დონეზე არ განიცადოს. მე ისეთი ნერვიულობა შემხვდა,დიაბეტი დამემართა. ოჯახის დანგრევა უბრალო ამბავი არ არის. ესე იგი, შენ შეცდომით გადადგი ნაბიჯი. მერე შენს თავს ამ შეცდომას ვეღარ პატიობ, რადგან მარტო შენ არ ხარ დაზარალებული, ასევე ცუდად არის შენი მეორე ნახევარი და ის ადამიანები, რომლებიც უკან დგანან.

ჩემი პირველი მეუღლე კარგი გოგოა, არც მე ვარ ურიგო, ერთად კი ვერ გამოვდექით. მეგობრობა შევძელით, მეუღლეობა – ვერა. ერთი ვაჟი მყავს მასთან. მე და ჩემი პირველი მეუღლე ერთმანეთისთვის მნიშვნელოვან ადამიანებად ვრჩებით, მაგრამ მეორე მეუღლე არის ის, ვინც შეძლო და მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ. ის ზუსტად ჩემი ადამიანია.თავს ბედნიერად ვგრძნობთ ერთად. მასთან ორი გოგონა მყავს.

მყავს პირველი შვილი, ვაჟი, რომელიც ქორწინების გარეშე საკუთარი სურვილით გააჩინა ერთმა გოგონამ. ეს მისი გადაწყვეტილება იყო და ჩემს ადრეულ ახალგაზრდობაში მოხდა.გვაქვს ურთიერთობა, უფრო მეტად სატელეფონო. მას ყოველთვის შეუძლია მოვიდეს ჩემთან და ისეთივე უფლებები აქვს, როგორიც დანარჩენ შვილებს.