“გვაპატიე, რომ ვერ გავიგეთ, როდის კვდებოდი ნელ-ნელა…”

270

ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე პოეტ თამაზ მონიავას გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“თაზო იყო ნამდვილი ქალაქელი.
თაზო იყო წესიერების და ოჯახიშვილობის განსახიერება.
ის ბარდი იყო, ნამდვილი ბარდი…

გინდათ იცოდეთ ვინ იყო ნამდვილი კოლორიტი ამ ქალაქის? უპირობოდ თაზო მონიავა!

ის ისეთივე ნაწილი იყო ამ ქალაქის, როგორც თეთრი ხიდი და ოქროს ჩარდახის აღმოსავლური ჭადარი.
თაზო უყვარდა ყველას. გულით უყვარდა ამ უმადურ ქალაქს, მართლა უყვარდა და არ შურდა მისი. რადგან თაზო არასოდეს არ იდგა არავისზე მაღლა ( თვითონ დამდაბლდა ამ ქალაქზე ), ამიტომაც რაღაცნაირად მლანძღავი არ ყავდა.

თაზომ თვითონაც არ იცოდა და სხვებსაც ავიწყებდა თუ რამხელა მარგალიტი იყო ამ ქალაქის.
ისე წყნარად იცხოვრა ამ სიყვარულში თავად არაფერი მიიღო. ისედაც არას მაბადმა, მხოლოდ სიყვარული აგროვა. მხოლოდ სიყვარული და მეტი არაფერი…

ჩვენ მის სიკვდილში არ გვიდევს ბრალი, რადგან ჩვენ ალიბი გვაქვს. ჩვენ აბა რა შუაში ვართ? როცა ის კვდებოდა არ ვიყავით მის გვერდით, როცა მას უჭირდა არ ვიყავით მის გვერდით, როცა ის ტიროდა ჩვენ არ ვიყავით მის გვერდით, ასე რომ ჩვენ ალიბი გვაქვს.
მშვიდობით თაზო, დაუკარი ეგ შენი გიტარა და გულის სიმები კიდევ გაგვითბე.

დაუკარი თაზო და გვაპატიე, რომ ვერ გავიგეთ როდის კვდებოდი ნელ-ნელა…” – წერს დათო ლიკლიკაძე.