“ნუთუ მართლა ვინმეს გჯერათ, რომ პუტინის გამარჯვებაზე ვფიქრობდი და ვფიქრობ?… ბოლო 14 დღეა პირდაპირი ეთერით რუსეთს ოკუპანტს ვეძახი…”

439

ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტი, მარიამ გიგანი “იმედში” მომუშავე ჟურნალისტების მისამართით სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და მოქალაქეთა გარკვეულ ნაწილს მიმართავს:

“ტვ იმედზე მომუშავე ჟურნალისტების ლანძღვისა და შეურაცხყოფის ფაქტებს მსურს გამოვეხმაურო.

მოღალტეები, გონებაშეზღუდული მონები, ვირთხები და სამარცხვინოები რომ ვართ და პუტინის გამარჯვება გვსურს თურმე…..

ბოლო 14 დღეა დილიდან თითქმის მეორე დილამდე პირდაპირი ეთერით რუსეთს ოკუპანტს ვეძახი და როცა რუსი დივერსანტი ჩემ თვალწინ ისროდა, როცა ძლიერი აფეთქებისა და უწყვეტი სროლისას ფეხქვეშ მიწა მერყეოდა, როცა თავშესაფრის გარშემოც კი დივერსანტები დარბოდნენ, როცა განგაშის სიგნალზე, 4 ღამის უძილო უკვე იმაზე ვფიქრობდი მოდი არ ჩავალ ბუნკერში, გავრისკავ, წავუძინებ და ჯანდაბას თუ სიკვდილია ძილში მოვკვდე-მეთქი, როცა ჩემ კოლეგებს ატირებული შვილები ურეკავდნენ, როცა ჩემი უკრაინელი კოლეგები მეტროში შეფარებული მეგულებოდნენ, როცა ჩემგან 3 კილომეტრში აქტიური ბრძოლა იყო და მე გარეთ ვიყავი, როცა დაბომბვას 15 წუთით გავასწარი…. ნუთუ მართლა ვინმეს გჯერათ, რომ პუტინის გამარჯვებაზე ვფიქრობდი და ვფიქრობ?
დაფიქრდით ზოგჯერ, სანამ რამეს იტყვით….”, – წერს მარიამ გიგანი.