“ვტირი და ვლოცულობ უკრაინისთვის… რუსეთის აგრესიაზე არავითარ შემთხვევაში არ ვისაუბრებ, არც ვიცი და ეს ჩემი საქმე არ არის, მე არ ვარ პოლიტიკოსი”
მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე „კვირის პალიტრასთან“ ისაუბრა.
რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას ნანი ბრეგვაძემ აღნიშნა, რომ ეს საყოველთაო ტკივილია და ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ შესაძლოა, ომი დაწყებულიყო.
მან უკრაინელ ხალხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს უკრაინელები მთელი მსოფლიოსთვის საოცარ მაგალითს წარმოადგენენ.
“ჯერჯერობით უკრაინა ისე მაგრად დგას, ვერაფრით აიღეს და ამიერიდან, უფრო ვერ აიღებენ, რადგან მსოფლიო მიეხმარება… იმის იმედი გვქონდეს, რომ უკეთესობა იქნება. ჩვენ კარგზე ვიფიქროთ და კარგი იქნება… მაგალითად მე, ვლოცულობ. ისედაც სულ ვლოცულობ, ოღონდ გიჟივით კი არა, ნორმალურად და მჯერა, როცა რამეს გულით ვითხოვ, მისრულდება და ახლა ღმერთს ამას ვეხვეწები, რომ უკრაინა და მთელი მსოფლიო გადარჩეს!”, – ამბობს მომღერალი.
– დიახ, საყოველთაო ტკივილია… რა დროს ომია, ღმერთო ჩემო, ვერაფრით წარმომედგინა! ვერ ვიფიქრებდი, თუ შეიძლებოდა ომი დაწყებულიყო… დღეს კიდევაც ვთქვი, ტელევიზიით რასაც ვხედავ, სინამდვილე კი არ მგონია, არამედ თითქოს დოკუმენტური ფილმია გადაღებული-მეთქი… მგონია კინოში ვზივარ და ამ საშინელებას ვუყურებ – ბავშვების, თავისუფალი მოქალაქეების, უდანაშაულო ხალხის გაჟლეტას… აღარც ვიცი, რა გითხრათ… მინდა, ჩემს ოფიციალურ გვერდზე დავდო პოსტი და უკრაინელებს ხმა მივაწვდინო, რომ როგორც მთელი საქართველო, მათ შორის მეც, სრულიად შეძრწუნებული ვარ.
– უკრაინაში განსაკუთრებულად უყვარხართ, თქვენ რას იტყოდით ამ ხალხზე?
– საოცარი ხალხია, ვხედავთ, რა სიმამაცე აჩვენეს, მაგრამ მხოლოდ ახლა კი არა, ყოველთვის ასეთები იყვნენ. რამდენი რამ მოხდა და სულ მაგრად იდგნენ. თუმცა ამ შემთხვევაში მსოფლიო გააკვირვეს… ტელევიზიით ერთი ახალგაზრდა გოგო გამოვიდა და 84 წლის ბაბუაზე ჰყვებოდა, რომ ვუთხარით, იქნებ სადმე გახვიდეო, რას ამბობთ, მე ბოლომდე აქ უნდა ვიდგეო! ამას რომ ვლაპარაკობ, ახლაც სულ ვტირი… ვერ წარმოიდგენთ, ჩემთვის რას ნიშნავს, მათ ასეთ ერთიანობას რომ ვხედავ. ქვეყნის გასათავისუფლებლად ასე გაერთიანდა ყველა, დიდი და პატარა! აი, ეს არის ნამდვილი პატრიოტიზმი და არამარტო ლაპარაკი! ამ ხალხმა მსოფლიოს ისეთი მაგალითი აჩვენა, რომ მსოფლიო გამოფხიზლდა! მიხვდნენ, რომ ეს არის ნამდვილი გმირობა, ასე დაიცვა შენი ქვეყანა!
პრეზიდენტმა ზელენსკიმ ყველას აღფრთოვანება დაიმსახურა… მე მეგობრებს ვურეკავ უკრაინაში, მათ დღესაც ვესაუბრე და გაგიჟებულები არიან თავიანთ პრეზიდენტზე. თუმცა არ უკვირთ და ამბობენ, ასეც უნდა იყოს, აბა, სხვანაირად როგორო… ძალიან ვაჟკაცურად იქცევა, რამდენი შემოთავაზება ჰქონდა და ვეღარც უბედავენ, ქვეყანა დატოვოს… რადგან პრეზიდენტია, იმიტომ კი არ იქცევა ეგრე, ჩანს, რომ მანამდეც ასეთი იყო.
საოცარი მაგალითია ყველა ქვეყნის წარმომადგენლისთვის! დიახ, ასე უნდა დაიცვა შენი ქვეყანა!
– თუ გსურთ რუსეთის აგრესიაზე ისაუბროთ?
– არავითარ შემთხვევაში! არც ვიცი და ეს ჩემი საქმე არ არის, მე არ ვარ პოლიტიკოსი და შეიძლება ძალიანაც შევცდე. ამ კითხვას არასოდეს ვუპასუხებ! მე გაგიზიარეთ ჩემი განცდები რაც არის, რასაც დღეს ვხედავ უკრაინაში…
როგორც მოგახსენეთ, უკრაინაში ხშირად ვყოფილვარ, ხალხი ძალიან მიყვარს და მათ მეც ვუყვარვარ… კიდევ უფრო მეტად და გამორჩეულად უყვართ – ბუბა კიკაბიძე, ნინო ქათამაძე. ბუბა საერთოდ გმირია უკრაინელებისთვის. ბუბას ასეთი დიდ სიყვარული აქვს ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა კუთხეში. ადრე ხომ ხშირად დავდიოდით ერთად და სადაც ვყოფილვართ, წარმოუდგენელი ამბავი ხდება, იმდენად დიდ სიყვარულს გამოხატავენ. აქ კიდევ ზოგიერთები მიწასთან ასწორებენ რადგან განსხვავებული აზრი აქვს. ყველას აქვს თავის ხედვა, აზრის გამოხატვის უფლება!
ძალიან არ მიყვარს ჩემს თავზე ლაპარაკი, მაგრამ დნეპროპეტროვსკში ჩემი თაყვანისმცემლების კლუბია. მათგან პირადად მხოლოდ ერთს ვიცნობ, რომელიც აქ იყო ჩამოსული… ახალი სიმღერა მაქვს თუ სადმე მივდივარ საგასტროლოდ, მან ჩემ შესახებ ყველაფერი იცის… ერთხელ ვეხუმრე, სულაც არ მსიამოვნებს, იქნებ ჩუმად მინდა რამის გაკეთება-მეთქი… დღეს დავურეკე და გული გამისკდა, ისე ტიროდა, ისე იყო აღშფოთებული.
ქართველებს ვისი სტუმართმოყვარეობა გაგვაკვირვებს, მაგრამ უკრაინელებმა საოცარი მიღება, თან გადაყოლა იციან… საოცრად მუსიკალურები არიან. მათ გარეგნობაზე ხომ აღარ მაქვს საუბარი, პირველ რიგში ულამაზესები არიან უკრაინელი ქალები და შემდეგ რუსები… მე მთელი კანადა მოვლილი მაქვს, იქ ძალიან ბევრი უკრაინელი ცხოვრობს და იქაც სილამაზით გამოირჩეოდნენ.
კითხვაზე, რამდენად აქვს იმედი, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მალე დამთავრდება, მომღერალი პასუხობს:
„აუცილებლად მალე უნდა დამთავრდეს… მსოფლიოს ხომ აქვს მოლაპარაკება, რომ უკრაინას დაეხმარებიან. უკრაინის შემდეგ ევროპაა და ისინიც ცუდ დღეში ვარდებიან, მათ თავიანთი თავის გამოც ეშინიათ. თუ რუსეთი ვერ შეაჩერეს, საშიშროებაა ჩერნობილი რომ დაკავებულია და მერე, სრულიად კაცობრიობას საფრთხე ემუქრება.
ჯერჯერობით უკრაინა ისე მაგრად დგას, ვერაფრით აიღეს და ამიერიდან უფრო ვერ აიღებენ, რადგან მსოფლიო მიეხმარება. იმის იმედი გვქონდეს, რომ უკეთესობა იქნება. ჩვენ კარგზე ვიფიქროთ და კარგი იქნება… მე მაგალითად, ვლოცულობ. ისედაც სულ ვლოცულობ, ოღონდ გიჟივით კი არა, ნორმალურად და მჯერა, როცა რამეს გულით ვითხოვ, მისრულდება და ახლა ღმერთს ამას ვეხვეწები, რომ უკრაინა და მთელი მსოფლიო გადარჩეს“!