ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, ექიმი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს:
პიროვნებების მცირერიცხოვანი ჯგუფი, მათ შორის ზოგიერთი უცხოეთში მომუშავე ქართველი ექიმი, ყოველგვარი სერიოზული არგუმენტების გარეშე აკრიტიკებენ და იწუნებენ ქვეყნის საპასუხო ღონისძიებებს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ. რამდენადაც მე მკურნალი ექიმი გახლავართ, ჩემს პოსტში შევეხები მხოლოდ ამ პოლემიკის კლინიკურ ასპექტებს.
ჩვენი ოპონენტები უაპელაციოდ აცხადებენ, რომ ქვეყნის კლინიკური სექტორი სრულიად მოუმზადებელი და გაუმართავი შეხვდა?! ეპიდემიას და კიდევ უფრო მოუმზადებელი შეხვდება ამ ეპიდემიის მეორე ტალღას. რომ ქვეყანას არ ჰქონდა მოქმედების გეგმა ეპიდემიის სხვადასხვა სცენარით განვითარების შემთხვევაში, არ გაკეთებულა ქვეყანაში არსებული სამედიცინო რესურსების (საწოლები, მათ შორის რეანიმაციული საწოლები, ხელოვნური სუნთქვის აპარატები, ინფექციონისტები, რეანიმატოლოგები, ოჯახის ექიმები და სხვ.) შეფასება და ანალიზი, არ მომხდარა სამედიცინო პერსონალის მომზადება/ტრენინგები და ა.შ. მოკლედ, არაფერი არ გაკეთებულა.
მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ასეთ განცხადებებს არაფერი აქვთ საერთო სიმართლესთან. ჯანდაცვის სამინისტრო და კლინიკური სექტორი მზად იყო ეპიდემიის ნებისმიერი სცენარით განვითარებისათვის, და ბუნებრივია, ჰქონდა მრავალ საფეხურიანი გეგმაც და საჭიროების (ეპიდემიის სხვა სცენარით განვითარების) შემთხვევაში გათვალისწინებული იყო გაცილებით უფრო სერიოზული კლინიკური რესურსის მობილიზება.
მაგრამ გასული სამი თვის მანძილზე ეპიდემიის განვითარების რეალური სცენარის პირობებში, გამოიყენა მხოლოდ ის რესურსი და განახორციელა ის ღონისძიებები, რაც სავსებით საკმარისი იყო დღევანდელი მოცემულობის გათვალისწინებით, არც მეტი, არც ნაკლები. ამაზე მეტყველებს ის შედეგები, რომელიც საქართველომ დადო, მათ შორის კლინიკურ სექტორში.
მოსახლეობის ერთ მილიონზე გადაანგარიშებით საქართველოს სადღეისოდ ევროპის 49 ქვეყნიდან აქვს ვირუსით გარდაცვლილების ყველაზე დაბალი რიცხვი – 3,5, რაც 100-ჯერ, 200-ჯერ და მეტჯერ ნაკლებია ევროპის წამყვან ქვეყნებთან შედარებით. ან კიდევ საქართველოში სულ გარდაცვლილია 14 ავადმყოფი, რაც შეადგენს დადასტურებული შემთხვევების (888) 1,57%-ს, რაც ასევე ერთ-ერთი ყველაზე უეკთესი მაჩვენებელია ევროპაში. ასე მაგალითად, ევროპაში სამაგალითოდ მიჩნეულ გერმანიაში ეს მაჩვენებელი შეადგენს 4,73%-ს, აშშ-ში – 5,45%, ინგლისში – 14,08%-ს, საფრანგეთში – 18,73%-ს და ა.შ. ეს არ არის არც პროპაგანდა და არც ცარიელი სიტყვები.
ნებისმიერ მსურველს ადვილად შეუძლია მოიძიოს, რომ ეს ნამდვილად ასეა და რამდენადაც სწორედ ეს არის კლინიკური სექტორის მზაობის მთავარი განმსაზღვრელი (მაჩვენებელი), აქ შეიძლებოდა წერტილი დაგვესვა. საგულისხმოა აგრეთვე, რომ საქართველოში კოვიდ 19-ით 888 ავადმყოფიდან სულ გარდაიცვალა 14 ავადმყოფი (1,57%), მაშინ როცა უცხოეთში მცხოვრები 118 ვირუსით ქართველი პაციენტისგან 16 გარდაიცვალა (13,56%) და ეს არა სადღაც აფრიკაში, არამედ საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში, იტალიაში, ავსტრიაში, ინგლისში, აშშ-ში და ა.შ.
სკეპტიკოსების საყურადღებოდ გვინდა ვთქვათ, აგრეთვე, შემდეგი:
საქართველოში კოვიდ 19-ის კლინიკური მართვის სისტემა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში, „საათივით გამართულად“ მუშაობდა და მუშაობსპაციენტების კვლევის და ნაკადების მოძრაობის ალგორითმები და პროტოკოლები იყო ოპტიმალური: სასწრაფო სამედიცინო დახმარება, სპეციალურად მომზადებული ოჯახის ექიმი, ე.წ. ცხელების ცენტრი , კოვიდ ცენტრი.
არცერთი პაციენტი 1 საათიც კი არ მდგარა რიგში და არ დარჩენილა მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გარეშე. კოვიდის დიაგნოზი ისმებოდა მაქსიმუმ 24 საათში, ხოლო კოვიდ ცენტრებში პაციენტებს მკურნალობენ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით. ეს ეხება როგორც სიმპტომურ და დამხმარე მკურნალობას, ისე პათოგენეზურ მკურნალობას და ინოვაციურ მიდგომებს- პლაქვენილი, ლოპინავირ/რიტონავირი, ტოცილიზუმაბი, კორტიკოსტეროიდები, პლაზმაფერეზი, ექსტრაკორპორალური „სისხლის გაწმენდა“ სხვადასხვა სორბენტების გამოყენებით, კონვალესცენტების პლაზმის გადასხმა და სხვ. ამასთან, მსოფლიოს ბევრი წამყვანი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში დროულად მოხდა კოვიდ 19, პნევმონიის L და H ტიპების გამიჯვნა და არასაჭირო ინტუბაციების თავიდან აცილება, რაც სავარაუდოდ პოზიტიურად აისახა გარდაცვლილთა რაოდენობაზე.
გულზე ხელი დაიდეთ და სთქვით – რა სიტუაცია იყო და არის ამ თვალსაზრისით ევროპის და ამერიკის წამყვან ქვეყნებში, რომელთა ეკონომიკა და ჯანდაცვის სისტემა მთლიანობაში საქართველოსაზე შეუდარებლად ძლიერია: კოვიდ 19-ით შესაძლო ავადმყოფები ხშირად საერთოდ ვერ აღწევდნენ ექიმებამდე; ტესტი კოვიდ-19-ზე არაიშვიათად მათ საერთოდ არ უტარდებოდათ ან თუ უტარდებოდათ – პასუხს იღებდნენ 1-2 კვირის შემდეგ (თვით პრეზიდენტი ტრამპი ორი დღე ელოდებოდა ტესტის პასუხს); კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე 2-3 კვირიანი რიგები იდგა, საავადმყოფოებში საწოლები არ ყოფნიდათ მძიმე და კრიტიკულად მძიმე ავადმყოფებისთვისაც კი; ვერ აუდიოდნენ დაკრძალვებს და ა.შ.
მინდა მოგმართოთ ერთი ძალიან სერიოზული კითხვით: თქვენ რომ ყოფილიყავით გადაწყვეტილების მიმღებიდა გაგეკეთებინათ ყველაფერი ის (თუ რეალურად შესძლებდით), რის არგაკეთებასაც ჩვენ გვაყვედრით – რა შედეგს დადებდით კოვიდ19-ის ეპიდემიის მართვის მხრივ მთლიანობაში და ავადმყოფების კლინიკური მართვის და გადარჩენის მაჩვენებლების მხრივ კონკრეტულად? იქნებოდა ეს შედეგები იმაზე უკეთესი, ვიდრე საქართველოს დღეს აქვს?
ნუთუ ვერ ხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც უაპელაციოდ იწუნებენ ქვეყნის მიერ კოვიდ 19 -ის ეპიდემიის მართვის და მათ შორის ჰოსპიტალური სექტორის საქმიანობას, რომელსაც მთელი დანარჩენი მსოფლიო მაღალ შეფასებას აძლევს, რომ ამით თავისი თავის და თავიანთი ჭეშმარიტი ზრახვების ლუსტრაციას ახდენენ.
დასკვნების გაკეთება საზოგადოებას მივანდოთ.”– ნათქვამია განცხადებაში.