აფბა კომუნიკაციების კომისიას მოუწოდებს, არ დატოვოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ინტერნეტის გარეშე

672

 აფბა  –  ”კავკასუს ონლაინისთვის” ავტორიზაციის შეჩერება  მოსახლოების  დიდი ნაწილის უინტერნეტოდ დარჩენას გამოიწვევს

ა/ო ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა” მოუწოდებს კომუნიკაციების კომისიას შეცვალოს დაგეგმილი სანქციის ფორმა და არ შეუჩეროს ავტორიზაცია ”კავკასუს ონლაინს”. თუ კომისია მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, არსებობს რეალური საფრთხე, რომ საქართველოს მოქალაქეეებისა და ქვეყანაში მოქმედი ბიზნესსუბიექტების დიდი ნაწილი  ხარისხიანი ინტერნეტის გარეშე დარჩება.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, კომისიამ სამართალდარღვევად მიიჩნია „კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ კუთვნილი 49% წილის გასხვისება კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე. მან პირველ ეტაპზე მიიღო გადაწყვეტილება ”კავკასუს ონლაინისა” და მისი შვილობილი კომპანიის – ”რკინიგზის ტელეკომისთვის” სანქციების დაწესების თაობაზე.

დაწესებული ფულადი სანქციები განისაზღვრა 30 000, 90 000, 270 000 ლარით – ”კავკასუს ონლაინისთვის”, ხოლო ”რკინიგზის ტელეკომის” შემთხვევაში, 30 000 და 63 930.93 ლარის ოდენობით. ამის შემდგომ,  28 მაისს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაიწყო ახალი ადმინისტრაციული წარმოება კომპანიისათვის სანქციების დასაწესებლად, გარიგების გაუქმებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. შედეგად, ზეპირი მოსმენა უნდა ჩატარდეს 25 ივნისს.

კომპანიების წინააღმდეგ სანქციის ფორმად კომუნიკაციების ეროვნული კომისია განიხილავს ავტორიზაციის უფლების შეჩერებას.

ახალგაზრდა ფინანსისტების შეფასებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ კომპანიისთვის ავტორიზაციის უფლების შეჩერებით, ის ავტომატურად შეაჩერებს კომპანიის  ბიზნეს საქმიანობას საქართველოში. ამგვარად, კომპანია ვეღარ შეძლებს კლიენტებისათვის საბითუმო და საცალო სატელეკომუნიკაციო მომსახურების მოწოდებას რაც საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააყენებს  ხარისხიანი ინტერნეტის გარეშე დარჩენილ ქვეყანას და მის მოსახლეობას.