“ქალმა მითხრა, რომ ხარკოვის უბედურებები გამოიარეს და მისი გოგონა აღარ ლაპარაკობს”

531

გიგა მაქარაშვილი, რომელიც უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე იმყოფება მოხალისედ, ამაღელვებელ ამბავს წერს:

,,ვარშავის ცენტრალურ სადგურში, მეორე სართულზე დიდი, მინებიანი სივრცეა, სახელდახელოდ დაფარული მუქი ფარდებით… მეძუძური დედები და მათი შვილები ჰყავთ დროებით მოთავსებული იქ. ზუსტად მათ კართან მივიტანეთ ყველაზე მეტი და გემრიელი საკვები დღეს. იქვე, იატაკზე გავშალეთ ბანერი (ქართველი ხალხისგან), დავამაგრეთ ქართული დროშები და დავაწყვეთ ამ დღისთვის ნაყიდი 200-მდე სათამაშო.

ჯერ შორიდან უტრიალეს პატარებმა ჩვენს კუთხეს, მერე ცოტა ახლოს მოვიდნენ და როცა ვუთხარი, თქვენთვისაა და აიღეთ, რამდენიც გინდათ-მეთქი, უცბად  აენთოთ თვალები. საოცარი ხალხია, არაამქვეყნიური ბავშვები ჰყავთ! ერთ სათამაშოს აჩუქებ და სამჯერ გეუბნებიან მადლობას.

ერთადერთი პატარა გოგო წავიდა მადლობის გარეშე და მალე დაბრუნდა დედასთან და ძმასთან ერთად! ნატანჯ სახეზე მთელი ომი ეწერა 30 წლამდე გოგოს (დევნილების უმრავლესობა ასეა აქ ) და ხელში სულ პატარა შვილი ეჭირა. პატარამ დედას რაღაც ანიშნა და ხელი ჩემკენ გამოიშვირა. ცოტათი დავიძაბე და როგორც ჩანს, სახეზეც დამეტყო ნერვიულობა.

დედამ კი მითხრა, რომ ხარკოვის უბედურებები გამოიარეს და უკვე 20 დღეა,  მისი პატარა გოგო არ ლაპარაკობს. ახალი სათამაშოთი მისულა დედასთან, ხელი მოუკიდია და ჩემთან წამოუყვანია… იცით, რისთვის? ჰო, მის მაგივრად დედას რომ ეთქვა ჩემთვის მადლობა. ხელისგულზე სატარებელი ხალხია და მადლობა, რომ მათთან ჩასახუტებლად მე გამაგზავნეთ”.