თბილისში, მეტეხის ტაძარში კომუნისტებმა თეატრი განათავსეს, სადაც 1979 წლიდან სპექტაკლებს მართავდა სახელმწიფო ახალგაზრდული დრამატული თეატრ-სტუდია ,,მეტეხის თეატრი”. მსახიობების წყვილი, ზურაბ ცინცქილაძე და თამარ დათუაშვილი, ამ თეატრის დასის წევრი იყო. თუ რა მოვლენები მოხდა მათი კოლეგებისა და თავად მათ ცხოვრებაში, ცოლ-ქმარმა ,,სარკესთან” გაიხსენა.
ზურაბი: მეგობარი, დავით გიორგობიანი, მეუბნებოდა, რომ რაღაც საშინელებები მოხდებოდა ჩვენს ცხოვრებაში, რადგან ტაძარში სპექტაკლებს ვდგამდით. დათო ისე დამაჯერებლად მელაპარაკებოდა, რომ ამ თეატრიდან წამოვედი. ალბათ ამიტომაც ვარ დღეს ცოცხალი. ჩემი მეგობრები კი, რომლებიც იქ მუშაობდნენ, პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ, მათ შორის მეც. გახსენებაც არ მინდა, ისეთი ტრავმა მივიღე… ის ახალგაზრდები, ვინც იმ თეატრში თამაშობდნენ, წლების წინ გარდაიცვალნენ. ზოგი რაღაც სენით დაავადდა, ზოგი ავარიაში მოყვა…
– გინდათ თქვათ, რომ უფლის სასჯელი იყო ახალგაზრდა მსახიობების იმქვეყნად წასვლა?
თამარი: ,,სასჯელი” ცოტა ცუდი სიტყვაა, მაგრამ ასე მოხდა, ყველას რაღაც დაგვემართა. ჩვენი თანამშრომელი, რუსიკო ქვრივიძე, კიბოთი გარდაიცვალა, ერთ-ერთი კოლეგის შვილმა თავი ჩამოიხრჩო. ერთს ტვინში სიმსივნე აღმოაჩნდა, თენგიზ კოშკაძე მანქანამ გაიტანა… ჩვენ შვილი დაგვეღუპა.
ბოლოს მე და ჩემს მეუღლეს ზვიად გამსახურდიამ აგვიხილა თვალები და თეატრისთვის სხვა ადგილი შემოგვთავაზა. განცხადება დავწერეთ, უნდა წამოვსულიყავით. სანამ წამოვიდოდით,რაღაც ძალა არ მათამაშებდა სპექტაკლებს. რეპეტიციებს გავდიოდი, სპექტაკლის დროს კი ცუდად ვხდებოდი. ერთხელ გავითიშე და ნათელ სივრცეში მოვხვდი.სასიამოვნო შეგრძნება მქონდა, იქიდან წამოსვლა არ მინდოდა, მაგრამ გონზე მომიყვანეს… შვილი რომ დამეღუპა, იმ დროს მეტეხის თეატრში ვთამაშობდი.
ჩვენი მეორე ქალიშვილის დაბადებამდე მძიმე სულიერი ტრავმა მივიღე. შუათანა შვილზე მშობიარობისას ცუდი ექიმი შემხვდა, ბავშვს ტრავმა მიაყენა და გოგონა დაიღუპა…