“გარდაცვლილი ბებია მეჯდა გვერდით, სიკვდილისგან მან დამიცვა” – უცნაური მოვლენები ზურაბ ცინცქილაძის და თამარ დათუაშვილის ცხოვრებაში
მსახიობების წყვილი, ზურაბ ცინცქილაძე და თამარ დათუაშვილი არაერთი უცნაური მოვლენის წინაშე აღმოჩენილან, რომლის ახსნა დღემდე უჭირთ. მსახიობები ამის შესახებ ,,სარკეს” უამბობენ.
ზურაბი: ჩემს ცხოვრებაში კარგიც და ცუდიც მოულოდნელად ხდება, ამიტომ ადამიანს ყოველთვის ასე ვლოცავ: “მოულოდნელი სიხარული გიმრავლოს ღმერთმა და მოულოდნელი უბედურება გაშოროს!”.
ჩემს ცხოვრებაში ორჯერ მოხდა ისეთი რამ, რისი ახსნაც ადამიანისთვის შეუძლებელია. წლინახევრიდან მერვე კლასამდე ბებიასთან, დედის დედასთან ვიზრდებოდი სოფელ შუხუთში, ლანჩხუთის რაიონში. ერთხელ, შუადღისას, წამოვწექი და ღრმა ძილით დამეძინა.
უცებ ლოყაზე საშინელი სილის გარტყმა ვიგრძენი, თვალები გავახილე და წამოვხტი. სარკეში რომ ჩავიხედე, მარცხენა ლოყაზე კაცის ხუთი თითი მეტყობოდა. სახლში არავინ იყო, ფიზიკურად ვერავინ მოვიდოდა და სილას ვერ გამარტყამდა. მაშინ ბავშვი ვიყავი და ისე შემეშინდა, რომ ბებიას ვერც მოვუყევი.
მეორე შემთხვევა პირველზე ამოუხსნელია. მაშინ უკვე მსახიობი გახლდით, გამზრდელი ბებია, დარი ფირცხალაიშვილი, დიდი ხნის გარდაცვლილი იყო. ბათუმში ვიყავი და მეორე დღეს თბილისში უნდა ჩამოვსულიყავი, რადგან დილით სპექტაკლი მქონდა.
ის დღე ზღვაზე გავატარე, საღამოხანს კი ჩემს ახალ, მწვანე ,,ჟიგულში” ჩავჯექი და თბილისში წამოვედი. სამტრედიაში რომ შემოვედი, უცებ ბებიის ხმა შემომესმა, რომელიც მანქანის გაჩერებას მთხოვდა. გავაჩერე. ბებია გადავიდა და კარი მიიხურა.
მანქანის კარის ხმაზე თვალები გავახილე და მივხვდი, რომ სუფსიდან სამტრედიამდე საჭესთან მეძინა. ბებიაჩემი იჯდა ჩემ გვერდით და მისი სული მიცავდა. ბებიამ რომ მითხრა, აქ გამიჩერეო, მაშინ გამეღვიძა.
თამარი: ჩვენი მეორე ქალიშვილის, ანის, დაბადებამდე მძიმე სულიერი ტრავმა მივიღე. შუათანა შვილზე მშობიარობისას ცუდი ექიმი შემხვდა, ბავშვს ტრავმა მიაყენა და გოგონა დაიღუპა.
ანიზე რომ დავფეხმძიმდი, დედამთილის ნაჩუქარი ბეჭდები დავკარგე. ხუთივე ბეჭედი ძველებური და ძალიან ძვირფასი იყო. განსაკუთრებით მიყვარდა ნიშნობის ბეჭედი, რომელიც ბრილიანტებით იყო გაწყობილი. ფეხმძიმედ რომ ვიყავი, თითები შესიებული მქონდა, ამიტომ ვიხსნიდი და პატარა საფულეში ვინახავდი.
პირველი სექტემბერი იყო და ჩემი უფროსი გოგონა, თეა, სკოლაში მივიყვანეთ. ბავშვი მანქანიდან რომ გადავიდა, ვუთხარი, არ გინდა, ხურდები მოგცე-მეთქი და პატარა საფულე ამოვიღე. თეამ უარი მითხრა და წავიდა. იმ დღეს საფულე დავკარგე. მერე გამახსენდა, რომ ამოღებული საფულე ჩანთაში კი არ ჩავდე, კალთაში ჩავიდე და მანქანიდან გადმოსვლისას ჩამომივარდა.
არ ვიცი, რა მოხდა იმ მომენტში, მაგრამ ჩემ თვალწინ კინოკადრივით ჩაიარა მომავალმა, რომ არაჩვეულებრივად ვიმშობიარებდი, რომ მეყოლებოდა გადასარევი ბავშვი, ჯანმრთელი, ნიჭიერი და ბედნიერი. წლების მერე ყველაფერი ისე ახდა, როგორც მაშინ დავინახე.
ყველაზე დიდი სასწაული კი ანის გათხოვების შემდეგ მოხდა. ქორწილში მისთვის მორთმეულ ბეჭდებს რომ დავხედე, შოკში ჩავვარდი – ჩემი დაკარგული სამკაულების მსგავსი ბეჭდები დავინახე. ბრილიანტის თვლებით გაწყობილი ერთი ბეჭედი განსაკუთრებით ჰგავდა ჩემი ნიშნობის ბეჭედს. ამ ამბის შემდეგ მჯერა, ადამიანმა აუცილებლად რაღაც უნდა დაკარგო, რომ იმაზე უკეთესი შეიძინო.