“დედაჩემი მართლა ვანგაა, მამაჩემი ხუმრობს ხოლმე ჩვენზე – შავი და თეთრი ბაბაიაგები ხართ, თქვენი ცოტა მეშინიაო”

1,230

ადამიანები სხვადასხვა შესაძლებლობებით გამოირჩევიან. ის, რაც ვიღაცისთვის წარმოუდგენელია, შეიძლება, სხვისთვის ისეთი ჩვეულებრივი ამბავი იყოს, რის გარეშეც ცხოვრება, უბრალოდ, ვერც წარმოუდგენია.

ლენუკა ყიფშიძე: როგორც დედაჩემი ამბობს, ბავშვობიდან მქონდა განსაკუთრებული შეგრძნებები და სიზმრები. ხანდახან მეუბნებიან, ბაბაიაგა ხარო (იცინის). წინასწარ ერთნაირად ვგრძნობ კარგსაც და ცუდსაც. მახსოვს, პატარა ვიყავი და ეზოში „ავჩარკა“ ძაღლი მოვიჩვიეთ. ყველასთან მშვენივრად იქცეოდა, თუმცა, ვფიქრობდი, ეს ძაღლი რაღაცას მიზამს-მეთქი. შიში არ მქონდა, მაგრამ ერთხელაც, ეზოში რომ ჩავედი, ვიგრძენი, რომ მე ის ძაღლი მიკბენდა. წამოვიდა და მართლა მიკბინა. არ ვიცი, ამას რა ჰქვია, თითქოს საკუთარი ინტუიცია წინასწარ მაფრთხილებს. დილა რომ თენდება, ვგრძნობ, რომ იმ დღეს რაღაც გამიხარდება. აქ მეორე მომენტიცაა, ხომ ამბობენ, როგორ ხასიათზეც დაიწყებ დილას, ისეთივე დღე გექნებაო და საკუთარ თავზეც გამომიცდია, რომ ასეა. ამიტომ ვცდილობ, კარგი განწყობით დავიწყო და თუნდაც, ჩემი წინათგრძნობა კარგი ფიქრებისკენ მივმართო. კიდევ ერთი მომენტი მაქვს დაცდილი ძალიან კარგად და ეს, ალბათ, არავისთვის არ არის უცხო – არ არსებობს მარცხენა ხელის გული მეფხანებოდეს და იმ დღეს ფული არ მივიღო.

– ალბათ, არაერთხელ გამართლებულა შენი წინათგრძნობა

– მეგობართან ერთად, ბაკურიანში წავედი რამდენიმე დღით. დასასვენებლად წავედით, მაგრამ ვერ ვისვენებდი, ცუდი შეგრძნება მქონდა. მეგობარიც მეუბნებოდა, ვერ გცნობდი, სხვა ლენუკა იყავი, სულ ფორიაქობდიო. წინა საბურავები არ მივარგოდა და მამაჩემმა გამომიგზავნა, აუცილებლად გამოცვალე და ისე წამოდიო. კარგი-მეთქი, დავპირდი, მაგრამ რატომღაც, ასე არ მოვიქეცი. იქიდან მარტო მოვდიოდი და ფანტასტიკურად ვიმგზავრე, თოვლიც და ყინულიც მშვენივრად გამოვიარე. სხვა მხრივ მანქანა გამართული მყავდა და მეც მშვენივრად ვატარებდი, გამოცდილებაც დიდი მქონდა. მამაჩემიც ამბობს ხოლმე, შენ რომ საჭესთან ზიხარ, ძალიან მშვიდად ვარო, მანქანა არანორმალურად მიყვარს და ყველაფერში მშვენივრად ვერკვევი. მაგრამ არ ვიცი, იმ დღეს რა მოხდა. ჯერ ხომ საშინელი შეგრძნება მქონდა, მერე მამაჩემს მოვატყუე, საბურავები გამოვცვალე-მეთქი. ძალიან არ მიყვარს ტყუილი და მთელი გზა ამაზე ვფიქრობდი, ვერ ვისვენებდი, რატომ მოვატყუე-მეთქი. ვეცადე ეს აზრები თავიდან ამომეგდო, სარელაქსაციო მუსიკა ჩავრთე, მერე მოაზროვნეების დამაფიქრებელ ჩანაწერებს ვუსმენდი. მოკლედ, მშვიდობით ჩამოვედი თბილისში, ვეფხვი და მოყმესთან დავეშვი და უბრალოდ, ვერ ავხსნი როგორ მოხდა ავარია. საჭესთან ასი თვალი და ასი ყური მაქვს, მართლა კარგი მძღოლი ვარ, მაგრამ როგორ ავფრინდი ჰაერში არ ვიცი, დატრიალდა მანქანა, რამდენიმე ხის ტოტი გადატეხა და დავეშვი. მახსოვს ვიფიქრე: ანუ, გადავრჩი? ეს იყო ჩემი კოშმარული ფიქრების მიზეზი და ცოცხალი ვარ? შვილი მყავს და არაფერი არ უნდა მომივიდეს-მეთქი, ვფიქრობდი. წამებში ძალიან ბევრ რამეზე მოვასწარი ფიქრი, ძალიან ცუდი შეგრძნება მქონდა. ისეთი საშინელი ავარია იყო, იმ სიმაღლეზე ავარდა ჩემი მანქანა, თვითმხილველები მეუბნებოდნენ, გვეგონა, ფილმს იღებდნენ, ასეთი რამე რეალობაში არ გვინახავსო. ამხელა ავარია მოხდა და საბედნიეროდ, არავის არაფერი მოსვლია. რთული იყო, მაგრამ ამის შემდეგ, ყველაფერი კარგისკენ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში. ერთი ეს იყო და მეორე – მე და დედა რომ გადავრჩით, მიუხედავად იმისა, რომ ანევრიზმის დიაგნოზი დაგვისვეს. ვამბობ ხოლმე, 12 მარტს მეორედ დავიბადე-მეთქი.

– ანევრიზმასთან მიმართებით ორივეს გქონდათ წინათგრძნობა?

– დედა კარგად ვერ იყო და მას რომ ეს დიაგნოზი დაუსვეს, შიგნიდან რაღაც მღრღნიდა, მეც უნდა შევიმოწმო-მეთქი. მერე მამაჩემი გახდა ცუდად, წაიქცა და მე წამოვაყენე. მაგ დროს გავშეშდი, ხერხემლის პრობლემა მაქვს და ვეღარ დავდიოდი. თითქოს, ტყუილად არაფერი ხდება, ყველაფერი ჯაჭვივით არის ერთმანეთზე გადაბმული. ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი და ჩემი გამოკვლევაც გახდა საჭირო – ხომ უნდა გაგვეგო, რა პრობლემა მქონდა. დედაჩემის ფაქტორიდან გამომდინარე, მითხრეს, მოდი, თავიც გადავიღოთ, მშვიდად რომ ვიყოთო. გადავიღეთ და სიჩუმეა. რა ხდება, ხომ მშვიდობაა, არ დამიმალოთ-მეთქი. ერთი წუთი გამოდიო, რომ მითხრეს, ოღონდ ეგ არ მითხრათ-მეთქი… ზუსტად იგივე სურათი დამხვდა, როგორიც დედაჩემის შემთხვევაში იყო, ეს არასდროს დამავიწყდება იმიტომ, რომ დედას რომ ეს უთხრეს, მე ლამის მოვკვდი. ექიმს ვკითხე, მეც ანევრიზმა მაქვს-მეთქი? ყველა გაფითრებული იყო და მარტო მე ვიცინოდი სულელივით. უცებ ძალიან გავძლიერდი, მაგრამ მერე მახსოვს, მამაჩემს დავურეკე და რომ ვუთხარი, მეც ანევრიზმა მაქვს-მეთქი, ტირილი ამიტყდა. არ მავიწყდება, როგორ მაწყნარებდა ზურა. გარშემო ყველა ნერვიულობდა, მაგრამ მე და დედაჩემი სულ კარგ ხასიათზე ვიყავით.

– გრძნობდით, რომ გადალახავდით?

– კი და არცერთი არ ვნერვიულობდით. ჩვენ გარშემო ყველა დახოცილები იყვნენ და ჩვენ ის ერთი თვე სიცილ-კისკისში გავატარეთ. რომ ხვდები, ყველას ეცოდები, ეს ძალიან ცუდი შეგრძნებაა და ყველას ვუმტკიცებდი, კარგად ვიქნებით, როგორ შეიძლება მე და დედაჩემს რამე მოგვივიდეს, მერე თქვენ რა გეშველებათ-მეთქი (იცინის). ყველა გაოცებული გვიყურებდა და რა იყო, ნუ გამომიტირეთ-მეთქი. მე ვგრძნობდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ყველას ისე აგიხდეთ ყველაფერი (იცინის).

– პირადთან დაკავშირებითაც გაქვს წინათგრძნობები?

– სამი წელი ადამიანთან ერთად ვცხოვრობდი, ოჯახი გვქონდა, მაგრამ შინაგანად ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩვენ რაღაც არ გამოგვივიდოდა. იმიტომ კი არა, რომ ეს ადამიანი არ მიყვარდა ან ერთმანეთს ვერ ვუგებდით. პირიქით, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შიგნიდან, სადღაც კუთხიდან პატარა ლენუკა მეუბნებოდა, რომ ჩვენ ერთად ვერ ვიქნებოდით. როცა ურთიერთობაში პრობლემებია, მაშინ ამაზე ფიქრი არ არის გასაკვირი, მაგრამ კარგად რომ ხართ და მაშინაც შიგნიდან რაღაც არ გასვენებს, მერე ის გინგრევს ყველაფერს. თან, პასუხი არ მქონდა, რატომ, რატომ არ უნდა გამოსულიყო? არადა, შინაგანი მე მეუბნებოდა, რომ ჩვენს მომავალს ვერ ხედავდა.

– უარყოფითი უკეთ გვამახსოვრდება, მაგრამ წინასწარ კარგიც გიგრძნია?

– კი, ასეა, ძალიან ხშირად. მაგალითად, ყველა ძალიან ნერვიულობდა ჩემს მშობიარობაზე. მე კი ამაზე ერთი წუთითაც არ მინერვიულია. ვამბობდი, ნახეთ თუ 15 წუთში არ ვიმშობიარო-მეთქი და ზუსტად ასე მოხდა. სხვათა შორის, უკვე როცა რამეს ვამბობ, ვაკვირდები და ვცდილობ, კარგი ვთქვა. სამყაროში მართლა არაფერი იკარგება და ცუდის თქმას კარგის თქმა სჯობს. ჩემს შვილსაც სულ ამას ვეუბნები, იმიტომ რომ ცუდი გამოცდილება გვაქვს. მახსოვს, ერთხელ, მეგობარს მოვატყუე. რაღაც საქმე მქონდა მოსაგვარებელი და მკითხა, მოაგვარეო? დედაჩემს ვუთხარი, მოდი ახლა ამას მოვატყუებ, ვითომ ნიკუშა საავადმყოფოში მოხვდა და ვერ მოვიცალე ამისთვის-მეთქი. დედაჩემი მართლა ვანგაა. მამაჩემი ხუმრობს ხოლმე ჩვენზე-შავი და თეთრი ბაბაიაგა ხართ, თქვენი ცოტა მეშინიაო (იცინის). მოკლედ, დედაჩემი მისმენს და მეუბნება, ნუ იტყუები, ხომ იცი, ყველაფერი წინ გხვდება ადამიანს და ეგეთი რამე ხუმრობითაც კი არ უნდა თქვაო. დედაჩემის სიტყვა „გავატარე“ და მეგობარს რომ ვუთხარი, საავადმყოფოში მოვხვდით, ნიკუშა ძალიან ცუდად მყავს-მეთქი. დედაჩემმა ისე შემომხედა, რომ გულში გამკრა და მეგობარს ვუთხარი, არ ინერვიულო, მოგატყუე, სულელურად ვიხუმრე-მეთქი. მაგრამ ზუსტად იმ საღამოს, ნიკუშა ცუდად გამიხდა და აღმოჩნდა, რომ მენინგიტი ჰქონდა. ზოგი მეტყვის, რომ მე გამოვიწვიე ეს მდგომარეობა. რაც გინდა, თქვა და იფიქრო, არ შეიძლება ასე ხუმრობა, არ შეიძლება ასეთი ტყუილის თქმა. ყველაფერი წინ გხვდება.

– საერთო ჯამში, ეს შეგრძნებები რომ გაქვს, კარგია თუ ცუდი?

– წინასწარმეტყველივით გამომდის საუბარი (იცინის). ასე არ არის, მაგრამ რა დოზითაც მაქვს ეს შეგრძნება, იმ დოზით ხელს არ მიშლის. პირიქით, თითქოს რაღაცებში მეხმარება. წინ ვიყურები, უფრო დაფიქრებულად ვმოქმედებ. ალბათ, უსიამოვნო გამოცდილებები ტყუილად არ მიმიღია, ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ.

– სიზმრებიც გიხდება?

– დავუშვათ, დამესიზმრა ფეხსაცმელი, არ არსებობს, ვინმე არ გათხოვდეს. დავაკვირდი, სიზმარში თუ კბილი მომძვრა, ეს ძალიან ცუდს ნიშნავს, ვიღაც უნდა გარდაიცვალოს. ერთადერთხელ დამესიზმრა, წინა კბილი მომძვრა და გამიგონია, რომ ეს ახლობლის დაკარგვას ნიშნავს. მამაოს დავურეკე, ძალიან მეშინია-მეთქი. ისე დამამშვიდა, საერთოდ სხვა რამეზე გადამატანინა ყურადღება, უარყოფითი განწყობა გამიქრა და პირველად მოხდა მაშინ, რომ ცუდი არაფერი გამიგია. ანუ, განწყობაც ბევრს განაპირობებს. ყველაფერი ტვინიდან მოდის. ერთხელ მახსოვს, დედაჩემს და ბიძაჩემს ერთსა და იმავე დროს ზუსტად ერთნაირი სიზმრები დაესიზმრათ. კინაღამ გავიგიჟდი ეს რომ მომიყვა დედაჩემმა, თვითონ ხომ საოცარ დღეში იყვნენ ერთმანეთს რომ ერთი-ერთში უყვებოდნენ საკუთარ სიზმარს.

– ადამიანების აურას გრძნობ?

– ვაიმე, სასწაულად! სადმე რომ მივალ, თუ იმ გარემოში თავს კარგად ვგრძნობ, შემიძლია, გავჩერდე, მაგრამ თუ ოდნავ ფორიაქი დავიწყე, გამორიცხულია, დავრჩე. ძალიან ტაქტიანად, მაგრამ აუცილებლად მოვდივარ. იმასაც ვგრძნობ, რომ თვალს ძალიან ადვილად ვიღებ, მაგრამ დედაჩემის მეგობრებმა ბავშვობაში მასწავლეს, როგორ უნდა მოახდინო მისი ბლოკირება და თავდაცვა. საერთოდ, ყველაზე დიდი თავდაცვა პირჯვრის გადასახვაა. ამას ძალიან დიდი ძალა აქვს. როცა რამე არასასიამოვნო ხდება, ამის მიზეზი ჩვენივე ტვინია თუ ვინმე სხვა, ნებისმიერ შემთხვევაში შეგვიძლია გამოსავლის პოვნა. აუცილებლად უნდა მივმართოთ ვინმეს, ვისთანაც ბოლომდე დავიცლებით. ფსიქოლოგი იქნება, მამაო თუ კარგი მეგობარი, არ აქვს მნიშვნელობა, ამას ადამიანი თვითონ წყვეტს. ზოგს ძალიან ეხმარება წყალი, რადგან ის ცუდ ენერგიას ხსნის, ზოგს ლოცვა ეხმარება, ზოგს, უბრალოდ, ეკლესიაში ყოფნა. მთავარია სულიერი სიმშვიდე მოვიპოვოთ და ამისთვის სხვადასხვა გზა არსებობს, მთავარია, ადამიანმა საკუთარ გზას მიაგნოს.