“პირადზე ჩემს უახლოეს მეგობრებთანაც არ ვსაუბრობ”

651

მომხიბლავი, ენერგიული, პოზიტიური, მიზანსწრაფული – ასეთია მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრის და თბილისის მერიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დირექტორი ეკა მაზმიშვილი. მისი ცხოვრება იმის მაგალითია, როგორ შეიძლება შემთხვევამ განსაზღვროს ადამიანის ცხოვრების და საქმიანობის ზუსტი ადგილი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, ისწავლა პრაღასა და გრენობილში. მუშაობდა სოროსის საერთაშორისო ფონდში. შემთხვევით გადაიკვეთა მისი და რეჟისორ ლევან წულაძის გზები, რის შემდეგაც მიიღო შეთავაზება, გამხდარიყო ,,თეატრალური სარდაფისძძ დირექტორი. ასე დაიწყო ეკას და თეატრის დიდი სიყვარული, რომელიც დღემდე გრძელდება.

ეკასთვის ყველაზე ამაღელვებელი პერიოდი პრემიერის სამზადისის დროა. შემდეგ ჯადოსნური წუთები, როცა ფარდა იხსნება და მსახიობები მაყურებლის პირისპირ დგებიან.

ცხოვრების მთავარი აზრი მოძრაობაა, შეიძლება ათი ჩანაფიქრიდან მხოლოდ ორი გამოგივიდეს, მაგრამ არ გაჩერდე, გააგრძელე წინსვლა – ამბობს “სარკესთან” ეკა. უზომოდ შრომისმოყვარეა. დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ კი სახლში ელოდება ბედის უძვირფასესი საჩუქარი, პატარა ბიჭუნა, 2 წლის ალექსი.

– ქალბატონო ეკა, 2006 წლიდან ხართ მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი, უფრო ადრე იყავით “თეატრალური სარდაფის” ხელმძღვანელი, როგორ გადაწყდა თქვენი მიწვევა ამ პოზიციაზე?

– ხელოვნებათმცოდნე ვარ, თეატრთან სხვა შეხება, გარდა ჩვეულებრივი მაყურებლისა, არ მქონია. ლევან წულაძე შემთხვევით, საქმესთან დაკავშირებით გავიცანი, შემდეგ “თეატრალური სარდაფის” დამფუძნებლებმა შემომთავაზეს დირექტორის პოსტი და ასე დაიწყო ჩემი სამსახური თეატრში.

2006 წელს შეიცვალა მარჯანიშვილის თეატრის ხელმძღვანელობა. ბრწყინვალე მსახიობი, ბატონი ოთარ მეღვინეთუხუცესი ბრძანდებოდა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დირექტორი კი ბატონი გაიოზ კანდელაკი გახლდათ. მათი წასვლის შემდეგ ლევან წულაძე დაინიშნა სამხატვრო ხელმძღვანელად, მან კი მე დამნიშნა დირექტორად.

რამდენიმე წელი თეატრში რემონტი მიმდინარეობდა. ჩვენ ფაქტობრივად ამ პროცესის დასასრულს მივედით, დაგვხვდა შესანიშნავი მეგობრული კოლექტივი. საჭირო იყო ახალი რეპერტუარი, რადგან რემონტის პერიოდში არსებული რეპერტუარი დაძველდა და განახლებას თხოულობდა. შევუდექით ყოველდღიურ შრომას, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ შემოქმედებით პროცესს, არამედ სხვა უამრავ საქმეს, მათ შორის – წესრიგს, ეკონომიკურ საკითხებს, თეატრის შენობის მოვლა-პატრონობას, მაყურებელთან ურთიერთობას, მათი გემოვნების და დროის მოთხოვნის შესაბამის რეპერტუარს და ასე შემდეგ.

მარჯანიშვილის თეატრს ჰყავს თავისი ერთგული მაყურებელი, რომელიც წლების განმავლობაში დადის, ასევე მოდის ახალგაზრდა თაობა, ამიტომ მრავალფეროვანი რეპერტუარი გვჭირდება, თანამედროვე ტექნოლოგიური ეფექტებით.

– პანდემიის პერიოდი როგორ აისახა თეატრის მუშაობაზე?

– პანდემიამ, როგორც სხვა თეატრები, ჩვენც გარკვეულწილად შეგვაფერხა, თუმცა არ გავჩერებულვართ. მუშაობა იყო ერთადერთი გამოსავალი, რომ ამ ფსიქოზიდან თავი დაგვეღწია. გასულ წელს ოთხი პრემიერა გვქონდა. მართალია, მსახიობების ავადმყოფობის დროს სპექტაკლები ჩერდებოდა, მაგრამ პირველივე შესაძლებლობების შემთხვევაში ვაგრძელებდით მუშაობას. მაყურებელი პანდემიის დროსაც ძალიან ბევრია, რეგულაციების გამო დარბაზში ადგილების რაოდენობა განახევრებულია და ყველა მსურველს ვერ ვაკმაყოფილებთ.

– ახლა მიმდინარეობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელების არჩევნები. ლევან წულაძე აპირებს კონკურსში მონაწილეობას?

 დიახ, მან შეიტანა განაცხადი. როგორც წესია, გაიმართება არჩევნები, დაველოდოთ შედეგებს.

– დირექტორის პოზიციაზე კვლავ თქვენი კანდიდატურა განიხილება?

– დირექტორს ნიშნავს სამხატვრო ხელმღძვანელი, შემდეგ ამტკიცებს სამინისტრო. მე ჯერჯერობით ვასრულებ ჩემს მოვალეობას, შემდეგ კი სამხატვრო ხელმძღვანელზეა დამოკიდებული.

– თქვენ ხართ თბილისის მერიის საერთაშორისო ფესტივალის დირექტორი. გვიარეთ ამ მოვლენაზე, რომელიც ყოველ წელს იმართება.

– ფესტივალი 2009 წელს დაარსდა, პროგრამის ერთი ნაწილი საერთაშორისოა, მეორე მთლიანად ქართული პროგრამაა. ძალიან მიყვარს ეს ფესტივალი, ამან გავლენა იქონია თეატრსა და მაყურებელზე, უამრავი უცხოელი ვარსკვლავი და ცნობილი რეჟისორი იყო ჩამოსული წლების განმავლობაში. არაერთი საინტერესო ურთიერთობა შედგა.

– მანამდე საქართველოში უკვე იყო ერთი ფესტივალი, ქეთი დოლიძის ,,საჩუქარიძძ. რამდენად არის ეს ორი ფესტივალი ერთმანეთის კონკურენტი ან თუ თანამშრომლობთ?

– თანამშრომლობა გვქონდა, რადგან ფესტივალს სხვადასხვა სივრცეები სჭირდება და ჩვენთანაც ატარებს სპექტაკლებს. ორივე ვართ საერთაშორისო ასოციაციის წევრები. მე მგონია, რომ კონკურენცია, პირველ რიგში, თანამშრომლობაა, თუმცა ჩვენ ერთმანეთს ხელს არ ვუშლით, ვუთანხმებთ თარიღებს. რაც უფრო მეტი ფესტივალი იქნება, უფრო კარგია კულტურის განვითარების, თეატრალური ცხოვრების მრავალფეროვნებისთვის, განათლების გაღრმავებისთვის.

– თეატრი, ფესტივალი თქვენი ცხოვრების დიდ ნაწილს მოიცავს, მაგრამ ალბათ გაქვთ დრო გატაცებებისთვის, დასვენებისთვის, თეატრის მიღმა ურთიერთობებისთვის.

– მე, როგორც ადამიანების უმრავლესობას, მჭირდება დასვენება, განახლება, რომ უკეთ მოვემზადო ჩემი ძირითადი საქმიანობისთვის. მიყვარს კითხვა, მოგზაურობა, სპორტი. თბილისში დავიბადე და გავიზარდე, დიდ, მრავალრიცხოვან ოჯახში. არ მყავს და-ძმა, მაგრამ მყავს ბიძაშვილები, რომლებიც ჩემი და-ძმანი არიან. ზაფხულობით მათთან მივდიოდი კასპის რაიონის ულამაზეს სოფელ ახალქალაქში, რომელიც ისტორიული ციხე-კოშკებით და ტაძრების სიმრავლით გამოირჩევა. ახალქალაქი ჩემი ბავშვობის, ზაფხულის საუკეთესო მოგონებაა.

ყოველთვის მინდოდა, მქონოდა საკუთარი სააგარაკო სახლი. ახლახან ავისრულე ოცნება, ცხვარიჭამიაში შევიძინე მიწა. სახლის მშენებლობა ჯერ არ დამიმთავრებია, იმედია, თავს მოვაბამ.

– იქ მეურნეობის გამართვასაც ხომ არ აპირებთ? ხელოვნების სფეროდან ბევრს გაუწია გულმა სოფლისკენ.

– არა, ალბათ ვერ შევძლებ, ამას თავისებური ცოდნა და ნიჭი სჭირდება. შეიძლება ყვავილები დავრგო, ბაღ-ბოსტანს ვერ გავაშენებ. ადგილი მშვენიერია, ძალიან ლამაზი, მდინარის პირას ვარ. საოცრად სუფთა ჰაერია. გვერდით კი ჩემს მეგობრებს აქვთ გაკეთებული დათვების თავშესაფარი.

– ოჯახურ საქმეებს როგორ უმკლავდებით?

– სახლში ყოველდღიური საქმეა, ერთფეროვანი რუტინა. ხან მიყვარს სახლის დალაგება, ხან მომბეზრდება და აღარ ვიცი, საით გავექცე არეულ გარემოს. დიდად კულინარიის დიდოსტატიც არ ვარ, უფრო მსუბუქი კერძების გაკეთება მიყვარს – სალათების. ზოგჯერ გამორჩეულ კერძებსაც ვაკეთებ. ყველაზე ძალიან მურაბების, ჯემების მოხარშვა მსიამოვნებს. მათი მირთმევაც მიყვარს.

– დათვების თავშესაფარი ახსენეთ, მოგწონთ, რომ თქვენი სახლის მეზობლად არის? გიყვართ ცხოველები?

– ყოველთვის მიყვარდა. მყავს საყვარელი სპანიელი, 10 წლის ლაკიმენი. ოთხფეხა მეგობრებთან ურთიერთობა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლოა, უფრო კეთილს გხდის სამყაროს მიმართ. მაინტერესებს ცხოველებზე დაკვირვება, მათი ქცევების შესწავლა. თუ ყურადღებით იქნები, მათ ენას იოლად გაიგებ. ჩემმა ლაკიმენმა მოთმინება მასწავლა.

– თქვენს პატარა ბიჭუნაზე რას მეტყვით?

– ალექსი ორი წლის არის, მეტს ვერაფერს ვიტყვი. ჯერ ძალიან პატარაა და მოსაყოლი არაფერი მაქვს. პირად საკითხებზე ჩემს უახლოეს მეგობრებთანაც არ ვსაუბრობ.

– თქვენი სტაბილური წონა დიეტების დამსახურებაა? თავის მოვლის თქვენეულ რეცეპტებს ხომ არ გაგვიზიარებთ?

– ჩემი წონა ვარჯიშის დამსახურებაა და განტვირთვის დღეების. მიყვარს ცურვა, ყოველდღიური ვარჯიში, ზომიერი კვება. თავის მოვლას რაც შეეხება, წლებია, მყავს ჩემი ექიმი-კოსმეტოლოგი და მის რჩევებს ვითვალისწინებ. არსებობს შინაური რეცეპტები ნიღბების, კრემების და მიყვარს მათი გამოყენება. რა თქმა უნდა, მზა კრემებსაც ვხმარობ, არაძვირადღირებულს. ბევრჯერ იაფფასიანი საბავშვო კრემი წამისვამს. დამერწმუნეთ, საუკეთესო ეფექტი აქვს. გარეგნობა მაინც შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

– რა არის მთავარი ადამიანებთან ურთიერთობაში?

 შეიძლება ბოლომდე გულწრფელი არ იყო, რაღაც შენთვის შეინახო, მაგრამ არ უნდა მოიტყუო.

– რა გასწავლათ ცხოვრებამ?

– მოთმინება და სიცოცხლის სიყვარული. კიდევ ის, რომ არასდროს უნდა გაჩერდე. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ოცნება მქონია, გეგმები, გატაცებები. ყოველთვის ყველაფერი არ შეგისრულდება. მერე რა, ორი-სამი საქმე ხომ გამოგივიდა. კვლავ იოცნებე, გააგრძელე მოძრაობა, იყავი სამყაროსთან და შენს თავთან ჰარმონიაში.

ყველა ადამიანი, განსაკუთრებით კი ქალბატონები, უნდა ეცადონ, იყვნენ რეალიზებული. მე არ მიყვარს, როცა რამე არ გამოუვათ და წუწუნს იწყებენ, ცხოვრებაში არ მიმართლებსო. გამოსავლის მოძებნა ყოველთვის შეიძლება, აუცილებლად უნდა იპოვო საკუთარი ადგილი დედამიწაზე. მხოლოდ ამის შემდეგ ხდები ყველასთვის მიმზიდველი.