რუსთაველის თეატრის ახალგაზრდა მსახიობ ანი ამილახვარს ბავშვობიდან თავისი ფანტაზიით შექმნილი საოცნებო სამყარო ჰქონდა. არტისტული ბუნების პატარა გოგონას უამრავი რამ აინტერესებდა – ხატავდა, ძერწავდა, მღეროდა, ცეკვავდა, იმახსოვრებდა უცხო სიტყვების წარმოთქმის ინტონაციას და ზედმიწევნით ზუსტად იმეორებდა.
შინაგანი ხმა კარნახობდა, რომ მსახიობად იყო დაბადებული, ამას ოჯახის წევრებიც ხშირად ამბობდნენ. რუსთაველის თეატრში მოსახვედრად კონკურსში ორჯერ მიიღო მონაწილეობა. პირველმა მარცხმა ფარ-ხმალი არ დააყრევინა, მეორე კონკურსზე ისეთი ცეცხლოვანი ენერგიით სავსე მივიდა, ისე დამაჯერებლად შეასრულა ყველა დავალება, დიდი მაესტროს, რობერტ სტურუას, მოწონება დაიმსახურა.
მას შემდეგ 6 წელი გავიდა. მსახიობის ცხოვრების ყოველი დღე აღმოჩენებით არის სავსე. უყვარს კრიტიკა, სპექტაკლის შემდეგ ყოველთვის ითხოვს, პირუთვნელად უთხრან, რა შეცდომა დაუშვა, რომ შემდგომში გაითვალისწინოს. პროექტში “ცეკვავენ ვასკვლავები” მონაწილეობაც საინტერესო გამოწვევა იყო მის ცხოვრებაში.
ანი ამილახვარი პროფესიულ არჩევანზე, მრავალფეროვან ინტერესებსა და პირად ცხოვრებაზე “სარკეს” ესაუბრა.
– ანი, პროფესიულ არჩევანზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის მშობლების რჩევა და მოდური ფაკულტეტები. თქვენთვის რა აღმოჩნდა გადამწყვეტი?
– ბევრი მაქვს ნაფიქრი, რატომ ავირჩიე მსახიობობა. ეს პროფესია თავიდანვე თავისკენ მიხმობდა, ასე ვთქვათ, თავად ამირჩია, მგონი, ამისთვის დავიბადე. მუდმივად ვეძებდი თავშესაფარს ხელოვნებაში, ვხატავდი, ვაქანდაკებდი, ვმღეროდი, ვცეკვავდი. ვიყავი ძალიან პრანჭია. პატარაობიდან შემეძლო, დამეჭირა აქცენტები, როგორ ლაპარაკობენ სხვადასხვა ქვეყნის ადამიანები – იაპონელები, ჩინელები, რუსები. ისე ვლაპარაკობდი, ყველანი დარწმუნებულები იყვნენ, რომ მე ეს ენები ვიცოდი. ეს კი მხოლოდ მიბაძვა იყო.
ვიცოდი, რომ ქვეყანაში არის რთული სიტუაცია, რომ მსახიობები არ არიან ისე დაფასებულები, როგორც უნდა იყვნენ, რომ ამ სიკაშკაშის მიღმა უამრავი გულისტკენაა, იმედგაცრუება, როლების მოლოდინი… ბევრი უნიჭიერესი მსახიობი ვიცი, რომლებმაც ერთხელ გაიელვეს და ისე ჩაქრნენ, რეალური მიზეზი არ არსებობდა. ასევე უმთავრესია იღბალიც. ამ ყველაფრის მიუხედავად, ისე ვიყავი შეპყრობილი ამ პროფესიით, სხვა არჩევანი არც განმიხილავს.
ერთია, როცა ეს თეორიულად იცი, მაგრამ, როცა რეალობის პირისპირ დგები, ძნელია ამ ყველფერთან შეგუება. როცა მსახიობი მზად ხარ, თავდაუზოგავად გადაეშვა და აკეთო საყვარელი საქმე, დაკარგო დროის, შიმშილის, ძილის შეგრძნება, შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი დახარჯო, მაგრამ ყოველთვის ის შედეგი ვერ დადო, რაც გინდა, ან უბრალოდ არ აღმოჩნდეს შენთვის შესაფერისი როლი პიესაში, ან არ შეგამჩნიოს რეჟისორმა, შეიძლება გული გაგისკდეს, სიგიჟემდე მიხვიდე!
უნდა ისწავლო შენი ემოციების მართვა. წლები დამჭირდა, რომ ბალანსი დამეცვა. ასეთი პაუზების დროს ბევრი კითხვა გამიჩნდა, ვინ ვარ, რატომ ვარ, რა მინდა ამ პროფესიაში. ბევრი რამ გამოვჩხრიკე, ფსიქოლოგიითაც დავინტერესდი, ფილოსოფიითაც და საბოლოოდ მივედი იმ დასკვნამდე, რომ ეს პაუზები იმიტომ არსებობს, უფრო გავიზარდო პროფესიაში, გამოვიყენო თავისუფალი დრო, ვისწავლო ბევრი სხვა რამ, რაც ჩემს პროფესიასთან თითქოს არ არის კავშირში, მაგრამ საბოლოოდ მეხმარება მის სრულყოფაში.
თეატრი ჯადოსნური სამყაროა, რომელიც არასდროს გტოვებს. დადიხარ და საკუთარ სკივრში აგროვებ უამრავ მასალას, აკვირდები ადამიანებს, სწავლობ მათ ქცევებს, შეგიყვარდება, დაშორდები, ატკენ, გატკენენ, გაიხარებ, იცინებ, იტირებ… ყველა გრძნობა, ყველა ქმედება პირთამდე ავსებს ამ სკივრს და საბოლოოდ ცოცხლდება შენს როლში, შენ მიერ შექმნილ სახეში.
– რუსთაველის თეატრი და თქვენ. რას იტყვით ამაზე?
– რუსთაველის თეატრმა მოახდინა ჩემს პიროვნებაში ძირეული გარდატეხა. როცა ამ თეატრის კარი შევაღე, წარმოუდგენელი შიში დამეუფლა. აქ უდიდესი კორიფეები მოღვაწეობდნენ, მათი ხმები, მათი აჩრდილები ჯერ კიდევ ამ კედლებში ბინადრობს. მე კი რა შემიძლია შევმატო თეატრს?
მაშინ მივხვდი, რომ არსებობს ერთადერთი სტრატეგია, რაც გამარჯვებას მომიტანს. ეს არის შრომა, შრომა და შრომა, რადგან მე მხოლოდ დასამუშავებელი მასალა ვიყავი, შეიძლება კარგი ხარისხის, მაგრამ უფორმო. ნამდვილად ყველაფერი გავაკეთე, რომ ღირსი ვყოფილიყავი შემჩნევისა რეჟისორების მხრიდან და განსაკურთებით ისეთი რეჟისორისგან, როგორიც ბატონი რობერტ სტურუაა.
პირველ კონკურსზე გასვლისას ისე ვნერვიულობდი, ყველაფერი დამავიწყდა, საკუთარი სახელიც კი. ჩემი მღელვარება შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. ბატონი რობერტი ცდილობდა, დავემშვიდებინე, მაგრამ არაფერი მესმოდა, ვერაფერს ვხედავდი და ვერ ვმოძრაობდი. მე თავად დავემშვიდობე, რადგან გაგრძელება შეუძლებელი იყო.
ეს იყო საშინელი, მწვავე, გამანადგურებელი მარცხი, მაგრამ ეს მარცხი რომ არ ყოფილიყო, შემდგომი გამარჯვებები არ იქნებოდა. დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა, აღმოვაჩინე, რომ, როგორი ნიჭიერიც უნდა იყო, თუ საკუთარი თავის რწმენა არ გაქვს, ნიჭი ადვილად გაგექცევა. პირველ კონკურსზე ნიჭიც გამექცა და საერთოდ ლამის მომავალიც.
4 წლის შემდეგ მეორე კონკურსზე როგორც კი ჩემი გვარი გამოაცხადეს, მსახიობთა ფოიედან ქარივით გავქროლდი, ავფრინდი სცენაზე და ჩეხოვის “სამი და” თავიდან ბოლომდე ვითამაშე. მაჩერებდნენ, საკმარისიაო, მე კი ვაგრძელებდი, არ არის საკმარისი, ლექსსაც წავიკითხავ, პროზასაც, ვიცეკვებ, ვიმღერებ, ყველაფერი შემიძლია-მეთქი. როცა ბატონმა რობერტმა ამიყვანა თეატრში, მაშინ დავრწმუნდი, რომ მართლაც მაქვს რაღაც მარცვალი, რომელიც უნდა აღმოცენდეს, გაიზარდოს, გაიფურჩქნოს და ლამაზი ნაყოფი გამოიღოს.
– რომელი იყო პირველი სერიოზული როლი, რამაც გადაწყვიტა თქვენი საბოლოოდ დარჩენა რუსთაველის თეატრში?
– კონკურსის შემდეგ სტაჟიორებად აგვიყვანეს ერთი წლით. მნიშვნელოვანი როლები არ გვქონია, მაგრამ პატარა როლებით და მასობრივ სცენებში მონაწილეობით ვალამაზებდით თეატრს, საახალწლო სპექტაკლებზე გამოვდიოდით. ერთ წელზე ნაკლებ დროში გაგვიფორმეს კონტრაქტები და დაგვინიშნეს მინიმალური ხელფასი. ეს ძალიან ბედნიერი წუთი იყო.
ერთ მშვენიერ დღეს დამირეკეს და მითხრეს, ლაშა თაბუკაშვილის პიესაში “სადღაც ცისარტყელის მიღმა”, სადაც ია სუხიტაშვილი თამაშობდა მთავარ როლს, უნდა შევსულიყავი მის მაგივრად, რადგან მას ფეხი ჰქონდა ნატკენი და ვერ ახერხებდა თამაშს. ეს იყო სრული შოკი! პრემიერამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი, სპექტაკლი სამ საათს გრძელდებოდა. იას გმირი მუდმივად სცენაზე იდგა, ტექსტიც ძალიან დიდი იყო.
ერთ დღეში მოვახერხე სრული ტექსტის სწავლა, სამ დღეში დავიმახსოვრე სპექტაკლი და პრემიერა უშეცდომოდ ვითამაშე. თეატრში არის ასეთი პრაქტიკა, ექსტრემალურ სიტუაციაში გათამაშებენ როლს, შემდეგ გეტყვიან, დიდი მადლობა, კარგად ითამაშე, დაგვეხმარე, სპექტაკლი გადაარჩინეო და აქ მთავრდება შენი მონაწილეობა.
სპექტაკლიდან რამდენიმე დღეში რეკავს ტელეფონი, ვიღებ, რობიკო ვარ, შენ ძალიან კარგი გოგო ხარო. არ დავიჯერე, რომ მართლა ის მირეკავდა, მეგონა, ვიღაც მეხუმრებოდა. ვუთხარი, კარგი რა, გამოტყდი, რომელი ხარ-მეთქი. მართლა რობიკო ვარ, გადავწყვიტე, ამ როლზე დაგტოვო, ორივე ითამაშებთ, ხან ია, ხან შენო.
იცით, ეს როგორი მომენტი იყო? ღმერთმა რომ დაგირეკოს და გითხრას, გამარჯობა, მე ღმერთი ვარო. ამით მივხვდით მეც და სხვებიც, რომ სერიოზული როლის გაკეთება შემიძლია.
– როგორია ახალგაზრდა მსახიობის თვალით დანახული დიდი რეჟისორი?
– ბატონი რობერტი ყოველთვის ამბობს, მე აქ იმისთვის არ ვარ, რომ შენ რამე გასწავლო, ამისთვის გქონდა დრო თეატრალურ უნივერსიტეტშიო. სინამდვილეშიც ასეა, ის არ არის მასწავლებელი, ის არის ოსტატი, რომელიც გარდაგქმნის მენტალურად და ფიზიკურადაც კი.
ბევრჯერ მიფიქრია, მასში იმდენად დიდი მისტიციზმია, გურჯიევს მაგონებს. მას შენი ფიქრების წაკითხვაც შეუძლია, ისეთ მომენტში დაგარტყამს და გამოგაფხიზლებს, სულ რომ არ ელოდები. ეს მტკივნეულიც არის, ზოგჯერ საშიშიც. გაქვს არჩევანი, ან შეჰყვე სიღრმეებში და აიტანო მისეული სტრატეგია სწავლებისა, ან გაიქცე თეატრიდან.
მეც მიტირია, ვერ მივხვედრილვარ, რა დავაშავე, მე ხომ მუდამ ვცდილობ, ძალიან კარგი გოგო ვიყო. გვიან დავასკვენი, რომ ზუსტად ამას ანგრევს. რას ნიშნავს, იყო ძალიან კარგი გოგო, შენ თუ მსახიობი ხარ, ყველაფრის გამოხატვა უნდა შეგეძლოს. გეუბნება, დამანახე, როგორ გტკივა, როგორ გიყვარს, როგორ გძულს, როგორ ტირი, როგორ იბრძვი თვითგადარჩენისთვის, როგორ იტან შეურაცხყოფას, რა შეგიძლია სინამდვილეში, არავის სჭირდება შენი კარგი გოგოობა, შენი დავარცხნილი გარეგნობაო. მას უნდა, ასეთი დარტყმებით მიიღოს ის, რაც სჭირდება.
ბატონ რობერტთან ვერ იქნები ვერც წარსულში და ვერც მომავალში, მასთან უნდა იყო აწმყოში, მაშინაც კი, როცა შენი სცენა არ არის. ამ კავშირის გაწყვეტა არ შეიძლება. პარტერში ვმჯდარვარ, თავად რეპეტიციას ატარებდა და, წესით, მე არ უნდა შევენიშნე, მაგრამ ისეთ რამეს ამბობდა, რაც მე მეხებოდა, მე უნდა გამეგო. მერე გაიცინებდა და იტყოდა: “შენ გგონია, მე ვერ ვგრძნობ, რომ აქ ხარ?”
ზოგჯერ ანდაზებით, ანეკდოტებით, ფილმის მონაკვეთით, წელიწადის დროების ხსენებით გეუბნება თავის სათქმელს, ამიტომ, პირველ რიგში, მისი ენა უნდა ისწავლო. შეიძლება თქვას – შველი და შენ უნდა იყო შველივით ნაზი, ყელმოღერებული. ხანდახან ბრაზდება და ამბობს, არაფერი თქვენ არ იცითო. როგორ არ ვიცით, მაგრამ იმდენი არ ვიცით, რაც მან. უამრავი წელი გვჭირდება, მას რომ მივუახლოვდეთ.
– სატელევიზიო ეკრანზე გამოჩენას სწრაფი პოპულარობის მოტანა შეუძლია. როგორი იყო პოპულარობის ხიბლი შოუს “ცეკვავენ ვარსკვლავები” შემდეგ და რამდენად ობიექტური იყო ჟიური?
– მე თეატრის მსახიობი ვარ და გულითაც რომ მნდომოდა მსგავს პროექტში მონაწილეობა, თუ სპექტაკლებში აქტიურად ვიქნებოდი დაკავებული, უარს ვიტყოდი. გამიმართლა პანდემიის გამო და დავთანხმდი ამ გამოწვევას.
ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, მიყვარს ბრძოლაში ბოლომდე ყოფნა და მართლაც არ დამიზოგავს თავი. მოკლე დროში გვიხდებოდა ნომრის მომზადება. ძირითად საკითხებს დამდგმელი პედაგოგები წყვეტდნენ, ისინი ირჩევდნენ მუსიკას, ცეკვას, კოსტიუმს და ჩვენ მათ მივყვებოდით. საკმაოდ ბევრი ტური გადავლახე, თუმცა გამარჯვებული წყვილი ნამდვილად უკონკურენტო იყო. ვამბობდი კიდეც ხუმრობით, სალომე ფაჟავა უცხოპლანეტელია, ჩვენ – ჩვეულებრივი დედამიწელები, როგორ შეიძლება მათ შევეჯიბროთ-მეთქი.
ჟიურის რაც შეეხება, ნამდვილად ობიექტური იყო. გოჩა ჩერტკოევი უდიდესი ოსტატია ამ სფეროში, ძირითადად მართებულ შენიშვნებს მაძლევდა. თუმცა ზოგჯერ მისი შენიშვნა ჩემი მისამართით ზუსტი არ იყო, რადგან ჩემ უკან ჩემს ცეკვაზე პასუხისმგებელი ბევრი ადამიანი იდგა. საბოლოო ჯამში, ამ პროექტმა მართლაც დიდი ცნობადობა და წარმატება მომიტანა. ქუჩაში მხვდებიან ადამიანები, მცნობენ, მეფერებიან და ეს ძალიან სასიამოვნოა.
– როგორია ენერგიული, ცეცხლოვანი, მშვენიერი ახალგაზრდა მსახიობი ქალის პირადი ცხოვრება?
– ვცხოვრობ ბებოსთან ერთად და ვზრდით 7 წლის უცელქეს ალექსანდრე კიკნაძეს, რომელიც ამ პროექტში მონაწილეობის დროს ცოტათი უყურადღებოდ დამრჩა, ამიტომ გაათკაცებული ძალით ვმეცადინეობთ სასკოლო საგნებში, მუსიკაში, ჩოგბურთში.
ნებისმიერი თავისუფალი დრო მხოლოდ ჩემი შვილისთვის მინდა. ჩემი 30 წლის ასაკის მიუხედავად, თავადაც ბავშვური ვარ. ალექსანდრესთან ერთად ვდგავარ გორგოლაჭებზე, ორი ჰოვერბორდი გვაქვს, ორი ველოსიპედი, ერთმანეთს ვეჯიბრებით. ბედნიერები ვიყავით, როცა ლოქდაუნის დროს მანქანების მიმოსვლა აიკრძალა, ველოსიპედებით მოვიარეთ ქალაქი. თავად მოპედს ვატარებ, ალექსანდრესაც მოვისვამ და დავქრივართ.
ჩართული ვარ ყველა მის თამაშში. მიყვარს მუზეუმები, თანამედროვე ხელოვნების გამოფენები და შვილიც ყველგან დამყავს. შეიძლება ვერ აღიქვამს, რასაც უყურებს, მაგრამ სწავლობს მუზეუმებში ქცევის წესებს. ბევრჯერ უარი მითქვამს ჩემთვის სასურველი სამოსის ყიდვაზე და ის თანხა ჩემი შვილისთვის დღესასწაულის მოწყობაში დამიხარჯავს.
მე და ჩემი მეუღლე ადრეულ ასაკში შევუღლდით და თითქმის ერთად გავიზარდეთ. შემდეგ დადგა დრო, როცა ჩვენი გრძნობები დამთავრდა. ის დარჩა მნიშვნელოვან ადამიანად ჩემს ცხოვრებაში, რადგან ზუსტად იქ გავწყვიტეთ ურთიერთობა, როცა ერთმანეთის პატივისცემა გვქონდა. სხვანაირად ისიც განადგურდებოდა და მეც.
ორივენი უდიდეს ყურადღებას ვაქცევთ ჩვენს შვილს და პირადი მაგალითებით ვცდილობთ, აღვზარდოთ სრულფასოვან პიროვნებად. ყველა გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ. ალექსანდრეს საუკეთესო მამიკო ჰყავს – დავით კიკნაძე.
– პირადმა გამოცდილებამ სიყვარულსა და ქორწინებაზე რა შეხედულება ჩამოგიყალიბათ?
– ქალისა და კაცის სიყვარული არის ფაქიზი. ურთიერთობა დიდი ხელოვნებაა, ოჯახს მოფრთხილება, პატივისცემა სჭირდება, ამას მოგვიანებით მივხვდი. პანდემიის დროს ბევრი რამ შეიცვალა სამყაროში და ჩვენს აზროვნებაშიც. გავაცნობიერე, რომ ცხოვრება ხანმოკლეა, ყოველი დღის გათენება უნდა დააფასო, გაიხარო, სტრესებს არ აჰყვე, დრო კი არ მოკლა, არამედ ნაყოფიერად გამოიყენო.
ცხოვრება მშვენიერია. მჯერა, რომ დიდი, მღელვარე, აფეთქებული, ჭეშმარიტი გრძნობა აუცილებლად შემოიჭრება ჩემს არსებაში და თავის ალში გამახვევს. მზად ვარ, ამ გრძნობას ღირსეულად ვუმასპინძლო, ვუერთგულო და ვუმეგზურო მთელი ცხოვრების მანძილზე.