გუშინ, სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა, ვატიკანში, „სიქსტეს კაპელაში“ ქართული საგალობლები შეასრულა.
ამ ისტორიულ ფაქტს, ფილოლოგიის დოქტორი, კერძო სკოლა „ლოგოსის“ დამფუძნებელი გია მურღულია და რეჟისორი ლანა ღორობერიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება:
გოეთეს სიტყვებია:
“ვისაც სიქსტეს კაპელა არ უნახავს, ის ვერასდროს გაიგებს, რის გაკეთება შეუძლია ერთ ადამიანს”.
მართალია! – და მიქელანჯელომ ეს დაიმსახურა.
კიდევ ერთი რამ არის მართალი:
ვისაც ქართული საგალობლები არ მოუსმენია, ის, რამდენიმე სხვა შემთხვევასთან ერთად, ძნელად თუ გაიგებს, რა შეუძლია მთელ ერს.
გუშინ საქართველომ ევროპასა და მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ უჩვენა, როგორ იქმნება ბგერისგან სიყვარულიც და ღირსებაც.
ამ დღეს „სიქსტეს კაპელაში“ ერთდროულად მღეროდა ჩვენი სამშობლოს წარსული, აწმყო და მომავალი.
ამ სიტყვებში პათეტიკის მისხალსაც კი არ ვგულისხმობ – ეს გონიერი, რაციონალური, იმედიანი და საკუთარ თავში დარწმუნებული საქართველოს ფიქრი და განწყობაა.
ჯერ საკუთარ თავში იმარჯვებ და შემდეგ – მის გარეთ!“ – წერს მურღულია.
„ჩვენი საგალობლები სიქსტეს კაპელაში, მიქელანჯელოს ერთმანეთისკენ გაწვდილი და თითქმის შეერთებული ორი ხელის ფონზე – ყველაზე უტყუარი, ნაღდი, ერის ნამღერი გზავნილი: ჩვენი გამოწვდილი ხელი თქვენკენ თქვენი ხელის მოლოდინში!
იმავე განცდის გამომხატველია, რუსთაველზე შეკრებილი ზღვა ხალხი, რადგანაც იქ მდგომი ყოველი ადამიანის სულშიც ის საგალობელი ჟღერს!
ჩვენ ვიცით, რას გვაზიარებთ თქვენ, როცა ეს ორი ხელი შეერთდება – თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, კეთილდღეობას, ღირსეულ და უსაფრთხო არსებობას მეგობრებთან ერთად.
მაგრამ მე მინდა ამაყად ვთქვა: არც ჩვენ მოვდივართ თქვენთან ცარიელი ხელებით: მოუსმინეთ სიქსტეს კაპელაში ნამღერ, ერის ტანჯვით და სისხლით განბანილ ბგერებს და უსათუოდ იგრძნობთ:
მათში მთელი ჩვენი თვითმყოფადი, მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული კულტურა ირეკლება! თავისი რუსთაველით და გალაკტიონით, ჯვრით და სვეტიცხოველით, ყინწვისის ანგელოზით და ფიროსმანით, თავისი თეატრით და კინოთი…
იმ გაწვდილი ხელით, ჩვენ მოგვაქვს თქვენთან ეს ყველაფერი იმისათვის, რომ მდიდარ, მრავალფეროვან ევროპულ კულტურას, კიდევ ერთი ფერი შეემატოს.
მოუსმინეთ სიქსტეს კაპელაში აჟღერებულ ერთი პატარა, უნათესავო, საუკუნეთა მანძილზე მარტოობისთვის განწირული ერის სიმღერა – ვედრებას!
დაინახეთ რუსთაველზე შეკრებილი სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციის, აღმსარებლობის, ეთნიკური წარმომავლობის უამრავი ადამიანი, სიმბოლურად ევროპისკენ გაწვდილი ხელით!
და გულით იგრძენით, რომ ეს ხელები უნდა შეერთდეს! (სხვა დანარჩენი დეტალებია: ევროკომისიის მიერ დაწესებული ვალდებულებების შესრულება, ხელისუფლებათა აუცილებელი ცვლა, დემოკრატიული რეფორმები და ა.შ.)“ – წერს ლანა ღოღობერიძე.