“სანი 6 თვის იყო, როცა გიტარაზე დაუკრა”

420

მსახიობისა და მუსიკოსის, ანდრია გველესიანის მუსიკალურ შემოქმედებაში არაერთი სასიამოვნო სიახლეა – როგორც დამოუკიდებლად, ასევე თავის ბენდთან ერთად აქტიურად განაგრძობს მუშაობას და მსმენელისგანაც დამსახურებულ პოზიტივს იღებს. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ ანდრიამ მანანა ბაქრაძის საავტორო პროექტში მიიღო მონაწილეობა, რომლის შესახებაც თავად გიამბობთ.

ანდრია გველესიანი: ჩემი ახალი ვიდეორგოლი, რომლის პრეზენტაციაც კინოთეატრ „ამირანში“ შედგა, იმ ძალიან საინტერესო პროექტის ნაწილია, რომელიც ქალბატონ მანანა ბაქრაძეს და მარინა სალუქვაძეს ეკუთვნით. სიმღერის ავტორი ქალბატონი მანანა გახლავთ, რომელსაც ამ ასაკში ეწვია მუზა და დაიწყო სიმღერების წერა – როგორც უცხოურის, ასევე ქართულის. თავად ინგლისური ენის სპეციალსიტი გახლავთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მან ყველა სიმღერა გარდაცვლილ მეუღლეს, პროფესორ რამაზ ჭილაიას მიუძღვნა. შესაბამისად, ჩემთვის ძალიან სათუთი პროექტი იყო. ერთ-ერთ შემსრულებლად ზაზა მარჯანიშვილმა და მარინა სალუქვაძემ ამარჩიეს და საბოლოო ჯამში, პოზიტივით სავსე სიმღერა გამოვიდა, თავისი ვიდეორგოლითურთ. არანჟირების ავტორია ზაზა მარჯანიშვილი, ვიდეოსი – მარინა სალუქვაძე.

– როგორც თავად აღნიშნე, ქალბატონმა მანანამ ახლახან დაიწყო სიმღერების წერა და შენთვის, როგორც ცნობილი მომღერლისა და მუსიკოსისთვის, ამ პროექტში მონაწილეობა ერთგვარი რისკი ხომ არ იყო?

– ყველაზე მეტად ზაზა მარჯანიშვილსა და მარინა სალუქვაძეს ვენდობი, რადგან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. ჩემთვის ძალიან საყვარელი ოჯახია, მით უმეტეს, მუსიკალური კუთხით. ჩვენ ერთად არაერთი მუსიკალური პროდუქტი შეგვიქმნია და როცა ამის საჭიროებაა, ყოველთვის მათ გვერდით ვარ. თავადაც ანალოგიური დამოკიდებულება აქვთ ჩემ მიმართ. როცა დამირეკეს და მონაწილეობა შემომთავაზეს, ვიცოდი, ჩემს თავს რაღაც საინტერესო ხდებოდა. ყველაზე მეტად თვითონ ისტორიამ დამაინტერესა და ბევრი არც მიფიქრია მიმეღო თუ არა მონაწილეობა. ჩემთვის ეს ვიდეორგოლი არის აღნიშნული პროექტის ნაწილი და არა ცალსახად ჩემი, რადგან დამოუკიდებლად ვმუშაობ საკუთარ პროექტებზე. ზოგადად, ვიკავებ ხოლმე თავს სხვა ავტორთან თანამშრომლობისგან, მით უმეტეს, მაშინ, როცა სიმღერა შინაგანად არ არის ჩემთან ახლოს. ეს იყო შემთხვევა, როცა ამ მხრივ, გადავდგი ნაბიჯი და ვფიქრობ, საკმაოდ კარგი გამოვიდა.

– ბოლო პერიოდში „ანდრია და ბენდი“ ძალიან პოპულარული გახდა, რა ხდება საკუთარ მუსიკალურ შემოქმედებაში?

– სანამ ოფიციალური ბენდი შედგებოდა, როცა მჭირდებოდა, მაშინ ვიწვევდი ხოლმე მუსიკოსებს. ბოლოს ისე ჩამოყალიბდა, რომ გასული წლიდან მოყოლებული, სტაბილურად გვიწვედა ბენდის კონცერტების გამართვა და ამან ჩაუყარა საფუძველი ჩვენს ბენდს. ბიჭები, რომლებიც სულ გვერდით მყავდა, შევკრიბე და გავაკეთეთ კარგი რეპერტუარი, რომელზეც თამამად ვიტყვი, რომ ყველა მსმენელზეა მორგებული. ცოტა ხნის წინ ოთარ რამიშვილის სიმღერა „შენ შორსა ხარ“ გავაკეთე ბენდთან ერთად და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ბატონი ოთარის შვილის, მიშიკო რამიშვილის დადებითი შეფასება. ოთარ რამიშვილის მუსიკაზე გავიზარდე, ბაბუას ძალიან კარგი მეგობარი და ჩვენი ოჯახის უახლოესი ადამიანი იყო, შესაბამისად, ეს ყოველივე ორმაგად საპასუხისმგებლო იყო ჩემთვის.

– მაიკოსთან ერთად ახალ დუეტს ხომ არ გეგმავ?

– ძალიან რთულია ეს ამბავი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ბოლო სიმღერა – „ჩვენ“, შეიძლება ითქვას, გაჰიტდა. ყოველთვის რთულია იმ სიმღერის შემდეგ, რომელიც საზოგადოებას მოსწონს, მსმენელს მასზე ბევრად უკეთესი შესთავაზო. ამიტომ ჯერ მზადების პროცესში ვარ.

– მთელი ოჯახი მღერით, სანიც ჩართულია ამ ამბებში?

– სანი ცდილობს, თუმცა სიმღერაზე ადრე გიტარაზე დაკვრა დაიწყო. 6 თვის იყო, როცა გიტარაზე დაუკრა. ალბათ, ამას ვინც წაიკითხავს, ნაკლებად დაიჯერებს, მაგრამ ვიდეოებიც მაქვს გადაღებული. გიტარა მეჭირა და სანი კალთაში მეჯდა, მარჯვენა ხელით ძალიან ჩვეულებრივად უკრავდა (იცინის). ერთი დანახვით შეუძლია გამეორება, ამის ნიჭი აქვს. ახალ წელს ვაჩუქე უკულელე და ხშირად უკრავს ხოლმე თამაშით. მართალია ჯერ სწორ აკორდებს ვერ იღებს, მაგრამ დაკვრას ცდილობს.

– როგორ ჩაიარა სანის ერთი წლის იუბილემ?

– სანის დაბადების დღეს რთული გრაფიკი გვქონდა და მეშინოდა, შეიძლება, ისე არ ყოფილიყო ყველაფერი, როგორც გვინდოდა, თუმცა ძალიან დასამახსოვრებელი დღე გამოვიდა. 26 მაისს, დამოუკიდებელობის დღეს არის დაბადებული და შეგრძნება მაქვს ხოლმე, თითქოს ალექსანდრეს დაბადების დღესაც დიდი ზარ-ზეიმით ხვდება ყველა. დილით მამიდაჩემის ხელით გაკეთებული ტორტი ჩააქრო, ეს იყო მისი პირველი დაბადების დღის ტორტი და შემდეგ გავემგზავრეთ ბაკურიანში, სადაც კონცერტი გვქონდა დაგეგმილი. იქაც დაგვახვედრეს ბუშტებით, ფოტოებით მორთული ოთახი, ტორტი. მერე იყო საჩუქრების გახსნა და მოკლედ, ლამაზი და დასამახსოვრებელი დღე გამოვიდა. იმედია, რომ გაიზრდება და ვიდეოებს და ფოტოებს ნახავს, თვითონაც მოეწონება.

– როგორი იყო ეს ერთი წელი შენთვის და მაიკოსთვის?

– ყველაზე მნიშვნელოვანი წელი იყო. ამბობენ ხოლმე, დრო მიფრინავსო და მართლაც ასეა. ძალიან სწრაფად გავიდა ეს ერთი წელი. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გუშინ დაიბადა. უფრო მეტი მოტივაცია მქონდა, რომ ჩემი საქმე მეკეთებინა. დღემდე მძაფრად აღვიქვამ სახლიდან გასვლას, მინდა, თითოეული წამი მასთან ერთად გავატარო და მისი პატარაობის პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენო. ბატონ რეზო ჩხიკვიშვილს ვესაუბრებოდი ამ თემაზე და მან მითხრა: ვიდრე გაფერებინებს, მოეფერეო (იცინის). ყველანაირად ვცდილობ, თავისუფალი დრო ალექსანდრესთან ერთად ვიყო. ვფიქრობ, მისთვის არანაირი ყურადღება არ მოგვიკლია და მოკლედ რომ ვთქვა, ეს ერთი წელი ყველამ ერთად პოზიტიურად გავატარეთ.

– როგორ ფიქრობ, შვილმა თქვენ შორის ურთიერთობა გაამყარა?

– ბავშვი ყველაზე მეტად ამყარებს ურთიერთობას. ბავშვამდე არის რაღაც დეტალები, რომელზედაც ნერვიულობ და სხვანაირად აღიქვამ. შვილის დაბადების მერე, უაზრო სანერვიულო ამბები გვერდზე იწევს და ოჯახზე ხდები ორიენტირებული. ჩვენს შემთხვევაშიც ასეა. ჩემთვის ეს არის ეტაპი, რომელიც ძალიან კარგ დროს მოვიდა და ჩვენც მომზადებულები დავხვდით. ამ ყოველივეს კარგად ვართმევთ თავს და შემიძლია, ვთქვა, რომ სანიმ ჩვენი ურთიერთობა უფრო გაამყარა.