“არ მინდა, ამერიკაში ცხოვრების მძიმე დეტალები გავიხსენო”

343

მომღერალი ნინი წიკლაური ამერიკიდან 6 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა საქართველოში. თბილისში მას მეგობრების გარდა დედა და ბებია ელოდებოდნენ. მათთან შეხვედრას მომღერალი ყოველღამე სიზმარში ხედავდა. ნიუ იორკში ნინი ქმართან, თემო ტუღუშთან ერთად ცხოვრობს. მათ ორი ბიჭუნა ჰყავთ. ნინი ამერიკაში ორსული ჩავიდა, 6 წლის შემდეგ კი მშობლიური ქალაქს ორი შვილით დაუბრუნდა. ნინიმ თავისი ემოციები, პირველ რიგში, ,,სარკის” მკითხველს გაუზიარა:

-თბილისში რომ თვითმფრინავი ეშვებოდა, ისე ამიჩქარდა გული, რომ ლამის ცუდად გავხდი. ბევრი ქართველისგან წინასწარ ვიყავი მომზადებული, რა ემოციები მელოდებოდა, მაგრამ რეალობა გაცილებით მძაფრი აღმოჩნდა.

– ყველა ემიგრანტს საკუთარი ისტორია და გამოცდილება აქვს. თქვენ რა ეტაპები გაიარეთ?

-მე და ჩემმა მეუღლემ ძალიან რთული გზა გავიარეთ. როგორც იტყვიან, წყალდიდობისას ქვიშას რომ ებღაუჭები და გადარჩები, ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც.ამერიკაში ორსული წავედი, მეუღლე მოგვიანებით ჩამოვიდა და ასე სპონტანურად დავბანაკდით. დღემდე ვცხოვრობთ ნიუ იორკის ნორმალურ უბანში ქირით.

ცხოვრების ნულიდან დაწყება უცხო ქვეყანაში წარმოუდგენლად რთულია. ერთი წუთი წარმოიდგინეთ, სრულიად უცხო ქვეყანაში. არ მინდა, ამერიკაში ცხოვრების ის მძიმე დეტალები გავიხსენო, რომლებიც თავიდან მქონდა. ფაქტია, რომ ეკლიან გზაზე აბსოლუტურად გამოუცდელმა ადამიანებმა ვიარეთ. დღეს აქეთ შემიძლია, ადამიანებს დავეხმარო. სწორედ ეს არის ამერიკის შესაძლებლობა, რომ თუ რამდენიმე წლის წინ ცენტებს ითვლიდი, დღეს შეიძლება წელგამართულმა იარო.

არსებობენ ორი ტიპის ადმიანები. ისინი, რომლებიც ამერიკაში ჩასვლისას ძალიან ადვილად ხდებიან ამერიკელები და არსებობენ ადამიანები, ვისაც იქაური ქუდის დახურვა არ შეუძლიათ. მე არ აღმოვჩნდი ისეთი ძლიერი, რომ  უცებ გავმხდარიყავი იქაური. მშურს იმ ადამიანების, რომლებიც მეორე დღესვე გადაეწყობიან ხოლმე ამერიკულ ცხოვრებაზე.