მსახიობი ცუცა კაპანაძე ამერიკაში კი ცხოვრობს, მაგრამ ოკეანის გადმოღმა დარჩენილი სამშობლო ერთი წუთითაც არ ავიწყდება და არც მასთან კავშირს წყვეტს. ნიუ იორკში ქართული კულტურის ცენტრში მუშაობს და უცხოეთის ცის ქვეშ დაბადებულ ქართველ ბავშვებს მშობლიური ქვეყნის ხელოვნებას, ქართულ სიტყვას აყვარებს.
– მამუკა ღლონტმა გააზიარა კლიპი “მერვეკლასელო”. თურმე 30 წელი გასულა. ოთხმოცდაათიანების ჰიტი – ცუცა თეთრი წინსაფრითა და უზარმაზრი ბაფთით – სოციალურ ქსელებში ხელახლა დატრიალდა და ბევრი თბილი კომენტარიც ახლდა. როგორ შეიქმნა ეს კლიპი?
– ეს სიმღერა მამუკამ იპოვა, ქუთაისელი მომღერალი ასრულებდა. წარმოიდგინეთ, ასეთი მუსიკალური ნაწარმოებების პაროდია გვინდოდა, მაგრამ პაროდია კი არა, ჰიტი გავხადეთ. ერთმა მეათეკლასელმა გოგონამ გვათხოვა წინსაფარი, რომელსაც ავტოგრაფები ეწერა და მერე ჩვენი ავტოგრაფებიც მივუმატეთ. ვეხუმრებოდი, ეს წინსაფარი კარგად შეინახე, მოვა დრო და შეიძლება მილიონად გაიყიდოს-მეთქი.
კლიპში არის ეპიზოდი – ალეკო თეთრაშვილს სახეში სილას რომ ვარტყამ. ღლონტი მეუბნებოდა, ძალიან არ დაარტყა, ჩვენს ხმას დავადებთო. იმიტაცია არ გამომივიდა, სამჯერ მოგვიწია გალაწუნების გადაღება და სამჯერვე კარგად შემოვცხე. ამის მერე სულ ეხვეწებოდა მამუკას, ერთი ისეთი რამე გადაიღე, მეც დავარტყა ცუცასო. მამუკა უარზე იყო, შენ რომ დაარტყა, მოკლავო.
მერე კი ისე მოხდა, რომ მამუკამ გადაიღო “ოჯახი”, სადაც ისევ ალეკოს ვურტყამ პანჩურებს. სულ გადაირია ალეკო, ეს გოგო რაღაცას დამმართებსო. ბოლო სცენა ასეთი იყო: მე და ალეკო გავდიოდით რინგზე, ალეკოს უნდა მოერტყა და მე უნდა “მოვმკვდარიყავი”. წარმოგიდგენიათ?! მან ვერ მოზომა და ისეთი მომდო, მართლა გავითიშე.
ალეკოს ეგონა, რომ ვთამაშობდი. გადამიწია თავი, გადმომიწია და მე არ ვინძრეოდი. ბოლოს რომ მიხვდა, უგონოდ ვიყავი, ისე შეეშინდა, აღრიალდა: “ცუცა, ცუცა, მაპატიე! მიყვარხარ, ცუცა!”. ალეკოს ტირილმა გამომაფხიზლა. საწყალი, ისეთი შეშინებული იყო.
– საქართველოში უამრავი იუმორისტული გადაცემა შეიქმნა და ალბათ თქვენც ადევნებთ თვალს. როგორ შეაფასებდით მათ?
– პოლიტიკური, სოციალური, კულტურული საკითხები რაც იყო, ყველაფერს ვეხებოდით, მაგრამ პიროვნული შეურაცხყოფა არავისთვის მიგვიყენებია. ჩვენ არ შეგვხებია ცენზურა, არც ტელევიზიის ხელმძღვანელობის და არც შევარდნაძის მხრიდან. ჩვენ არასდროს გვქონია წელქვემოთ იუმორი. ახლა რაც არის, ამდენი გინება… არავინ მიწყინოს, მაგრამ იუმორისტულ გადაცემებს ვერ დავარქმევ იმას, რაც ქართულ არხებზე გადის, მათ შორის – ვერც სერიალებს. ჩარჩო და დოზა ყველაფრისთვის არის საჭირო.
ჩემთვის ეს არ არის თავისუფლება. ამერიკაში ყველამ ვიცით, რომ ბილწსიტყვაობის გამო პრეზიდენტებსაც კი ბოდიშს ახდევინებენ. როდის დავამსხვრიეთ ქართველებმა არმაზის კერპი, მაგრამ ისევ კერპთაყვანისმცემლები ვართ. არ შეიძლება, რომ პოლიტიკოსები საქმის მიხედვით შევაფასოთ და სიყვარულით მხოლოდ ქვეყანა გვიყვარდეს?!